„სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა იმიტომ, რომ ამომრჩევლებმა არეულობას სტაბილურობა ამჯობინეს“, – წერს ტვიტერის საკუთარ გვერდზე ევროპარლამენტის წევრი ანა გომეში, რომლის შეფასებით, მიუხედავად ხისტი რიტორიკისა, რომელიც ყველას მიერ იყო გამოყენებული და მმართველი პარტიისა და მისი ოლიგარქი ლიდერის არადემოკრატიული მეთოდებისა, მხარი დაეჭირათ სალომე ზურაბიშვილისთვის, ამომრჩევლებს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდათ.
გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, კვირას რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს. „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ეს არის ერთ-ერთი გზა, რომ ხელისუფლებამ გაიგოს საზოგადოების ხმა. ვაშაძის შეფასებით, საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი და გუშინ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა.
„არ ვაღიარებთ არჩევნებს და არ ვცნობთ მის შედეგებს. საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი და მათთან მორალური და პოლიტიკური ვალდებულება არ აქვთ“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას 800 ათასმა ადამიანმა მისცა მანდატი და ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. თუმცა, აქვე ამბობს, რომ ქვეყანაში არც ერთ შემთხვევაში დაპირისპირება არ იქნება. ვაშაძე არ აკონკრეტებს იზიარებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით. ამბობს, რომ სააკაშვილის განცხადება ერთი კონკრეტული ადამიანის მოსაზრებაა.
„ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება გითხარით ფილარმონიაში. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ესაა ერთი კონკრეტული ადამიანის განცხადებები, საკუთარი მოსაზრებები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სააკაშვილის განცხადებამ დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია „ნაციონალურ მოძრაობაში“. ინიციატივას მხარს არ უჭერს გრიგოლ ვაშაძე, მათ შორის პარტიის მცირე რაოდენობა. ინიციატივას იზიარებენ პარტიის რეგიონის წარმომადგენლები. სააკაშვილის მოწოდებას ემიჯნება „ევროპული საქართველო“. დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ პარტიის სამოქმედო გეგმაში არავითარ შემთხვევაში არ იქნება ადგილი ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციისთვის.
„არ იქნება ისეთი ტიპის მოქმედებები, რომელიც გამოიწვევს სამართალდამცავი სისტემის, პოლიციის და ჯარის დაუმორჩილებლობას და ჩართულობას პოლიტიკურ პროცესში. პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე პარტია ჩამოყალიბდება თუ როგორია ჩვენი საბოლოო შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით და რა გზას აირჩევს პარტია სამომავლოდ მუშაობის მხრივ.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში სტაბილურობას და სიმშვიდეს საფრთხეს უქმნის, პირველ რიგში, ივანიშვილის ხელისუფლება და ის მეთოდები, რა მეთოდებითაც გუშინ ჩაატარა არჩევნები. სწორედ აქედან გამომდინარე, მთელი პასუხისმგებლობით მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან ინტერესს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერისგან დამამცირებელი გამონათქვამები გასაკვირი არ არის საპარლამენტო უმრავლესობისთვის. მმართველი გუნდის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გრიგოლ ვაშაძემ სააკაშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ, მნიშვნელოვნად დაკარგა მხარდაჭერა.
„ვფიქრობ, რომ საერთოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ვაშაძემ, ზოგადად, ამ მიმართულებამ, არ ვიცი რა ვუწოდო, მნიშვნელოვნად დაკარგა მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა არაადეკვატური განცხადებები გააკეთა. ეს ის არის, რაც ყველა შემთხვევაში საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ აწყობს, არათუ არ აწყობს, შიშით უყურებს ასეთ პერსპექტივას. დესტაბილიზაცია არ არის მარტო სააკაშვილის ამოჩემება, მე ვფიქრობ, რომ გარკვეული გეგმითაც მოქმედებს. მას გააჩნია გარკვეული სტრატეგიული გეგმა და ამ გეგმის ნაწილია დესტაბილიზაცია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
დაანონსებული საპროტესტო აქციისა და მეორე ტურის არჩევნების შედეგების მიუხედავად, ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის განცხადებას ერთგვარი ტექნოლოგიური დატვირთვა აქვს, რომელიც არ განხორციელდება.
„ეს არ არის მისი ამ ტიპის პირველი განცხადება. მას აქვს თავისი როლი ქართულ პოლიტიკაში და თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეს სპექტაკლი იმდენჯერ გვაქვს ნანახი, რატომ გვიკვირს ხოლმე ყოველ ჯერზე. ეს არის პროვინციულ თეატრში დადგმული სპექტაკლი, სადაც ყოველთვის უკვირთ რატომ ახრჩობს ოტელო დეზდემონას. ეს არის მისი როლი და ამას თამაშობს.
ამაში პოლიტიკური ლოგიკაც არის იმიტომ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა არის არსაიდან მოსული 900 ათასი ამომრჩევლის შენარჩუნება. ახლა მიდის ეს თამაში. ის იტყვის რევულუციას, აქედან ეტყვიან – არა, მოდი სხვა სახე მივცეთ ამას. საბოლოოდ, შეთანხმდებიან იმაზე, რომ დაიწყონ პროცესი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით და ამ ტექნოლოგიით შეინარჩუნონ ეს ელექტორატი“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველშიც კი რევოლუციური სცენარის მომხრე იმდენად ცოტაა, რომ ამ სცენარს განვითარება არ უწერია. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ არჩევნების დასრულებისთანავე მიხეილ სააკაშვილი ასეთ განცხადებებს აკეთებს, გვიქმნის წარმოდგენას იმაზე, რას გეგმავდა ის, ალბათ, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.
„გამოვრიცხავ ყველანაირ დესტაბილიზაციასა და მასშტაბურ აქციებს იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ იმ 780 000 ამომრჩევლიდან რევოლუციური პროცესებისთვის ქუჩაში გამომსვლელი შეიძლება 780 კაცი არ იყოს. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველშიც კი რევოლუციური სცენარის მომხრე ძალიან ცოტაა, იმდენად ცოტა, რომ ამ სცენარს პერსპექტივა და განვითარება არ უწერია. ის ფაქტი, რომ არჩევნების დასრულებისთანავე სააკაშვილი ასეთ განცხადებებს აკეთებს, გვიქმნის წარმოდგენას იმაზე, რას გეგმავდა ის, ალბათ, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.