საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მკვეთრად გაზარდა. მათი ვარაუდით, ქვეყნის მშპ-ს ტემპი 7.3%-მდე დაჩქარდება. ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა. შეიძლება ითქვას, პირველად ხდება, რომ უცხოურ გავლენიან ორგანიზაციას უფრო ოპტიმისტური შეფასება აქვს, ვიდრე საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს.
„საქართველოს ეკონომიკა გამძლეობით გამოირჩევა. ადგილობრივი, გლობალური გამოწვევების მიუხედავად 2024 წელს მშპ-ს ზრდა 9.4%-ი იყო. რაც ძლიერი მოხმარების, ტურიზმიდან შემოსავლების, აიტი და სატრანსპორტო სექტორებში მნიშვნელოვანი წინსვლით არის გამოწვეული. წელს ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 7.3%-ი იქნება. ეს არის ჩვენი, არსებული პროგნოზის გადახედვა და სწორედ ამიტომ გავზარდეთ 6%-იდან 7.3%-მდე. პოტენციალი კიდევ უფრო დიდი აქვს საქართველოს“, - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ალეჰანდრო ჰაჟდენბერგმა.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის პროგნოზსს, 2025 წელს „ქართული ოცნების“ გუნდი 6%-იანი ეკონომიკურ ზრდას ელის. თავდაპირველად, მთავრობამ ბიუჯეტში 5.5%-იანი მაჩვენებელი გაითვალისწინა, თუმცა საბოლოოდ ცოტათი შეცვალა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი რამდენიმე დღის წინ 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.7%-მდე გაზარდა. აქამდე ცენტრალური ბანკი ქვეყანაში 5%-იან ტემპს ვარაუდობდა.
„საქართველოში, ფასების სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად, კვლავ ძლიერია ეკონომიკური აქტივობა. კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდამ 9.3% შეადგინა. აღნიშნულს დიდწილად ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები განაპირობებს, რაც მშპ-ის ზრდაში პროდუქტიული სექტორების კვლავ მაღალი წვლილით დასტურდება, თუმცა ძლიერი შიდა მოთხოვნაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია. ეკონომიკაში ფუნდამენტური ფაქტორების შედარებით ნელი ნორმალიზებისა და მიმდინარე ძლიერი ეკონომიკური ზრდის საფუძველზე რეალური მშპ-ის ზრდა 2025 წელს ხუთიდან 6.7%-მდე გადაიხედა. გრძელვადიან პერიოდში კი მოსალოდნელია მისი პოტენციური დონის - 5 პროცენტის ფარგლებში დასტაბილურება“, - წერია სებ-ის განცხადებაში.
ჯერჯერობით სებ-ის მსგავსი პროგნოზი აქვთ, საქართველოში მოქმედ ანალიტიკურ ცენტრებს. „გალტ ენდ თაგარტის“ ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ მათი პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით გაიზდება. რაც შეეხება გამყარებულ ლარს, მასზე, სავალუტო შემოდინებებთან ერთად, ამ ეტაპზე გაცვლითი კურსის სიმყარეზე გლობალურად დასუსტებული დოლარი მოქმედებს.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ეკონომიკური ზრდის ტემპი აპრილში შენელდა, რადგან მარტში ეკონომიკა წლიურად 9%-ით გაიზარდა, თუმცა ჯამურად ოთხ თვეში 8.8%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ჩვენი წლიური პროგნოზია 6.8% და ვფიქრობთ, რომ ეს რეალისტურია. რაც შეეხება სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, რომლებიც განაპირობებენ ასეთ ეკონომიკურ ზრდას, აპრილში საკმაოდ კარგი იყო სავაჭრო ბალანსი, რადგან ექსპორტის ძალიან ძლიერი ზრდა დაფიქსირდა, 41%-ით გაიზარდა ექსპორტი, მაშინ როცა იმპორტი 3.6%-ით შემცირდა. შედეგად მივიღეთ სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება. ოთხ თვეს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ექსპორტი - 14.2%-ით, ხოლო იმპორტი 16%-მდეა გაზრდილი. ასევე გვაქვს ოთხი თვის მონაცემი ფულად გზავნილებთან დაკავშირებით, ფულადი გზავნილებიდან და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, თითოეული 1.1 მილიარდს შეადგენს, ექსპორტი იყო 2 მილიარდი.
ჯამში ოთხ თვეში სავალუტო არხებიდან 4.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მივიღეთ, რაც არის დაახლოებით 6%-იანი ზრდა. ეს ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გაცვლითი კურსისთვის. თუმცა მიმდინარედ გაცვლითი კურსის გამყარებაზე ძლიერად მოქმედებს გლობალურად დასუსტებული დოლარი. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია რატომ იზრდება საერთაშორისო რეზერვები“, - განაცხადა ქავთარაძემ.
„გალტ ენდ თაგარტის“ ამჟამინდელი პროგნოზით, მიმდინარე წელს ლარის საშუალო გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2.78 ლარი იქნება.
სავალუტო ფონდის მკვეთრად გაუმჯობესებულ პროგნოზს მიესალმებიან ქართველი ეკონომისტები. გიორგი ცუცქირიძის შეფასებით საქართველოს აქვს ძლიერი პოზიცია, გააგრძელოს ეკონომიკური ზრდა.
„ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ზრდის პოტენციალი კიდევ უფრო დიდი აქვს. 2024 წელსაც სსფ მ ასევე გაზარდა ზრდის პროგნოზი 7.5% მდე, რეალურად კი გასულ წელს ეკონომიკა 9.4%-მდე გაიზარდა.
საქართველოს ეკონომიკა, რომ მაკრო მდგრადობით გამოირჩევა ამას ინფლაციის მაჩვენებელიც ადასტურებს. მიუხედავად, გასულ წელს სურსათზე ფასების მატებისა, ძირითადი ინფლაცია 3%-იანი სამიზნე ორიენტირის ფარგლებშია და სსფ ის პროგნოზითაც იგივე მაჩვენებელზე შენარჩუნდება 2026 წელსაც. გაუმჯობესებულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც, გასულ წლის მსგავსად წელსაც 4% იქნება.
ცალკეული საექსპერტო შეფასებები 2025 წელს სახელმწიფო ფინანსების მდგომარეობის გაუარესებაზე და წლის ბოლოს ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო ნაწილში 900 მილიონამდე ლარის დაგეგმილი შემოსავლების მოსალოდნელ დანაკლისზე, მით უმეტეს მაღალი ზრდის „პარადოქსად“ და არაღიარებულ ეკონომიკურ კრიზისად მონათვლა, არის აშკარად გადაჭარბებული და რეალობას აცდენილი, რადგან ეკონომიკის მაღალი ზრდისას, თუნდაც პირველ 5 თვეში ზრდის შედარებით დაბალი 4,7% მაჩვენებელი (საბიუჯეტო გეგმა ითვალისწინებს საგადასახადო შემოსავლების 8,6%-იან ზრდას, ანუ 25,31 მილიარდი ლარის აკრეფას) ნაკლებად გამოდგება წლიური ტენდენციის საერთო სურათად“, - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.