კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში გადაცემა „აქცენტებში“ სტუმრობისას განაცხადა.
„ძალიან მძიმე 10 დღე გადაიტანა ჩვენმა ამომრჩეველმა და თითქმის ყველამ ვინც მერყეობდა მიიღო მორალური გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ თვალნათლივ ვნახეთ გუშინ, როცა მილიონი ქართველი გამოვიდა ქუჩაში და მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“.
გარდაუვალობა კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების ძალიან კარგად არის უკვე გამჯდარი ხალხში. უბრალოდ მართლა მნიშვნელოვანია ყველა გამოვიდეთ არჩევნებზე და ყველა უკლებლივ გავხდეთ თანამონაწილე ჩვენი მომავლის შექმნის.
დავეთანხმები სააკაშვილს, რომ მართლაც ბევრი ხალხი გამოვა, მაგრამ გამოვა ის ხალხი, რომელიც უარს იძახის ძალადობაზე, უარს იძახის გაჩანაგებულ ეკონომიკაზე. და რეალურად მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს შანსი შექმნას ახლიდან სოფლის მეურნეობა. გააჩინოს რეალურად სამუშაო ადგილები.
ლაპარაკით სამუშაო ადგილები არ იქმნება. მახსოვს ამ ადამიანისგან რომ ფოთში ინდუსტრიული ზონა, რომ გაიხსნა იძახდა შეიქმნებოდა ათასობით სამუშაო ადგილი.
მე ძალიან კარგად მახსოვს იგივე ადამიანისგან რომ პირდებოდა დევნილებს მომავალ ზამთარს, თბილად გაატარებდნენ სოხუმსა და ცხიმვალში . ეს ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი.
მინდა კარგად შევახსენო, ჩვენს ამომრჩეველს, სწორედ ამ ადამიანს მიუძღვის პოლიტიკური და სამართლებრივი ბრალი, რომ შექმნა სადისტური სისტემა და ათასობით საჯარო მოხელე აქცია სადისტად. მხოლოდ რამდენიმე პირის გადაყენება არ არის სამართლიანობის აღდგენა. უშუალოდ ის ადამიანები, ვინც მონაწილეობდნენ ამ სისტემის შექმნაში დღესაც აგრძელებენ მუშაობას.
ძალიან კარგად ესმის ადამიანებს,, სად არის სიმართლე და სად ტყუილი, ასე, რომ გარდაუვალია ქართული ოცნების გამარჯვება ძალიან დიდი უპირატესობით“, - განაცხადა ალასანიამ.