ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 57% მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 262 826 ხმა. რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს, მან 195 305 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 43% – ია.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ავღანეთის საარჩევნო უბნების შედეგებს აქვეყნებს. ორივე უბანზე – ბაგრამისა და მაზარი შარიფის უბნებზე – „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოიგო. შემაჯამებელ ოქმში აღნიშნულია, რომ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გახსნილ უბანში გრიგოლ ვაშაძემ 366 ხმა, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა – 316 ხმა მიიღო. სულ კი აღნიშნულ უბანზე მივიდა 750 ამომრჩეველი. რაც შეეხება მაზარი–შარიფის საარჩევნო უბანს, აქ გრიგოლ ვაშაძეს 86–მა ამომრჩეველმა, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 46–მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. ამ უბანზე ჯამში, ხმა მისცა 143–მა ამომრჩეველმა.
არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა ექს–პრეზიდენტი, რომელმაც საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა, რომ დღეიდან „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული ოპოზიცია გადის ქუჩებში და იწყებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პროცესს. მისი თქმით, მხარდამჭერებთან ერთად, პირველ რიგში, მოქმედებას იწყებენ საარჩევნო უბნებზე, ხოლო შემდეგ – ქუჩაში.
„ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება და იმედია, შედეგი მაინც იქნება. ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე. მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, დადგეს ხალხის მხარეს, მოვუწოდებ შეიარაღებულ ძალებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები, მოვუწოდებ სახელმწიფო აპარატის ჯანსაღ ნაწილს, გაემიჯნოს კრიმინალურ მაფიოზურ ბანდას, რომელიც საქართველოს დაეპატრონა. ხვალინდელი დღიდან ვიწყებთ მასობრივ ქმედებებს საქართველოს მთელი მასშტაბით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე არ აკონკრეტებს, იზიარებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, არ აღიარონ არჩევნების შედეგები და გამოაცხადონ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. ვაშაძე აცხადებს, რომ სამოქმედო გეგმას გაერთიანებული ოპოზიციის საბჭოს შეკრებაზე შეიმუშავებენ და საზოგადოებას ამის შემდეგ გააცნობენ.
„ნებისმიერ შემდგომ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ჩვენს სამოქმედო საკითხებზე გაერთიანებული ოპოზიციის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. მე მეტი კომენტარი არ შემიძლია გავაკეთო. ახლა ჩვენ გადართული ვართ იმაზე, რომ თითოეული ოქმი ჩვენს შტაბში მოვიტანოთ. თითოეული ხმა დავიცვათ და შედეგები თავიდან ბოლომდე დავითვალოთ.
შესაბამის სამოქმედო გეგმას აუცილებლად გაცნობებთ. ჩვენ ხმებს ვითვლით. მე შტაბის ხელმძღვანელი ვარ. დღე და ღამე უნდა ვიმუშაო და ბოლომდე მივიყვანო საქმე. არანაირად არ ვაპირებთ რამეს შევეშვათ ან რამე დავთმოთ. თითოეულ ხმას დავითვლით. დამატებითი განცხადებები ნებისმიერ სამოქმედო გეგმაზე ამის შემდგომ გვექნება. საბჭო შეიკრიბება და აბსოლუტურად ყველაფერს გადაწყვეტს“, –განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ნაციონალურ მოძრაოაბაში“ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ, დაემორჩილებიან თუ არა ლიდერის მოწოდებას, თუ გაემიჯნებიან. ნიკა მელიას განცხადებით, ყველაფერი გაერთიანებულმა ოპოზიციამ უნდა მოილაპარაკოს ერთობლივად, კონსესუსის საფუძველზე. მელიას განცხადებით, ოპოზიცია ბრძოლას ყველა შემთხვევაში გააგრძელებს, ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობით.
„არასოდეს არ გავსულვართ კონსტიტუციური ფარგლებიდან, რას არ გვაბრალებდნენ, კონსტიტუციის ფარგლებს გასცდნენ და ასე შემდეგ და არც ახლა არ გავცდებით, მაგრამ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც სახელმწიფო ინტერესებთან სრულ შესაბამისობაში იქნება. კრიმინალური ხელისუფლებისთვის ეს დათმობას და თავის დახრას არ ნიშნავს.
