გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში წყლით სავსე ქვევრში 10 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს . ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "მე-9 არხის" ავრცელებს. ექიმების თქმით, 10 თვის ბარბარე რაფაიანცი სავარაუდოდ ნახევარი საათის წინ დაიხრჩო.
ახალშობილი, რომელიც მშობლებთან ერთად დეიდას სტუმრობდა, დაახლოებით ერთი საათის წინ გაუჩინარდა. არსებული ცნობით, 10 თვის ბარბარე რაფაიანცი მშობლებმა საძინებელში დაძინებული დატოვეს, თავად კი სამზარეულოში სავახშმოდ გავიდნენ, თუმცა, უკან დაბრუნებულებს ჩვილი ადგილზე აღარ დახვდათ. დაახლოებით ერთსაათიანი ძებნის შემდეგ გოგონა ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს.
"მეცხრე არხის" ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, გარდაცვლილი ჩვილის მშობლები, ახლობლები და სოფლის მოსახლეობა მომხდარის გამო მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვენ.
ჩვილის ახლობლები მომხდარს პოლიტიკური მოტივით ხსნიან. დაღუპულის დეიდა "ქართული ოცნების" აქტივისტი და არჩევნებზე დამკვირვებელია. "მე-9 არხის" ცნობით, მას სისტემატურად საკუთარი შვილების გატაცებით ემუქრებოდნენ და რადგან ეს ვერ შეძლეს, ჯავრი მის დისშვილზე იყარეს. "ნაციონალებმა" მას 3 ათასი ლარის სანაცვლოდ, მათ მხარეზე გადასვლა არაერთხელ შესთავაზეს, ამასთან, საკუთარი შვილების გატაცებით ემუქრებოდნენ, რის გამოც იძულებული გახდა, ბავშვები სოფლიდან გაეყვანა".