ტელეკომპანია მე-9 არხი დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს სტუმრობდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ ტელეკამერით სტუდენტებთან ერთად გაევლოთ სრული საექსკურსიო მარშრუტი. მათივე ცნობით, მე-9 არხი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სასახლეში მას შემდეგ მოიწვია, რაც ტელეკომპანიას პრეზიდენტის სასახლეში არსებულ ექსკურსიებთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა.
„დღეს მე-9 არხის ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ პირადად ედევნებინათ თვალი სასახლეში ჩვეული ექსკურსიისათვის, რომელიც 2009 წლიდან - გახსნის დღიდან ტრადიციად იქცა. ექსკურსიის დასრულების შემდეგ კი, სხვა ვიზიტორებთან ერთად მე-9 არხის ჟურნალისტებს ჩვეულებისამებრ სიმბოლურად სუვენირები გადაეცათ“. ეს ინფორმაცია - facebook-ზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელდა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის სასახლე საზოგადოების სხვადასხვა წევრებს მასპინძლობს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, სპორტსმენებს, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, მეცნიერებს.
„ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება დაათვალიეროს სასახლე და გაეცნოს ჩვენს საქმიანობას“, - ნათქვამია ადმინისტრაციის facebook-ის ვებგვერდზე .