თბილისში

თბილისში "კიბოს კვლევის ცენტრი - მარტინ აბელოფის ლაბორატორია" გაიხსნა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა თბილისში "კიბოს კვლევის ცენტრი - მარტინ აბელოფის ლაბორატორია" გახსნა და იქ დასაქმებულ მედპერსონალს ჯანდაცვის რეფორმის მიმართულებები პირადად გააცნო.

კიბოს კვლევის ცენტრი, ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით და ლაბორატორიით არის აღჭურვილი. პაციენტები აქ ქიმიოთერაპიული და ჰორმონოთერაპიული მკურნალობის ჩატარებას შეძლებენ. ქიმიოთერაპევტებთან ერთად პაციენტების მკურნალობის პროცესში ჩართულები იქნებიან ფსიქოლოგებიც.

ცენტრში შესაძლებელი იქნება ქიმიოსენსიტიური კვლევის მეთოდით (ჩჩDღთ) პაციენტებისათვის ქიმიოთერაპიის კურსის ინდივიდუალური შერჩევა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში მხოლოდ რამოდენიმე ლაბორატორია არსებობს, სადაც მსგავსი კვლევა ჩატარება.

ყოველწლიურად საქართველოში სიმსივნით დაავადების 1000-მდე ახალი შემთხვევა აღირიცხება. აქედან, სამწუხაროდ, დაახლოებით 200 პაციენტი დიაგნოზის დადგენიდან 1-3 წელიწადში იღუპება. თუმცა, დღეს უკვე არსებობს ტექნოლოგიები, რომლებიც სიმსივნესთან ეფექტური ბრძოლის და მისგან განკურნების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.

დასავლური სტანდარტების შესაბამისი ჯანდაცვის სისტემის შექმნა, მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჯანდაცვის სამინისტრო მხარს უჭერს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც მოქალაქეებისთვის მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე მკურნალობის მეთოდების დანერგვას ითვალისწინებს.