1-ელ ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოწამეების - ბიძინა ჩოლოყაშვილისა და ქსნის ერისთავების - ელიზბარისა და შალვას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდანის ხსენების დღეს ახმეტის რაიონში დღესასწაული იმართება. ბახტრიონის აჯანყების მეთაური ბიძინა ჩოლოყაშვილი ახმეტის მკვიდრი იყო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიამ ბიძინა ჩოლოყაშვილი წმინდანად შერაცხა.
ბიძინა ჩოლოყაშვილი კახეთის 1659 წლის სახალხო აჯანყების ერთ-ერთი მეთაური იყო.აჯანყებულები ფარულად ბახტრიონის ციხეში დაბანაკებულ თათრებს მიუხდნენ. იმავე დღეს კი, 1659 წლის ალავერდობის დღესასწაულზე - ალავერდში მყოფ ყიზილბაშებს, გაანადგურეს ისინი და არდალანის სულთანმა სელიმ-ხანმა გაქცევით უშველა თავს.
განრისხებულმა შაჰ-აბასმა ქართლის მეფეს, შაჰ-ნავაზად წოდებულ ვახტანგს, ბიძინა ჩოლოყაშვილის, ელიზბარისა და შალვა ქსნის ერისთავების მასთან გაგზავნა მოსთხოვა. შაჰ-აბასი მათგან სარწმუნოების გამოცვლას ითხოვდა. უარის მიღების შემდეგ ისინი სასტიკად აწამა. ჯერ ქსნის ერისთავებს მოკვეთეს თავები. წმ. ბიძინა ჩოლოყაშვილი კი ჯალათებმა ცოცხლად აკუწეს. მას თანდათან ანაკუწებდნენ და ბოლოს დაჩეხილ ტანზე თავიღა დარჩა უვნებელი. ბაგეების მოძრაობით ჩანდა, რომ გული ჯერ კიდევ ფეთქავდა და წმიდანი ლოცულობდა. მაშინ ჯალათმა გულში შუბი უგმირა.
წმიდა მოწამეთა გვამებს ღამით ნათელი დაადგა. ქრისტიანებმა ფარულად დაკრძალეს წმიდანთა ნეშტი.
მოგვიანებით, შალვას მეუღლემ, ქეთევანმა და მისმა ძემ, დავითმა წმიდანთა ნეშტი სამშობლოში გადმოასვენებინეს. კახეთის მხსნელი გმირები პატივით და დიდებით იკორთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.