ტექნოლოგიურ სფეროში უცხოელი სპეციალისტების შემოყვანა სჯობს თუ ადგილობრივების დასაქმება და შენარჩუნება?

ტექნოლოგიურ სფეროში უცხოელი სპეციალისტების შემოყვანა სჯობს თუ ადგილობრივების დასაქმება და შენარჩუნება?

საქართველოში IT სფეროში დასაქმებული უცხოელებისათვის 3-წლიანი ბინადრობის მიღება გახდება შესაძლებელი. ცვლილება უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის მიზანიც, საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიონალი კადრების მოზიდვის მიზნით, კანონმდებლობის დახვეწაა.

IT სფეროში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის 3-წლიანი ნებართვების გაცემის შემდეგ, საქართველოში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების რიცხვი 2 წელიწადში შეიძლება გაორმაგდეს. მათ მიერ ქვეყანაში დახარჯული თანხა კი მკვეთრად გაიზარდოს.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის შეფასებით, კანონპროექტში უცხოელი IT სპეციალისტების მინიმალურ სახელფასო ანაზღაურებასაც ითვალისწინებს.

IT სპეციალისტებისთვის საქართველო სამუშაოდ ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობას საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათები აქვს დაწესებული და ქვეყანაში დღეს 150 საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია არსებობს. ამან ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ძალის შემოსვლა გამოიწვია. ტრადიციული სახის შრომის ნებართვაზე რა დოკუმენტებიც არის საჭირო, IT სპეციალისტებს ზოგადად ასეთი დოკუმენტები არ აქვთ და სწორედ ამისკენაა მიმართული, რომ ეს პროცესი უფრო გამარტივდეს.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირში სპეციალური სანებართვო სისტემა აქვთ. ამ მიმართულებით ნაბიჯები ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ძლიერი IT სპეციალისტის მოსაზიდად იდგმება. აქ აღსანიშნია, მინიმალური ხელფასის მოთხოვნა იმისთვის, რომ საქართველოში მაღალი დონის სპეციალისტები შემოვიდნენ და მათთვის მაქსიმალურად ხელშესაწყობი გარემო შევქმნათ. ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საერთაშორისო სტატისტიკებით მათი ხელფასი დაახლოებით 40-45% ქვეყანაში იხარჯება და ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. მხოლოდ გასულ წელს IT სექტორში ხელფასის სახით 1 მლრდ ლარი გაიცა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფული ქვეყანაში დარჩეს და აქ იტრიალოს, - განუცხადა ბიზნეს მედიას ავთანდილ კასრაძემ.

კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქე IT სპეციალისტს, რომელიც საქართველოს ბინადრობის ნებართვას მიიღებს, ვალდებულებად ეწერება ქვეყანაში მინიმუმ 183 დღე დაჰყოს, ხოლო 6 თვე მას დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა ეძლევა, რის უფლებაც აქამდე არ ჰქონდა.

ჩვენ გვინდა საქართველოში მაქსიმალურად ბევრი ფული დახარჯონ, რომ ხალხთან მივიდეს ეს თანხები, იგივე ტურიზმში, უძრავი ქონების გაქირავების კუთხით და ა.შ. ბევრი მიმართულებით უცხოური სამუშაო ძალა უფრო მეტი ეკონომიკური ეფექტის მიმღებია როდესაც ის საქართველოში ცხოვრობს, ვიდრე სხვაგან რომ ცხოვრობდეს. მთავრობა მარტო გადასახადის აღებაზე რომ იყოს ორიენტირებული მნიშვნელობა არ აქვს, ბიუჯეტის შევსება მაინც მოხდება, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად აქ ცხოვრობდნენ, რათა ქვეყნის ეკონომიკაში უფრო მეტი ეფექტი იყოს“, - განმარტა კასრაძემ.

ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ინიციატივა პოზიტიურია, თუმცა ის გრძელვადიან და მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს ვერ მოახდენს. როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაცია ITAG-ის თავმჯდომარემ თორნიკე თოხაძემ განმარტა, ინიციატივის მიხედვით საუბარია პირებზე, რომელთა სამუშაო გამოცდილება 2 წელს ითვლის, რაც სექტორის მნიშვნელოვანი განვითარების წინაპირობა ვერ გახდება. მისი აზრით, სექტორის ზრდისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ ბაზარზე მეტი ინვესტირება განათლებაში მოხდეს, საერთაშორისო ბაზრებიდან კი მაღალინტელექტუალური პირების შემოსვლას შეეწყოს ხელი.

„ზოგადად კი იზრდება IT სექტორი, თუმცა ექსპორტის მაჩვენებლები როცა ვნახეთ, ის აჩვენებდა კლებას 30%-მდე, შესაბამისად ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ამ უკუეფექტის გამოსოწრებას, ამაზეა ორიენტირებული და არა გრძელვადიან სტაბილურ განვითარებაზე.

სახელმწიფომ და სექტორმა უნდა იმუშაოს მდგრადი განვითარების მიმართულებით. პირველი ხაზი გადის არსებული პოტენციალის ეფექტურად გამოყენებაზე. ჩვენ ზუგდიდიდან, თელავიდან, საგარეჯოდან გვჭირდება ადამიანების მოზიდვა, რეალურად შიდა პოტენციალის გამოყენება. თუ დღეს უნივერსიტეტებში სტუდენტების მხოლოდ სწავლობს 6% IT მიმართულებაზე, ესტონეთში ეს რიცხვი არის 13%. როდესაც საუნივერსიტეტო მიწოდება არ შეესაბამება იმ ზრდის ტემპებს რაც გვაქვს, სწორე იქ არის მუშაობა საჭირო.

მეორე საკითხი რომელიც ბევრად უფრო პრიორიტეტულია, ეს არის კრიტერიუმების განისაზღვრა. აქ არ არის საუბარი მაღალკვალიფიციურ კაპიტალზე, არამედ 2-წლიან სამუშაო გამოცდილების მქონე პირებზე. ე.ი. ჩვენ მივიღებთ დამწყები კვალიფიკაციის მქონე ადამიანების დიდ რაოდენობას.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს მოვიზიდოთ იმ ტიპის ინტელექტუალური კაპიტალი, რომელიც შეძლებს ცოდნის გაზიარებას, სიახლეების შემოტანას, გამაცოცხლებს ბაზარს,“ - განაცხადა სატელევიზო ეთერში თოხაძემ.