"საქართველოს მტერს სურს, რომ ქვეყანაში კანონიერი ქურდები, კორუმპირებული ჩინოვნიკები და კრიმინალები დაბრუნდნენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეკრებაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ახლა არჩევანის წინაშე დგას - დაბრუნდეს უკან თუ წავიდეს წინ.
„მე და ჩემი გუნდი ვიძლევით გარანტიას, რომ საქართველოში „კანონიერი ქურდები" არასდროს დაბრუნდებიან. მე გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ წელში გავწყვიტოთ ისეთი სენი, როგორიცაა უმუშევრობა. როგორც დავამარცხეთ კრიმინალი, ჩვენ ასევე თქვენთან ერთად დავამარცხებთ საქართველოში უმუშევრობას“, - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, ჯანდაცვა გახდება ხელმისაწვდომი და ქართულ სოფელს ზრუნვა არ მოაკლდება; ყველა სოფელს კი ექნება გზა, გაზი, წყალი და უფასო ინტერნეტი.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს და მრავალეროვანი საქართველოს ყველა ეთნიკურ ჯგუფს, რომლებიც ერთად აშენებენ საქართველოს.
„სამ დღეში ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ საქართველოში მცხოვრები ერების ერთობლივ გამარჯვებას“ - განაცხადა პრემიერმა.