იუსტიციის სამინისტრომ ვლადიმერ ბედუკაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასალები შემდგომი სამართალწარმოების მიზნით ბელგიის იუსტიციის სამინისტროს გადაუგზავნა.
ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანმა განაცხადა.
ბურჯალიანის განმარტებით, აღნიშნული პროცესი სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის 21-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა. თუმცა აღნიშნა, რომ მასალების გაგზავნის მიუხედავად, საქართველოში მიმდინარე სამართალწარმოება გრძელდება ბელგიის კომპეტენტური სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
„პატიმრების წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი წამებისთვის ბრალდებულად არის ცნობილი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ოპერატიული მორიგე ვლადიმერ ბედუკაძე.
ვლადიმერ ბედუკაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა დაპატიმრება და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სრულყოფილი და დროული განხორციელება, რის გამოც მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება მიმართოს ბელგიის მხარეს საქმის შემდგომი გამოძიების საწარმოებლად", - აღნიშნა თინა ბურჯალიანმა.
მისივე ინფორმაციით, რადგან ვლადიმერ ბედუკაძემ ქვეყნის დატოვება მოახერხა და ამჟამად ბელგიის სამებოში იმყოფება, მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასალები შემდგომი სამართალწარმოების მიზნით ბელგიის იუსტიციის სამინისტროს გადაეგზავნება.