ფეხბურთელი, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი კახა კალაძე ხელისუფლებას შავი პიარის აგორების მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მცდელობის მიუხედავად, მათ საწადელ მიზანს ვერ მიაღწიეს.
აღნიშნულის შესახებ, კალაძემ განცხადება სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე განათავსა. განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.
„ბოლო თვეების მანძილზე, ხელისუფლებისაგან მართული ჯიბის ტელევიზიებით, ჩემი მისამართით წამოვიდა შავი პიარის უზარმაზარი ტალღა. მართალია ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს, თუმცა თავიდანვე მათ გასაგონად ვაცხადებდი, რომ პატიოსნად ვცხოვრობდი და ტყუილად ხარჯავდნენ დროს, ენერგიას და ფინანსებს.
როგორც გავარკვიე ამჯერად ხელისუფლებაში აპირებენ სიცრუის მანქანის ახლებურად დაქოქვას და ამისათვის შსს-ს უკვე მივლინებული ჰყავდა თავისი წარმომადგენელი იტალიაში. მინდა აგონიაში ჩავარდნილი ხელისუფლების გასაგონად კიდევ ერთხელ ხმამაღლა გავიმეორო, რომ ჩემი წარსული არის სუფთა და თქვენს მიერ მოგონილი ბინძური ცილისწამების ჭიქაში ატეხილ ქარიშხლის არავის სჯერა.
საქართველოს მოსახლეობის ბრძოლა დემოკრატიისათვის, ქვეყნის ნათელი მომავლისა და ერთიანობისათვის გადამწყვეტ ფაზაში შედის. სულ მალე „ქართული ოცნება“ აუცილებლად ახდება და ამას ვერანაირი შანტაჟით, პროვოკაციებით და ცილისწამებებით ვერ შეაჩერებთ“, - ნათქვამია კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.