სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, შესაძლოა, თბილისში არ გაიმართოს. საამისოდ რამდენიმე ქალაქი განიხილება. ერთ-ერთი ვარიანტია ფოთი, რომლის აღმშენებელობაც სალომე ზურაბიშვილის წინაპრის - ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება. ნიკო ნიკოლაძე ფოთის თავად (მერად) მოსახლეობამ ზედიზედ ხუთჯერ აირჩია და 20 წელი სათავეში ედგა ამ ქალაქს, მისი ხელმძღვანელობით ჭაობიანი პატარა ფოთი დიდი პერსპექტივის ქალაქად იქცა. იმასაც ამბობენ, 1905 წლის რევოლუციის შემდეგ ნიკო ნიკოლაძემ ფოთი გადაწვისა და დანგრევისგან იხსნა. კერძოდ, როცა რუსების გენერალმა ალიხანოვ-ავარსკიმ რევოლუციის ალში გახვეული თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო გადაწვა, მაშინ მხოლოდ ფოთი გადარჩა. ფოთისკენ მიმავალ გენერალს მაშინდელი ქალაქის თავი ნიკო ნიკოლაძე გზაში შეეგება და შეაშინა, ფოთი უცხოეთშია დაზღვეული და, თუ დააქცევთ, მთელი ზარალის ანაზღაურება პირადად ხელმწიფე-იმპერატორს მოუწევსო. ალიხანოვ-ავარსკიმაც ჯარი უკან გააბრუნა...
დღეს ნიკო ნიკოლაძის შთამომავლმა ქალბატონმა არ იცის, სად გაიმართება მისი ინაუგურაცია. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ არის, სხვადასხვა ვარიანტი განიხილება, თუნდაც თბილისშია რამდენიმე ვარიანტი და, როცა თავად ეცოდინება, მაშინ ეტყვის ჟურნალისტებს.
„ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სთავაზობს ივანიშვილს, რომელსაც „ვერ შეურჩევია ინაუგურაციის ადგილი“, რადგან ივანიშვილმა არჩევნები იყიდა, ინაუგურაციაც დენდროლოგიურ პარკში გამართოს.
კიდევ უფრო მეტ დიდსულოვნებას ამჟღავნებს მურმან დუმბაძე. ის ამბობს: „ნუ ეშინია ქალბატონ სალომეს და მის გუნდს, ჩაატაროს ინაუგურაცია დედაქალაქში, თუ უნდა, რუსთაველზე ჩაატაროს, გინდა პარლამენტის ეზოში ან მის მიღმა. ნუ გადააქვთ სხვა ქალაქში, ამის საფრთხე ჩვენგან მას არ ექნება, ჩვენ კონსტიტუციის მიღმა არ ვიმოქმედებთ“.
საქართველოს წინამორბედი პრეზიდენტების ინაუგურაცია ახსოვს - მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის. 2004 წლის 24 იანვარს გელათის სამონასტრო კომპლექსი ცნობისმოყვარეებს ვერ იტევდა, რადგან გელათაში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მაშინდელ ახალ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ლოცავდა, სააკაშვილი კი დავით აღმაშენებლის საფლავზე ფიცს დებდა, რომ მისი ცხოვრების მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იყო და ყველაფერს გააკეთებდა ამ მიზნის მისაღწევად.
„მისი აღმატებულება“ სააკაშვილის ინაუგურაცია პომპეზურად მიმდინარეობდა - საქართველოს სამთავროების დროშები, ჩოხებში გამოწყობილი მომღერლები, ანთებული კელაპტრები, ძველი ქართული საგალობლები. როგორც ჩანს, ღონისძიების ორგანიზატორები სააკაშვილის სულიერ ინაუგურაციას უფრო მეტ დატვირთვას ანიჭებდნენ. საღამოს 6 საათისთვის კი სააკაშვილი თბილისში დაბრუნდა, სადაც პარლამენტის შენობის წინ დადო ფიცი საქართველოს კონსტიტუციაზე.
