თბილისის სატრანსპორტო სამსახური მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას მუნიციპალურ ავტობუსებში კონტროლიორების შემცირების შესახებ არ ადასტურებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, კონტროლიორების მუშაობამ, როგორც ფინანსური, ასევე - მგზავრთა თვითშეგნების ამაღლების კუთხით, საკმაოდ დადებითი შედეგი გამოიღო. მათი თქმით, რეფორმები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, თუმცა ეს თანამშრომლების შემცირებას არ უკავშირდება.
„საინფორმაციო საშუალებებში დღეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" მუნიციპალურ ავტობუსებში კონტროლიორების შემცირებას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულ სფეროში რეფორმა ნამდვილად მიმდინარეობს, მაგრამ ეს პროცესი თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებას არ გამოიწვევს. უახლოეს მომავალში ყველა იმ ავტობუსს, რომელიც მოკლე მარშრუტზე მოძრაობს "კონდუქტორი" მოემსახურება და მგზავრობის ღირებულების გადახდას გააკონტროლებს. იმ ავტობუსებში, კი რომლებიც ქალაქის რამოდენიმე რაიონს ემსახურებიან და სხვადასხვა უბანში მოსახლეობის გადაყვანას უზრუნველყოფენ, მგზავრების მიერ საფასურის გადახდას კვლავ კონტროლიორები გააკონტროლებენ", - აცხადებენ კომპანიაში.