მიხეილ სააკაშვილი ერთ–ერთია. ჩვენ გაერთიანებულ ოპოზიციაზე უბრალოდ კი არ ვსაუბრობდით, რომ ეს გაერთიანებული ოპოზიციაა, გაერთიანებული ოპოზიცია მოვითათბირებთ და განცხადება ამის შემდეგ გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, ერთ აზრზე ჩამოვყალიბდებით და აქ ორი და სამი პოზიცია არ იქნება“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
საბოლოო შეფასებას კონსულტაციების შემდეგ გააკეთბს „ევროპული საქართველო“. დავით ბაქრაძის განცხადებით, კონსულტაციები იქნება, როგორც პარტიის შიგნით, ასევე პარტნიორებთან.
„ძალიან კარგად ვაცნობიერებთ შექმნილ ვითარებაში რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ძალას. ჩვენ დაველოდებით არჩევნების საბოლოო შედეგებს, დაველოდებით ცესკოს საბოლოო გადაწყვეტილებას.
გვექნება კონსულტაციები მათ შორის პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო დამკვირვებლებთან და აქედან გამომდინარე, ახლო მომავალში გაცნობებთ ჩვენს გადაწყვეტილებას სამომავლო გეგმებზე. არჩევნების პროცესი იყო მძიმე და ცუდი ქართული დემოკრატიისთვის“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
„რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ ვაშაძის პოზიციას, რადგან პოლიტიკურ დღის წესრიგს ვაშაძე და მის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური ძალები, მისი წარმდგენი – „ნაციონალური მოძრაობა“ განსაზღვრავს და ვერავინ ვერავის განუსაზღვრავს პოლიტიკურ დღის წესრიგს.
„ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მას შემდეგ, რაც გავიგებთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გრიგოლ ვაშაძე და მისი პოლიტიკური ძალა. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრიგოლ ვაშაძის პოზიცია. ნომერ პირველი პოლიტიკური ღირებულება აქვს გრიგოლ ვაშაძის პოზიციას. ამასთანავე, ჩვენ ბუნებრივია, გვაქვს კონტაქტები მის წარმდგენ პოლიტიკურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის პარტნიორ პარტიებთან. ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას.
ჩემი დაკვირვებით ვერავინ ვერავის განუსაზღვრავს პოლიტიკის დღის წესრიგს. პოლიტიკურ დღის წესრიგს, ჩემი შთაბეჭდილებით, განსაზღვრავს გრიგოლ ვაშაძე და მის ირგვლივ დარაზმული პოლიტიკური ძალები. „რესპუბლიკელები“ ვართ პარტნიორები და მხარს ვუჭერთ გრიგოლ ვაშაძის პოზიციას, რაც წინასაარჩევნოდ აქვს გამოცხადებული. „რევოლუცია იწვევს ზიზღს“ – ესაა გრიგოლ ვაშაძის სიტყვები“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურად ვერ აღიქვამს მოვლენებს და ვითარებას საქართველოში. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სააკაშვილის მიზანია, ქაოსი და მღვრიე წყალში თევზის დაჭერა, მაგრამ მისი დასაჭერი თევზები აღარ არსებობს, ის არის წარსული.
„ვერ მოითმინა და დაადასტურა, რაზეც ჩვენ ბოლო კვირების განმავლობში ვსაუბრობდით – მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ქაოსი და არეულობაა. როდესაც ჩვენ მოსალოდნელ არეულობაზე ვსაუბრობდით, ამას მისი ტელევიზიიდან აქილიკებდნენ. სააკაშვილი არის წარსული. საქართველო როგორც დღეს, ასევე მრავალჯერ ეტყვის უარს „ნაციონალურ მოძრაობას“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.
უმრავლესობის წევრი რომან კაკულია დარწმუნებულია, რომ საზოგადოება არასოდეს დაუშვებს რევოლუციური სცენარის განვითარებას. მისი თქმით, ქვეყნისთვის სიკეთის მსურველ ადამიანს არ შეიძლება, ხელს აძლევდე რევოლუციური სცენარი.
„ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი პრობლემა ის არის, რომ ყოფილი პრეზიდენტისა და მისი წარმომადგენლების განცხადებებში ერთი სიტყვაც არ იყო სიახლე. გასაკვირი ის იქნებოდა, მათ რომ სხვანაირი განცხადება გაეკეთებინათ. თუმცა ასევე მსურს, დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს საზოგადოება არასოდეს დაუშვებს რევოლუციური სცენარის განვითარებას. რა რაოდენობის მხარდამჭერებიც არ უნდა ჰყავდეთ, ამას ცალკე ანალიზი სჭირდება. ისევ ამ გზას ადგანან, მაგრამ ჩემი აზრით, დროის კარგვა ურჩევნიათ ნორმალურ პოლიტიკურ რიტმში დაბრუნებას“, – განაცხადა რომან კაკულიამ.