სალომე ზურაბიშვილი 59.52 %; გრიგოლ ვაშაძე 40.48 %. ამ შედეგთ დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ქალი გახდა, რომელიც 6 წლის განმავლობაში იქნება ქვეყნის მთავარსარდალი. სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სავარუდოდ, 16 დეკემბერს გაიმართება. ქვეყნის ახალი პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას სწორედ ინაუგურაციის შემდეგ შეუდგება.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის რანგში მისი პირველი ვიზიტი შედგება ევროპაში. დასახელდა რამდენიმე დედაქალაქი და მათ შორის ბრიუსელი, სადაც ევროკავშირისა და ნატოს შტაბ–ბინებია განთავსებული.
„მე მგონი, არავისთვის საკვირველი არ იქნება, რომ ჩემი პირველი ვიზიტი იქნება ევროპა, ბრიუსელი, იქნება ბერლინი და პარიზი და იქნება ის ბალტიის ქვეყნები, რომლის პრეზიდენტმა ქალმა მომილოცა პირველმა გაპრეზიდენტება გუშინ ღამით“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავენ დასავლელი ლიდერები. მათ შორის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიტვის, უკრაინის პირველი პირები. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი კონსტანტინე კოსაჩოვი იმედოვნებს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგი აღდგება. მისი თქმით, არჩევნების შედეგი ზომიერად დადებითია, თუმცა არ გამორიცხავს საქართველოში დაპირისპირებას, უკვე ქუჩის ფორმატში.
„რუსეთის მიმართულებით არ მოველი მკვეთრ ცვლილებებს. თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოცდილი და პრაგმატული პოლიტიკოსია, მინდა იმედი მქონდეს, რომ დიალოგის სივრცე სულ მცირე არ შემცირდება, უკეთესი იქნება თუ გაიზრდება. დიალოგი ახლა ორივე ქვეყნის ინტერესებშია“, – განაცხადა კონსტანტინე კოსაჩოვმა.
პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ზურაბ აბაშიძემ აცხადებს, რომ სამწუხაროდ, ქართული მხარე რუსეთის მხრიდან ასეთ მზაობას ვერ ხედავს.
„პირიქით, ის ნაბიჯები, რაც იდგმება ოკუპირებულ რეგიონებში, მხედველობაში მაქვს ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, ზოგადად, საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების ხელყოფა იმაზე მეტყველებს, რომ მოსკოვი მზად არ არის პრინციპული მნიშვნელობის საკითხებზე კონსტრუქციული დიალოგისათვის“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
კასაჩოვის განცხადებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია საქართველოს ახალ პრეზიდენტს. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ მოსკოვში ძალიან კარგად იციან სალომე ზურაბიშვილთან დიალოგი, მისი დაწყების წუთიდანვე, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაზე იქნება.
„ვხედავთ, რომ დასავლელი პარტნიორების ძალისხმევის მიუხედავად, სიტუაცია არ იცვლება. ჩვენ გვჭირდება საკუთარი ინიციატივები, რომელიც ჩვენი პარტნიორების ძალისხმევასაც ხელს შეუწყობს და დეოკუპაციის პროცესს ნაბიჯ–ნაბიჯ შეცვლის. ახლა ეს შეიძლება ილუზიად მოგვეჩვენოს, მაგრამ ბორდერიზაციის პროცესის გაჩერება, გარკვეულწილად ადამიანის უფლებების დაცვა და ზოგიერთი სხვა საკითხი, ახლავე რომ დღის წესრიგში დგას, ეს ფაქტია და ამას მოვლა სჭირდება.
სალომე ზურაბიშვილის გამოცდილება და საერთაშორისო კავშირები გარკვეულ იმედს გვაძლევს და ამის გაკეთება შესაძლებელია. ვთვლი, რომ ურთიერთობების დონე შეიძლება აიწიოს, ასეთი ტიპის პრეზიდენტის პირობებში, ამასთანავე, არსებობს რესურსიც იმისა, რომ რაღაცით დავიწყოთ“, – აცხადებს მამუკა არეშიძე.
