კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური ქვემო ქართლში, მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელის მოსახლეობას შეხვდა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ის ქვემო ქართლში იმისთვის გააგზავნა, რომ აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი მოსახლეობის პრობლემები შეისწავლოს, მოახდინოს ამ პრობლემების პასპორტიზაცია და „როცა კოალიცია ხელისუფლებაში მოვა, მას ჰქონდეს ამ რეგიონის პრობლემების გადაჭრის გზები“.
„ეს სოფელი არის შემართული იმისკენ, რომ შეცვალოს ის მდგომარეობა რომელიც აქ არის და ტყუილად გონია ბევრს, რომ ქვემო ქართლი არის ისეთი რაიონი, რომლის ხმებს ისევ ჯიბეში ჩაიდებენ და აქაური არჩევანი იქნება მათი , ეს ასე არ იქნება. ჩვენ ვიმუშავებთ ამ ადამიანების პრობლემების მოგვარებაზე არჩევნების შემდეგ, მანამდე კი ამ პრობლემების გადაჭრის გზები უნდა ვეძებოთ“, - განაცხადა ძიძიგურმა.
სოფლის მაცხოვრებლებმა წლების განმავლობაში არსებულ სასმელი წყლის პრობლემასა და ავარიულ მდგომარეობაში მყოფ სოფლის სკოლაზე გაამახვილეს ყურადღება.
მარნეულის სოფლის კულტურის სახლში დღეს ცენტრალური შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც მარნეულის წარმომადგენლობითი საზოგადოება და პოლიტიკური ლიდერები იქნებიან შეკრებილნი.