წინასაარჩევნო კამპანია სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებისა და კანონის შერჩევითი აღსრულების ფონზე მიმდინარეობდა

წინასაარჩევნო კამპანია სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებისა და კანონის შერჩევითი აღსრულების ფონზე მიმდინარეობდა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" დღეს წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს. წინასაარჩვენო გარემოს პრეზენტაცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო იყო მკვეთრად უთანასწორო, სადაც იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კონკურენცია მიმდინარეობდა არა პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ სახელმწიფოსა და ოპოზიციას შორის.

„ კამპანია სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებისა და კანონის შერჩევითი აღსრულების ფონზე მიმდინარეობდა“, - განაცხადეს შეფასებისას.

 საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში შეიმჩნეოდა ტენდენცია სახელმწიფო-სამართლებრივი რესურსების ბოროტად გამოყენებისაკენ. მისი თქმით, კანონში ცვლილებები მიმართული იყო მმართველი პარტიის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებისაკენ და კანონის აღსრულებაც შერჩევითი იყო.

„არ არსებობდა ზღვარი მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის. გამოვლინდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების სახსრები ისეთი პროგრამების დაფინანსებისთვის გამოიყენებოდა, რომლებიც ძირითადად გათვლილი იყო ამომრჩეველთა საერთო მასების გულის მოსაგებად. გარდა ამისა, სახელმწიფოს ინსტიტუციური რესურსები მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხშირად გამოიყენებოდა", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დადებითად აფასებენ წინასაარჩევნო პერიოდში "მასთ ქერისა" და "მასთ ოფერის" პრინციპების დანერგვას, თუმცა აცხადებენ, რომ ის არჩევნების შემდეგაც უნდა გაგრძელდეს.

„სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები "მასთ ქერისა" და "მასთ ოფერის" პრინციპების საკანონმდებლო დონეზე დანერგვისაკენ, რაც, ლომჯარიას განცხადებით, უარყოფითად აისახება საარჩევნო პროცესზე“, - განაცხადა სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ.

ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს ჟურნალისტებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლისა და ზეწოლის ფაქტები. ისინი უარყოფითად აფასებენ ცესკო-ს დადგენილებას საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღებაზე შეზღუდვების დაწესების თაობაზე. ნინო ლომჯარიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გაუმართლებელ და შაბლონურ შეზღუდვებს უწესებს მედიასაშუალებებსა და დამკვირვებლებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის საქმიანობის შედეგად, გასულ არჩევნებთან შედარებით, დაზუსტდა მონაცემები, თუმცა მონაცემები საზღვარგარეთ გასული გარდაცვლილი და რეგისტრაციით მისამართზე არმცხოვრები მოქალაქეების თაობაზე.

„თუმცა, ამის მიუხედავად რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები დაუბრუნდნენ საარჩევნო სიას, რის გამოც კიდევ უფრო გაზარდა ამომრჩეველთა რიცხვი საარჩევნო სიაში და არჩევნების დღეს აღნიშნული ამომრჩევლების უკანონოდ მანიპულირების საშუალება დატოვა“, - განაცხადეს არასამთავრობოების წარმომადგენლებმა.

მათივე შეფასებით წინასაარჩევნო პერიოდი თითქმის სრულად იყო მოკლებული თემატურ დისკუსიებს, მსჯელობებსა და განხილვებს.

„ამის ნაცვლად საზოგადოება მომსწრე გახდა პოლიტიკური ძალების უკიდურესი პოლარიზების, დაპირისპირების, აგრესიისა და სიძულვილის თემის აქტიური გამოყენებისა“, - აღნიშნეს მათ.