ეროვნულ სტადიონზე „ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო შეკრება უკვე დაიწყო. შეკრებილ მხარდამჭერებს პირველად დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა მიმართა. მან დღევანდელ შეკრებაში მონაწილეობისთვის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებამდე სამი დღე დარჩა.
„ჩვენ გვეუბნებიან ოპონენტები, რომ ჩვენი დრო ამოიწურა, მაგრამ საქართველოს აღმშენებლობის დრო არასოდეს ამოიწურება. აქ ხართ ადამიანები, რომლებმაც დაამარცხეთ უშუქობა, უგზოობა, რომლებმაც უარი უთხარით ასლან აბაშიძის რეჟიმს და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ", - მიმართა მოქალაქეებს გიორგი გაბაშვილმა.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საკითხთა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საზოგადოებას ამ სფეროს პრიორიტეტები გააცნო. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ხალხს მეტი სარგებლის გარდა ჰპირდება მეტ სამუშაო ადგილს, მეტ გაზიფიკაციასა და წყალმომარაგებას.
„ჩვენ ყველა ერთად მივაღწევთ იმას, რომ გქონდეთ დაზღვევა, რომ განვითარდეს სოფლის მეურნეობა, გაძლიერდეს ქართული სოფელი და პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ხალხს ექნება მეტი სარგებელი", - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ამ წუთებში საზოგადოებას თბილისის მერი გიგი უგულავა მიმართვას და მოსახლეობას „ნაციონალიური მოძრაობის“ პროგრამების მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.
სტადიონზე შეკრებილ მოქალაქეებს დღესვე სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.