„ეს ადამიანი არადეკვატურია, მის მიმართ განაჩენია დამდგარი, მაგრამ გიჟი თავისუფალია...“

„ეს ადამიანი არადეკვატურია, მის მიმართ განაჩენია დამდგარი, მაგრამ გიჟი თავისუფალია...“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, ქართულ პოლიციას, შეიარაღებულ ძალებს და სახელმწიფო აპარატში დასაქმებულ საქართველოს მოქალქეებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილი არაერთი სისხლის სამართლის საქმეზე არის ძებნილი, რომელსაც ქართულმა სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

ძებნილი სააკაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ლიდერი და მმართველია, მომხრეებს კვირას თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მუწოდებს და საქართველოს მასშტაბით მასობრივ საპროტესტო ქმედებების დაწყებისკენ მოუწოდებს.

იმ შემთხვევაში, თუ კვირას რაიმე სახის კანონდარღვევა დაფიქსირდება, შსს შესაბამისად იმოქმედებს. გიორგი გახარიას უწყება სააკაშვილის საპასუხოდ აცხადებს, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

„თუ იქნება კონკრეტული მცდელობები რაიმე სამართალდარღვევის ჩადენის, კონკრეტული მცდელობები დანაშაულის, ბუნებრივია, ამაზე შსს რეაგირებას მოახდენს, მათ შორის, მოწოდებების გარეშეც“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.

სააკაშვილის მოწოდების მთავარი ადრესატი შეიარაღებული ძალებია. თუმცა, როგორც თავდაცვის მინისტრი აცხადებს, ე.წ. სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე საუბრისას ჯარი მოიხსენიეს, მაგრამ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჯარი მსგავსი შემოტევებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული.

„ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი, ეგრეთ წოდებულ, სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე საუბრობს და ამ კონტექსტში ჯარს მოიხსენიებს. პირადად, მე და თითოეული ჩვენგანი გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს მონაპოვარი – ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა, ყოველგვარი მსგავსი შემოტევებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული“, – განცხადება ლევან იზორიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დაუმორჩილებლობის იდეას პერსპექტივა არ აქვს, ხელისუფლება პასუხისმგებელია სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე, რაც მისი თქმით, აუცილებლად იქნება ხელისუფლების მხრიდან უზრუნველყოფილი.

„პერსპექტივა ასეთ ინიციატივებს არ აქვს. ხედავთ, რომ თვითონაც არ არიან ჩამოყალიბებული და გარკვეული, ვის მოუსმინონ – საკუთარ ლიდერს თუ საერთაშორისო თანამეგობრობას. ეს არის „ნაცმოძრაობის“ რადიკალური განცხადებები, რომელიც არის აცდენილი რეალობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან კობერიძე თვლის, რომ მნიშვნელოვანია, შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ არასაქართველოს მოქალაქის სახელმწიფო გადატრიალებისკენ მიმართული რიტორიკით. დეპუტატის შეფასებით, ქვეყანაში ქაოსის, დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების მცდელობის სცენარი წინასწარ განჭვრეტადი იყო.

„ამის დასტურია არჩევნების წინ და არჩევნების პერიოდში ოპოზიციის რიტორიკა, ასევე, რაც დღეს ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ, ხაზი გავუსვათ და შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ არასაქართველოს მოქალაქის სახელმწიფო გადატრიალებისკენ მიმართული რიტორიკით. ვაშაძე ამბობს, რომ 800 ათასმა ადამიანმა მისცა დასტური დაუმორჩილებლობისა და არჩევნების არცნობისკენ მიმართონ მთელი ენერგია. გასათვალისწინებელია, რომ სალომე ზურაბიშვილს ხმა 1 მლნ 200 ათასმა ადამიანმა მისცა.

