კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ საქართველოს რეგიონებში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებთან, აგრეთვე, აქტიურ მოქალაქეებთან შეხვედრებს იწყებს.
კოალიციის წარმომადგენელთ განცხადებით, შეხვედრების მიზანია, საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს კამპანიის - „ეს შენ გეხება“ - თაობაზე, მისი მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ; აგრეთვე, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მისი გაჯანსაღებისთვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე.
შეხვედრების შემდეგ კოალიცია დააფუძნებს ჯგუფებს, რომლებიც აქტიურად გაუწევენ მონიტორინგს წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას, მოაგროვებენ შესაბამის მასალებს და საზოგადოებას ამ პერიოდში გამოვლენილი დარღვევების შესახებ საკუთარ ანგარიშებს წარუდგენენ .
პირველი შეხვედრა 15 ივნისს 14:00 საათზე ზუგდიდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება. შეხვედრას არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.
მეორე შეხვედრა ბათუმში 16 ივნისს დღის 12:00 საათზე ბათუმის პრეს კლუბში გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, აგრეთვე, აქტიური მოქალაქეები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებით.
დისკუსია გადაიცემა ლაივ სტრიმით მისამართზე: presscafe.ge და esshengexeba.ge. ლაივსტრიმის მაყურებელს საშუალება ექნება, პირდაპირი ეთერის დროს დასვას კითხვები და ჩაერთოს დისკუსიაში სკაიპის საშუალებით (სკაიპის მისამართი: presscafe.batumi)
ამავე დღეს, 17:00 საათზე კოალიციის წევრები, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ბათუმის ბულვარში გამართავენ საინფორმაციო აქციას, სადაც მოსახლეობას დაურიგებენ კამპანიის - „ეს შენ გეხება“ - საინფორმაციო ბუკლეტებს.
მესამე შეხვედრა 18 ივნისს დღის 12:00 საათზე ოზურგეთში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე, საარჩევნო საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეები.
შეხვედრის დასრულებისთანავე ჩართულობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახელობას დაურიგდება კამპანიის - „ეს შენ გეხება“ - საინფორმაციო ბუკლეტები.
შეხვედრები რეგიონებში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.
საკონტაქტო პირი მაგდა პოპიაშვილი ტელ: 5517527