"ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერეში მანანა კობახიძე, მის რაიონში საარჩევნო პროცესის ჩაშლის საფრთხეზე საუბრობს. როგორც მანანა კობახიძემ განაცხადა დღეს საღამოს პროცესის დარღვევისა და გაყალბების მცდელობის ორი მიმართულება გამოიკვეთა. მისი თქმით, თითქმის ყველა სოფელში ბიულეტენები არასაკმარისი რაოდენობით მიიტანეს და ყველა უბანზე დანაკლისი საშუალოდ 50-დან 70 ბიულეტენამდეა.
გარდა ამისა, მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით ბეჭდები, რომლებითაც ბიულეტენები უნდა დამოწმდეს, სოფლებში არასწორად არის განაწილებული. მისი თქმით, უკვე დადასტურდა ხუთი ფაქტი, როდესაც სხვადასხვა დასახელების სოფლების ბეჭდები სხვა სოფლებში აღმოჩნდა და არსებობს ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ამგვარი შემთხვევები სხვა სოფლებშიც მოხდა.
როგორც მანანა კობახიძე აცხადებს, დღეს, საღამოს 20:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ბეჭდების მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმდა და დასტურდებოდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, ბეჭდების შეცდომით განაწილების შესახებ კი ცნობილი მხოლოდ ერთი საათის წინ გახდა, რაც კიდევ დამატებით ეჭვებს ბადებს. მისი თქმით, სრულიად რეალურია საფრთხე, რომ შეცდომით განაწილებული ბეჭდები უბნებიდან გაიტანონ და ყალბი ბიულეტენების დასამოწმებლად გამოიყენონ.
მანანა კობახიძე მოითხოვს, რომ დილის 07:00 საათამდე ყველა სოფელში ბეჭდები სწორად გადანაწილდეს, ხოლო რაც შეცდომით განაწილდა, განადგურდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, შესაძლოა საარჩევნო პროცესი ჩაიშალოს. ამასთან, როგორც “ქართული ოცნების” წარმომადგენელი აცხადებს, ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ საჩხერეში “ქართულ ოცნებას” მოსახლეობის უმეტესობა უჭერს მხარს და სწორედ ამიტომ საარჩევნო პროცესის ჩაშლა “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებში შედის.