ნატა მურვანიძე: მინდა ისეთმა ძალამ გაიმარჯვოს, ვინც ჰაერის ჩასუნთქვის საშუალებას მოგვცემს და მომავალს ჩვენთან ერთად დასახავს

ნატა მურვანიძე: მინდა ისეთმა ძალამ გაიმარჯვოს, ვინც ჰაერის ჩასუნთქვის საშუალებას მოგვცემს და მომავალს ჩვენთან ერთად დასახავს

საპყრობილეებში პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელი აპროტესტებს.

 მსახიობ ნატა მურვანიძეს სურს, არჩევნებში გამარჯვება იმ ძალამ მოიპოვოს, რომელიც , მას თავისუფალი ცხოვრების საშუალებას მისცემს და რომელიც კონსტიტუციას თბილი ჟაკეტივით არ მოირგებს. ეს განცხადება მსახიობმა  სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„ მინდა ისეთმა ძალამ გაიმარჯვოს, რომელიც არ დაგვყოფს "ჩემიანებად" და "მტრებად", რომელიც მხოლოდ პროფესიონალიზმისა და პატიოსნების მიხედვით მისცემს საშუალებას ადამიანებს ემსახურონ ქვეყანას, ვინც ადეკვატურად მიიღებს ჯანსაღ კრიტიკას იმისთვის, რომ განვვითარდეთ, ვინც დამნაშავეს დასჯის, მაგრამ არ აწამებს, ვინც შერჩევით სამართალს მოსპობს ქვეყანაში, ვინც ტყუილებში არ დაიხრჩობა, ვინც სასამართლოს გაათავისუფლებს, ვინც პრიორიტეტებს ქვეყნის სატკივარისა და პრობლემების მიხედვით დასახავს, ვინც არ დაგვამადლის აღმშენებლობას და ჩაგვრთავს პროცესში (ყველას თავისი პროფესიის და არა მხარდაჭერის მიხედვით) ვინც კონსტიტუციას არ გაატუტუცებს და თბილი ჟაკეტივით არ მოირგებს, ვინც იქით იწვალებს და მოერგება კონსტიტუციას, ვინც ისტორიას არ გადაუვლის და პატივს სცემს, ვინც ამპარტავანი არ იქნება, ვინც სხვა ქვეყნის მაგალითებით არ გაიმართლებს თავს როცა დამნაშავე იქნება, ვინც გამოსავალს მოსახლეობასთან ერთად მოძებნის, ვინც ცინიკური არ იქნება მათ მიმართ ვისაც უჭირს, ვინც ჰაერის ჩასუნთქვის საშუალებას მოგვცემს და მომავალს ჩვენთან ერთად დასახავს. არ მინდა ამ ქვეყნის მტერი ვიყო. არაფერი დამიშავებია ამისთვის. თავისუფლება, სამართლიანობა და მშვიდი ცხოვრება მინდა და მეტი არაფერი“,-წერს მურვანიძე.