„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრებს მეხუთე დღეა მართავს.
ბურჯანაძე უკვე შეხვდა შვეიცარიის, საფრანგეთისა და ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს. ასევე ევროკავშირის, ჩეხეთის, გერმანიის, ლიტვის, იტალიისა და საბერძნეთის ელჩებსაც.
როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს წინასაარჩევნო გარემოს, პოლიტიკურ ვითარებას და საქართველოს ციხეებში პატიმრების წამებისა და არასათანადო მოპყრობის დამადასტურებელ ვიდეოკადრებს, რომლებიც ქართული მედიასაშუალებებით უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება.
„საუბრისას საგანგებო ყურადღება დაეთმო ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებს როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში“, - აცხადებენ პარტიაში.
ბურჯანაძემ ელჩებს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით „დემოკრატიული მოძრაობის“ ხედვა გააცნო და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ადექვატური და ობიექტური როლის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.