პარლამენტის თავმჯდომარე სტადიონზე შეკრებილ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს მიესალმა და აღნიშნა, რომ დღეს ამ სტადიონზე შეკრებილია მთელი საქართველო,ყველა თაობა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ძალა ერთობაშია.
„ ამ ერთობით ვიყავით ძლიერი ამ რვა წლის განმავლობაში. ამ ერთობით დავამარცხეთ სიბნელე, კრიმინალი კორუფცია, ამ ერთობას წინ მნიშვნელოვანი გამოცდა ელის სამ დღეში. ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მნიშვნელოვანი არჩევანი. რატომ? იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი“,-აღნიშნა ბაქრაძემ.
ბაქრაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უზარმაზარი ვალი აქვს საკუთარი მოსახლეობის წინაშე.
„დღეს ვდგევარ ამ ტრიბუნაზე და ვხედავ ათი ათასობით ადამიანის თვალებს, თქვენ გგონიათ მე არ მესმის რამდენს არ აქვს დღეს სამსახური? რამდენს არ აქვს მკურნალობის ფული? ეს არის უზარმაზარი ვალი რომელიც 24 საათიანი შრომით უნდა გადაგიხადოთ, იმით უნდა გადაგიხადოთ, რომ ყოველდღე თქვენ ერთი პრობლემით ნაკლები გქონდეთ“,-მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ სტადიონზე შეკრებილებს.