ნაციონალური ცუღლუტობა

ნაციონალური ცუღლუტობა

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება – ასეთია მმართველი გუნდის პასუხი ოპოზიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით. უმრავლესობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას სერიოზულად არ აღვიქვამენ და უკვე მინიჭებული მანდატით აგრძელებენ მუშაობას. პრემიერ–მინისტრის განცხადებით, არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის, რადგან არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში, რაც ქართული დემოკრატიისთვის კიდევ ერთი გამარჯვებაა.

„ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა არჩევნების გამჭვირვალედ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების ტრადიცია და ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ამ მონაპოვარს. მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ექსცესებსა და პროვოკაციებს, ამ ექსცესებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა არ იქონია, რასაც ადასტურებს ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დასკვნები და როგორც არ უნდა ეცადონ ოპონენტები, ამ სურათს ვერავინ შეცვლის. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ გამარჯვებასა და ქართველი ხალხის არჩევანს ჩრდილს ვერავინ მიაყენებს. არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რატომ არ ეთანხმებიან არჩევნების შედეგებს ოპონენტები, გაუგებარია ვიცე–სპიკერისთვის.

„მოსალოდნელი იყო, ან უნდა ღირსეულად აღიარო, რომ დამარცხდი, შეცდომები გაანალიზო, შორს გაიხედო და ქვეყანაზე იფიქრო, ან ასეთი განცხადება უნდა გააკეთო. არ აღაირებ შედეგებს და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი დიდი მხარდაჭერა არასოდეს ჰქონია და ა.შ. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ მეორე გზას გაყვნენ და კიდევ ერთი დიდი შეცდომა დაუშვეს“, – აცხადებს გია ვოლსკი.

გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძეს განცხადებით, არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან.

ოპოზიციის ეს მოთხოვნა გაუგებარია კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძისთვის, რომლის განცხადებით, პატარა ცუღლუტობაა იმაში, რასაც აპროტესტებენ და იმაში, რასაც ითხოვენ. მისი თქმით, თუკი პრეზიდენტის არჩევნებს არალეგიტიმურად თვლიან, მაშინ არჩევნების შედეგების გაუქმება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა უნდა მოითხოვონ.

„რა შუაშია აქ საპარლამენტო არჩევნები? მაგრამ პრობლემა იცით რაშია? – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები შეიძლება დანარჩენი ოპოზიციის ინტერესებში აღმოჩნდეს. ამიტომ ითხოვენ, იქნებადა ამით მიიზიდონ დანარჩენი ოპოზიცია, ამიტომ აქვთ აქცენტი კვირის აქციაზე გაკეთებული, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო არ აღმოჩნდეს ამ აქციაზე. სხვა ლოგიკა მათ მოთხოვნაში არ არის. არის მეორე მომენტი, მისმა „უდიდებულესობამ“ მიხეილ სააკაშვილმა მოსთხოვა დაიწყეთ დაუმორჩილებლობაო.

ეს ოპოზიციაც საკამოდ ცუდ დღეში აღმოჩნდა -სააკაშვილისთვის უარის თქმა არ გამოვა. ვინც უარი უთხრა, ყველამ დატოვა პარტია, მართალია ევროპელები გახდნენ, მაგრამ მერე დაიბნენ და გარკვეული დროით ისევ მამა-მარჩენალს დაუბრუნდნენ. არჩევნების შედეგებს რომ არავინ გააუქმებს, მშვენივრად იციან, სიტყვა არალეგიტიმურობა არავის დაუძრავს. ამიტომ შეცვალეს დღის წესრიგი და ახლა ითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ეს არის მათი მანევრების მიზანი“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, კონსტიტუციონალისტის განმარტებით, ვადამდელი არჩევნები ინიშნება მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, როდესაც პარლამენტი ვერ ახერხებს აღმასრულებელი ხელისუფლების ჩამოყალიბებას. ასეთ შემთხვევაში, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები.

„მაგრამ ჩვენს რეალობაში ყველა პრეზიდენტს ჰყავდა მორჩილი უმრავლესობა. ამიტომ, ასეთი კრიზისი არ დადგება. მაგრამ შეიძლება კრიზისის მეორენაირად ჩამოყალიბება. კერძოდ - კრიზისი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. თუ მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელისუფლებაზე განხორციელდება ზეწოლა, აქ შეიძლება ხელისუფლება წავიდეს დათმობაზე და ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები.

ასეთი სიმპტომები, რომ შესაძლებელი იყოს საპროტესტო ტალღის აგორება ისე, რომ ამან მთელი საქართველო მოიცვას, არ იგრძნობა. ამიტომ არაფერიც არ იქნება. თუ ხელისუფლება „არ წაეხმარა“ ეს აქცია ერთი დღე გაგარძელდება და დაიშლება“, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

კონსტიტუციონალისტი კონსტანტინე ჩოკორაია ამბობს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა არის პოლიტიკური მოთხოვნა და ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს საშუალება, რომ ეს მოითხოვოს. მისი თქმით, ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ქვეყანაში საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკური ძალების მიმართ განსხვავებულია იმისგან, რაც არის პარლამენტის წარმომადგენლობაში ასახული.

მისი თქმით, შესაძლებელია, რომ ხელისუფლებისთვის, უმჯობესი იყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ახლა ჩატარება, რადგან რაც დრო გავა, უფრო მეტ მხარდამჭერს დაკარგავს.

„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა არის პოლიტიკური მოთხოვნა და ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს საშუალება, რომ ეს მოითხოვოს. დღეს „ქართულ ოცნებას“ არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერა, საქართველოს პარლამენტი არ ასახავს მოსახლეობის ნებას.

აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არჩევნების პირველი ტურის შედეგები. პირველი ტური ნათელი მაგალითია იმისა, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში არ აქვს არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობის, არამედ 40%–იანი მხარდაჭერაც კი. არ შეიძლება ასეთი კონფიგურაციის პარლამენტი არსებობდეს. ეს წარმოშობს მთელ რიგ პრობლემებს იმიტომ, რომ რეალურად ეს ძალაუფლების მითვისებას ნიშნავს. სწორედ, ამიტომ, საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და ასე ჩატარდეს არჩევნები. შესაძლებელია, რომ ხელისუფლებისთვის, უმჯობესი იყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ახლა ჩატარება, რადგან რაც დრო გავა, უფრო მეტ მხარდამჭერს დაკარგავს“, – განაცხადა კონსტანტინე ჩოკორაიამ.