გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ცდილობს, არჩევნების მეორე ტურის შედეგების ბათილად ცნობას მიაღწიოს. სალომე ზურაბიშვილი კი აცხადებს, რომ ულტიმატუმების დრო არ არის და ინაუგურაციისათვის ემზადება.
ოპოზიციისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის უფლებამოსილების ცივილური ფორმით გადაბარებას გვპირდება ახლად არჩეული პრეზიდენტისათვის და შესაბამის თემებზე სასაუბროდ შეხვედრა უკვე შედგა.
ამის მიუხედავად, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მაინც მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, გამართოს დიალოგი ოპოზიციასთან მის მიერ დაყენებული საკითხების ირგვლივ. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, მარგველაშვილი მზად არის როგორც პოლიტიკურად, ისე ინსტიტუციურად, ჩაერთოს ამ პროცესში.
არათანმიმდევრულობით მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტის პოზიცია არ გამოირჩევა - როგორც ცნობილია, გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ამისთვის ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს, თუმცა ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ბუნდოვანია, დიალოგის გამართვის შემთხვევაში, რა თემაზე შეიძლება კონსენსუსის მიღწევა, თანაც ინაუგურაციამდე.
ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია სწორედ 16 დეკემბრისათვის იგეგმება და როგორც მოსალოდნელია, ღონისძიება სავარაუდოდ, ოპოზიციის პროტესტის ფონზე შედგება, რომელსაც უკვე ბლოკირებული აქვს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა უკვე განაცხადა, რომ ბევრი ქვეყნის ლიდერია დაინტერესებული, პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწროს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ამგვარმა განცხადებებმა ოპოზიციას განზრახვაზე ხელი აააღებინოს და რუსთაველის გამზირი გაათავისუფლონ. ინაუგურაციის ადგილი ჯერჯერობით არ სახელდება, სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ ოპოზიციამ ინაუგურაციის ადგილის ბლოკირება ვერ მოასწროს.
„16 დეკემბერს ინაუგურაცია უნდა ჩაატაროს ქვეყანამ ისე, რომ ღირსეულად წარმოჩნდეს. ეს არის მნიშვნელოვანი და ამ ეტაპზე ვემზადებით ამისთვის“, - აცხადებს ჩუგოშვილი.
„ქართული ოცნების“ წევრი სოფიო კილაძე კი მიიჩნევს, რომ რაკი ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა უთხრა „ნაციონალებს“ უარი, კეთილი უნდა ინებონ და შეეგუონ ქართველი ხალხის ამ დემოკრატიულ გადაწყვეტილებას. დეპუტატის აზრით „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ქაოსის შექმნას.
სწორედ იმიტომ, რომ ქაოსს თავი აარიდოს ქვეყანამ, არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, პრეზიდენტის ინაუგურაცია დედაქალაქში არ ჩატარდეს, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა და საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
პრეზიდენტის ინაუგურაციის სხვა ქალაქიში ჩატარებას არ იწონებს ოპოზიციის ნაწილიც. როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, ასეთი გადაწყვეტილება მიუღებელია.
„საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი გახლავართ და არ მახსენდება შემთხვევა, პრეზიდენტის ინაუგურაცია არა დედაქალაქში, არამედ სხვაგან ტარდებოდეს. ეს იცით რისი ნიშანია? ინაუგურაციაზე საუბრის დაწყება იმის ნიშანია, რომ ხელისუფლება ძალიან შეშინებულია“,- აღნიშნავს ბურჯანაძე.
რაც შეეხება ქაოსს, არათანმიმდევრულობა მართლაც არსებობს, როგორც ხელისუფლებაში, ასე ოპოზიციაში და ჯერჯერობით გაურკვეველია, გამძაფრდება და ქაოსში გადაიზრდება თუ ინაუგურაციასთან ერთად გაიფანტება.
ოპოზიციის მიერ ჩამოთვლილ-ჩამოწერილი მოთხოვნების მიუხედავად, ძნელი გასარკვევია ვაშაძის გაპრეზიდენტების გარდა, რეალურად რა სურს ოპოზიციის ერთ ნაწილს. „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი თვლის, რომ ხელისუფლების მანდატი სრულიად არაადეკვატურია და აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი კი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს, ჩატარდეს გამოძიება, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული 780 ათასი ხმის რეალურობის დადგენის მიზნით. როგორც ინაშვილი აცხადებს, კითხვები გააჩინა იმან, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსთაველის გამზირზე 3 000 ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა.