ასე არ ფიქრობს ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თორნიკე შარაშენიძე, რომლის განცხადებით, პრეზიდენტის პოსტზე სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას გაცილებით მეტ პრობლემას მოუტანს, ვიდრე მოუტანდა გრიგორ ვაშაძე.
„ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტზე გიორგი მარგველაშვილზე უფრო მეტად გაჯიუტდება, რადგან ზურაბიშვილი ძალიან რთული ხასიათის ადამიანია. მას „ქართულ ოცნებაში“ რეალურად არ იცნობენ. ახლა დაიწყეს მისი გაცნობა, მაგრამ გვიანი აღმოჩნდა. მას გაცილებით უკეთ იცნობენ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ვინც მასთან მუშაობდა და მაშინდელი მთავრობის წევრები“, – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან გარკვეულ სიურპრიზებს ელოდება ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის შეფასებით, გარკვეულწილად, ეს იქნება ტრაგიკომიკური გასართობი კინკლაობა. ხუხაშვილი თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერ იქნება იგივე ტიპის დაპირისპირებაში ჩართული მმართველ გუნდთან, როგორც გიორგი მარგველაშვილი, თუმცა გარკვეული კინკლაობა მათ შორის მაინც იქნება.
„სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ თამამი ადამიანია, მე როგორც ვიცნობ და მისგან გარკვეულ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არის სახელისუფლებო ცენტრების ნაწილი, მას ბევრი არც არაფრის გაკეთება ან გაფუჭება არ შეუძლია. გარკვეულწილად, ეს იქნება ტრაგიკომიკური გასართობი კინკლაობა ჩვენთვის. ეს არ იქნება იგივე ტიპის კინკლაობა, რაც იყო მარგველაშვილის შემთხვევაში. სალომე ზურაბიშვილისგან უფრო მეტ აგრესიას უნდა ველოდეთ. სისტემურად ბევრს ვერაფერს დააზიანებს, მაგრამ გასართობი გვექნება“, – ამბობს გია ხუხაშვილი.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ არის ვალდებულებები, მათ შორის ფინანსური, რაც „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილში ჩადო და ეს ვალდებულებები მას გარკვეულ ნაბიჯებს „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადაადგმევინებს.
„მნიშვნელოვანი და მისასალმებელი იყო პირველი ფრაზა, რაც პრეზიდენტის რანგში თქვა, რომ იქნება ყველას პრეზიდენტი და გამონახავს გზას იმ ადამიანებთან დიალოგისთვის, რომლებმაც მას ხმა არ მისცეს. ეს არაა მხოლოდ საქართველოს 780 000 მოქალაქე, არამედ ისინიც, ვინც სახლში დარჩნენ და არჩევნებზე არ მივიდნენ და პროტესტი გამოუცხადეს ორივე კანდიდატს. მათთან დიალოგის რეჟიმის შენარჩუნება მთლიანად სალომე ზურაბიშვილზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენად მონახავს ზურაბიშვილი ძალას, იყოს გახსნილი მათთან დიალოგისთვის და იყოს მართლაც ყველას პრეზიდენტი. ეს მის პიროვნულ სიძლიერეზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
ექსპერტი თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამაერთიანებლის სიმბოლო უნდა იყოს. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ არენაზე ზურაბიშვილის ბოლო განცხადებას, რომელიც მან ქერჩის სრუტეში უკრაინა–რუსეთის საზღვაო კრიზისთან დაკავშირებით გააკეთა, ლაგაზიძის დაკვირვებით იყო რაციონალური და სრულად შეესაბამებოდა საქართველოს ინტერესებს.
„იმედია მის საგარეო პოლიტიკურ არენაზე ამ გეზს გააგრძელებს, რომელიც ენგურის ხიდთან დააფიქსირა და იქნება საკუთარი ქვეყნის ინტერესების არა მარტო გამტანი, არამედ დამცველი საერთაშორისო არენაზე“, – აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.