„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის ფარგლებში, ეროვნულ სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას, თბილისის მერმა უგულავა მიმართა. მან შეკრებილ საზოგადოებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
უგულავამ გამოსვლისას ყურადღება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა არაადამიანური მოპყრობის შესახებ, გავრცელებულ კადრებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამ სისწრაფეში, სადღაც რაღაც გამოეპარათ.
„უკანასკნელ პერიოდში, გამოვლენილმა ძალადობის ფაქტებმა ყველა შეგვძრა. ამ კადრებმა ჩვენი ქვეყნის წარსული გამახსენა. ჩვენ შევძელით ძალადობის აღმოფხვრა ყველგან, მაგრამ სისწრაფეში, სადღაც რაღაც გამოგვეპარა და ყურადღება ვერ მივაქციეთ. მე გულწრფელად თანავუგრძნობ ყველა დაზარალებულს და მათ ოჯახებს. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი წამების იარაღი ჯვარი, კაცობრიობის ცოდვისგან გამოხსნის, ქრისტიანული ცივილიზაციის და ევროპული ღირებულებების მთავარ სიმბოლოდ იქცა. სწორედ, ასე ამ მაგალითით, ჩვენ ეს სირცხვილი, გნებავთ სისტემური მარცხი, შემობრუნებად უნდა ვაქციოთ“, - განაცხადა უგულავამ.
უგულავას თქმით, დღევანდელი ჩვენი საზოგადოება ათი წლის წინანდელისგან განსხვავდება და უფრო მეტად, განვითარებას ითხოვს.
შესაბამისად, მისი განცხადებით, საზოგადოებას წარსულში დაბრუნების გაგონება არ სურს.
„იმედად, რომ მეტი დასაქმება იქნება, იმედად, რომ ჯანდაცვა ხელმიწასდომი იქნება, იმედად, რომ მომავალი უკეთესი იქნება“, - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, არჩევნები კარსაა მომდგარი და ამდენმა კომპრომატებმა საზოგადოება დაღალა, პარტიები თითქოს ერთმანეთს ებრძვის და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება „მთავარი რისთვისაც ვიბრძვით, დაგვავიწყდა“.
„დღეს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია პასუხი გავცეთ ყველას. არ გვაქვს უფლება უკან დახევის, წინ უნდა ვიაროთ. ქართველებო, გამოვიდეთ ნაჭუჭიდან და დავინახოთ, რომ არ არსებობს ორი სიმართლე, ორი ჭეშმარიტება, ორი საქართველო. საქართველო ერთია და მხოლოდ მას უნდა ვემსახუროთ. არ დავუჩოქოთ მტერს, არ დაუშვათ წარსულში დაბრუნება“, _ მიმართა უგულავამ შეკრებილ საზოგადოებას.