რაც შეეხება მარგველაშვილს, ჩანაფიქრის მიხედვით, ევროპული ტიპის პრეზიდენტის ინაუგურაცია ევროპული ყაიდის უნდა ყოფილიყო. ამდენად, ცერემონიალს პომპეზურად არ უნდა ჩაევლო და არ უნდა ყოფილიყო არც ავიაცია, არც მძიმე ტექნიკა, არც სპეციალურად მოწვეული შემსრულებლები, რაც ყოფილი პრეზიდენტისთვის განუყრელი ატრიბუტიკა იყო.
გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის წინ ყველაზე დიდი შფოთვის საგანი ის იყო, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრებოდა თუ არა ცერემონიალს, რომელშიც თბილისის მერიამ 211 600 ლარი გაიღო. ყოველ შემთხვევაში, მოსაწვევები მასაც და შევარდნაძესაც გაუგზავნეს, განსხვავებით, ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახისგან, რომელსაც მოსაწვევი არ მიუღია.
იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მივიდოდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით საგანელიძეს გადაწყვეტილი ჰქონდა ცერემონიალზე არ მისულიყო, იმ მოტივით, „რა უნდა მიხეილ სააკაშვილს იმ ზეიმზე, რასაც მარგველაშვილის ინაუგურაცია ჰქვია?!“ თუმცა ცერემონიალზე სააკაშვილი არ მისულა.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია შესაძლოა, თბილისში იმიტომ არ გაიმართოს, რომ ზედმეტ დაძაბულობას ერიდებიან, რათა არ მოხდეს გაუთვალისწინებელი რამ, თუნდაც მაჩალიკაშვილისა და სარალიძის ტრაგედიების გამო.
„თუკი ინაუგურაცია თბილისში ჩატარდება, ყველამ იცის, რომ ამისთვის იდეალური ადგილია პარლამენტის ეზოში, მაგრამ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები რეჟისურაში არ ჯდება. გახსნილი უნდა იყოს პარლამენტის შენობა და იქ შესვლა პრობლემური არ უნდა იყოს. მეორე მხრივ, იქ მდგომ ხალხსაც ხომ არ აყრიან? ამიტომ, ცხადია, დაძაბულობას ერიდებიან. საქართველოში ბევრი ღირშესანიშნავი ადგილია. რა თქმა უნდა, ჯობდა, რომ ეს ყოფილიყო ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი, სადაც არის პარლამენტი, მაგრამ რადგან ასეთი მდგომარეობა გვაქვს, არც ინაუგურაციის სხვაგან გადატანაა დიდი ტრაგედია“,-აცხადებს დავით ზარდიაშვილი და საინაუგურაციოდ თელავს გვთავაზობს.
მიუხედავად იმისა, რომ თელავში სალომე ზურაბიშვილმა ვერ გაიმარჯვა, ეს იქნებოდა კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, რომ ზურაბიშვილი არ არის მხოლოდ მათი პრეზიდენტი, ვინც ხმა მისცა, არამედ მათი პრეზიდენტიცაა, ვინც მის წინააღმდეგ მისცა ხმა. თანაც, თელავი სატახტო ქალაქია. დავით ზარდიაშვილის განმარტებით, ასევე, შესანიშნავი იქნებოდა გელათი, მაგრამ გელათთან ცოტა ცუდი ასოციაცია ჩნდება, რადგან სააკაშვილი რომ გახდა პრეზიდენტი, სწორედ გელათში წავიდა. ანალიტიკოსის აზრით, მცხეთაც ბრწყინვალე ქალაქია, ასე რომ, არჩევანი ბევრია.
თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აბსოლუტურად გასაგებია, რომ თბილისში არ უნდა ჩაატარონ ინაუგურაცია, რადგან შეიძლება ძალიან სამარცხვინო რამ მოხდეს, ვიცით რა „ნაცმოძრაობის“ ბუნების შესახებ.
„კარგი იქნება, თუ არ შევრცხვებით ინაუგურაციის ჩატარების დროს. არც ფოთი იქნება ცუდი, არც ქუთაისი, არც ზუგდიდი და არც თელავი, ოღონდ ეს ნორმალურად უნდა ჩატარდეს და არ ვისახელოთ თავი, როგორც არასერიოზულმა და პოლიტიკურად უმწიფარმა ერმა“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.