სამწუხარო მეტამორფოზას განიცდის, როდესაც პროგრესული ბლოკჩეინების თემებზე საუბრობდა თავის დროზე, არჩევნების დროს და ახლა ფაქტობრივად, მგონი, რომელიღაც ბლოკჩეინმა მის გონებაში რაღაც ხარვეზი გამოიწვია და შესაბამისად აკეთებს ასეთ განცხადებებს. პირდაპირ ვიტყოდი – პოლიტიკური რეგრესი შეიმჩნევა მის ცხოვრებაში“, – აღნიშნა ლევან კობერიძემ.

სამართალმცოდნე ირმა ჭკადუა შესაბამის უწყებებს ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს, რადგან სააკაშვილის მოწოდება დესტაბილიზაციისკენ, არის პირდაპირი მოწოდება კონსტიტუციური წყობიდან გამოსვლაზე.

„ეს ადამიანი არადეკვატურია, მის მიმართ განაჩენია დამდგარი, მაგრამ გიჟი თავისუფალია, მთელს მსოფლიოს ურტყამს წრეს, არ ვიცით ვისი მოქალაქეა, არ ვიცით ვისი პოლიტიკოსია. მისი მოწოდება არის შეურაცხყოფა ხელისუფლებისთვის. წარმოგიდგენიათ ჩვენთან ვიღაცა შეხიზნულმა მოუწოდოს საფრანგეთის მოქალაქეებს, რომ მათ მოახდინონ დესტაბილიზაცია, ეს ხომ მინიმუმ საერთაშორისო სკანდალის საფუძველი გახდება?!

გამოძიება ყველა შემთხვევაში უნდა დაიწყოს და ნაბიჯები უნდა იყოს ადეკვატური იმისა, რას იზამენ ის ლიდერები, რომელსაც ის მოუწოდებს. უნდა გააქტიურდეს შესაბამისი უწყება, რადგან ის არის ძებნილი ადამიანი, რომელსაც სასჯელი აქვს მისჯილი ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ აქ არის როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური პრობლემა. ჩვენმა პოლიტიკოსება საქმის კურსში უნდა ჩააყენონ საერთაშორისო ორგანიზაციები“, – აცხადებს ირმა ჭკადუა.

სააკაშვილის ქმედებები და რიტორიკა ძნელი გამოსაცნობი არ არის კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძისთვის, მაგრამ როგორ უნდა იმოქმედოს ქართულმა მხარემ ამ შემთხვევაში, მისი თქმით, ეს უფრო პოლიტიკური საკითხია, ვიდრე სამართლებრივი.

„გასაგებია, მან მოითხოვა დაუმორჩილებლობა, მაგრამ ეს აჯანყებისკენ მოწოდებაა, თუ დაუმორჩილებლობა საყოველთაო გაფიცვას ნიშნავს, არ არის ეს დეფინიცირებული. ასე რომ, პირდაპირ დაადანაშაულო რადიკალიზაციაში, ეს არ გამოვა. მეორეც, არანაირი შედეგი ამას არ ექნება. რაღაცას თავისთვის ლაპარაკობს, მაგრამ არაფორმალურად ის აკონტროლებს „ნაციონალურ მოძრაობას“. საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა როცა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, შემდეგ უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვეს, ახლა ვისი მოქალაქეა კაცმა არ იცის.

ამიტომ, ეს არ არის ის თემა, რომელსაც ხელისუფლება უნდა გამოეკიდოს, რადგან ეს უფრო პოლიტიკური თემა მგონია, ვიდრე სამართლებრივი. მისი გადმოცემაზე რომ დაიწყოს მუშაობა, ამას გაცილებით უკეთესად გამოიყენებენ „ნაციონალები“ და თვითონ სააკაშვილი, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება, რომელიც სამწუხაროდ, პიარში ძალიან მაგრად მოიკოჭლებს. მეორე საკითხია, ინტერპოლი ასეთ საკითხებზე გააკეთებს თუ არა რეაგირებას, ესეც საკითხავია“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.