მისი აზრით, ადგილი აქვს პოლიტიკურ აფერისტობას და ამ აფერისტობაში მონაწილეობენ როგორც სააკაშვილ-ბოკერია, ისე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან რიგი თანამდებობის პირები.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ 6 თვის განმავლობაში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია და „დემოკრატიული მოძრაობა“, პირველ რიგში, საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს.
ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილიც, საკუთარი პოზიცია აქვს შალვა ნათელაშვილს და ა.შ.
მთლიანობაში, როგორც ჩანს, ოპოზიცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, „ნაციონალების“ ხმების რევიზია უნდა მოხდეს თუ ზურაბიშვილის, მხოლოდ მეორე ტურის შედეგები უნდა გაუქმნდეს თუ საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდოს, როდის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს და როდის - ვადამდელი საპარლამენტო და ა.შ.
მთლიანობაში კი, შექმნილი სიტუაცია იმდენად არასერიოზულად გამოიყურება, ისიც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ 16 დეკემბრისთვის „ნაციონალებმა“ პარლამენტის წინ ვაშაძის ინაუგურაცია გამართონ - „ოცნებამ“ კი - მაგალითად, ფოთში - ზურაბიშვილის.
ექსპერტებს უჭირთ გამოსავლის შესაძლო ვარიანტებზე საუბარი, გარდა იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან მეტი პრინციპულობის დაფიქსირებაა საჭირო. თუმცა ხელისუფლების პოზიციაც ცალახად ცნობილია - „ქართულ ოცნებაში“ უკვე განაცხადეს, რომ ისინი არც მოლაპარაკებას აპირებენ, არც არჩევნების შედეგების გაუქმებას და არც საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას.
მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე ამ თემაზე საუბარსაც კი არასერიოზულად მიიჩნევს.
რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, როგორც გრიგოლ ვაშაძემ „ტვ პირველთან“ განაცხადა, გეგმების შესახებ მხარდამჭერებს ეტყვიან 16 დეკემბერს, ხოლო შემდეგ გაიგებენ ჟურნალისტებიც.
ვაშაძის თქმით, ინაუგურაცია სადაც უნდა იქ ჩაატარონ, ოპოზიციას სრულიად სხვა გეგმები აქვს, თუმცა არ გავა კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებს გარეთ. როგორც ჩანს, მოქმედების კონტურები უკვე ცნობილია:
„მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო ალბათ ბევრისთვის საყვარელი პარიზი, სადაც კვირას მთელი ღამე მიდიოდა ხელჩართული, სტალინგრადის მაგვარი ბრძოლა პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმსა და ყვითელ ჟილეტებს შორის, რომელიც დამთავრდა იმით, რომ ხელისუფლებამ ყვითელ ჟილეტებს შესთავაზა მოლაპარაკება“, - განაცხადა ვაშაძემ.
თუ ინაუგურაცია შედგება ძნელი სათქმელია, რაზე წასვლას აიძულებს „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებას და როდის.
მაგალითად, ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე აქციების განახლებას უფრო გაზაფხულიდან ელოდება.
„არ მგონია, რომ დღეს პერმანენტული აქციების რესურსი ჰქონდეთ. გარდა ამისა, 16 დეკემბრიდან იანვრის შუა რიცხვებამდე არის საახალწლო ღონისძიებების დრო, რომელიც პოლიტიკისთვის აბსოლუტურად მკვდარი პერიოდია“,- მიიჩნევს ექსპერტი.
მისივე შეფასებით, თუ გააქტიურებას გეგმავენ, სჯობს გადადონ გაზაფხულისთვის, რადგან ოპოზიციას ძალიან მომგებიანი სიტუაცია აქვს - ყველა დაპირება, რაც ხელისუფლებამ გასცა, ჰკიდია მის კისერზე და თუ ოპოზიცია ძალიან იჩქარებს, შეიძლება უარესი გამოუვიდეს.
„დღეს „ნაცმოძრაობას“ საპროტესტო ტალღაზე არც ერთი პარტია არ აჰყვება - პარტიები ამბობენ, რომ საარჩევნო პროცესის ცვლილებას ეთანხმებიან, მაგრამ ერთია თანხმობა და მეორე - მობილიზება. გაერთიანების გარეშე კი აქციები სარისკოა“, - აღნიშნავს ძაბირაძე.