მესტიაში „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის კახა ჟორჟოლიანის დაპატიმრებისას მოწყობილ აქციაში მონაწილე „ქართული ოცნების“ აქტივისტებს პოლიციამ უწყება დაუგზავნა, მათ ბრალად ედებათ სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
აღშფოთებულმა მესტიელებმა განცხადება მესტიის რაიონული სამმართველოს უფროსის, ბიძინა შედანიას სახელზე დაწერეს და მოითხოვეს, მოწმეებად დაიკითხონ.
მოწმედ დაკითხვას სამღვდელოების წარმომადგენლებიც ითხოვენს. მამა ექვთიმეს განცხადებით, ისინი აქციის დროს მოსახლეობასთან ერთად იმყოფებოდნენ, მათი მხრიდან კი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია.
„მოსახლეობა კაპიტონ (კახა) ჟორჟოლიანის ადგილზე გასამართლებას ითხოვდა. მათ ძალა გამოიყენეს ხალხის წინააღმდეგ, რის თვითმხილველნიც ჩვენ გახლდით, გამოძახებული ჰყავდათ შეიარაღებული ძალების გარკვეული ქვედანაყოფი“,-აცხადებს მამა ექვთიმე.
მამა ბასილის განცხადებით, კი ისინი მოსახლეობის გვერდით დადგნენ, რადგან საზოგადოებაში ძალიან დიდი შეურაცხყოფა და დიდი ტკივილი იყო და საჭირო იყო სიმშვიდის შენარჩუნება.
„დაიწყო აქციაზე მყოფი ადამიანების გამოძახება. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აქციაზე მყოფი ადამიანები მაქსიმალურად თავშეკავებულნი გახლდნენ, რათა რაიმე ცუდი პრეცედენტი არ მომხდარიყო. ძალიან ბევრი ადამიანი დასაკითხადაა გამოძახებული და რა მოჰყვება ამას არ ვიცით“,-აცხადებს მამა ბასილი