„იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა ხმების 58% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ-42%.
„ედისონ რისერჩის“ კვლევის თანახმად კი, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა 55%-მა დაუჭირა მხარი, გრიგოლ ვაშაძეს -45%-მა.
ეგზიტპოლების შედეგების მიუხედავად, საინტერესოა, რა ვითარებაში ჩაიარა დღევანდელმა არჩევნებმა და რით იყო იგი განსხვავებული წინამორბედებისგან? სანამ არასამთავრობოები საარჩევნო დარღვევებს სკრუპულოზურად აღნუსხავენ, ფაქტია, რომ ყოველ მომდევნო არჩევნებზე ამომრჩევლის საარჩევნო ყუთთან მიყვანის ტექნიკა „იხვეწება“ და ცივილიზაციის მოთხოვნილებებსაც პასუხობს.
ამ არჩევნებშიც არავის უკვირს, რომ „ნაციონალები“ ერთი დღით ადრე ადგენენ საჩივრებს, სადაც ერთი დღით ადრეა დაწერილი იმ დარღვევების შესახებ, რომლიც ერთი დღის შემდეგ უნდა „აღმოეჩინათ“.
ამ არჩევნებს განსაკუთრებული ხალისი შემატა იმ ფაქტმაც, რომ თვით ბიძინა ივანიშვილის ხმა მოგვიწოდებდა არჩევნებზე მისვლას და პრინციპული არჩევანის გაკეთებას. ამას ხუმრობაც მოჰყვა: „ერთხელ დამირეკა ივანიშვილმა და იქით მთხოვს დახმარებას“. ასევე, ამ არჩევნების ინოვაცია იყო ფოტოსურათებიანი სიების გამოჩენა, რომლითაც კოორდინატირები იყვნენ აღჭურვილნი.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი For. ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გასაგებია დღეს რაც მოხდა, ასეთი რამ ყოველთვის ხდებოდა და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. არც ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხმით ხორციელდებოდა ზარები. ეს ყველაფერი ტრაგიკომიკურია, მაგრამ განა რამე ხდება ისეთი, რაც არ გვინახავს ამ ქვეყანაში?
„უბრალოდ, არმია ადრე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მუშაობდა და იგივე არმია დღეს მუშაობს „ქართულ ოცნებაზე“. პატრონი შეიცვალეს. იმავე ქალებს ვხედავთ უბნებთან იმავე სიებით და ა.შ. თუ საბოლოოდ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, რაც დიდი ალბათობით, ასე მოხდება, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ არის „ოცნების“ გამარჯვება, ეს არის „ნაცმოძრაობის“ დამარცხება და არა მათი გამარჯვება, შესაბამისად, ეს მათ პრობლემას ვერ წყვეტს. ასე რომ, დღეს „ქართული ოცნება“ კი არ იგებს არჩევნებს, არამედ „ნაცმოძრაობა“ აგებს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური For. ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, სამივე ძირითადი ორგანიზაცია და, ალბათ, სხვებიც მეტ-ნაკლებად, „ნაცმოძრაობის“ სატელიტები, მათგან შექმნილი და სხვადასხვა გზით დაფინანსებულნი არიან და არ არის გასაკვირი, რომ ამ არჩევნების სამართლიანად ჩატარების შესახებ განსხვავებული აზრი თუ ექნებათ.
„ვერ გავიგე, რატომ აქვთ ასეთი გაღიზიანება და რატომ უჩივიან ხაინდრავას სასამართლოში? რა, არ იყო ეკა გიგაური კაპიტანი და არ არიგებდა პრემიებს დარბევის შემდეგ? სწორედ ამაში მიიღო კაპიტნობა და „ნაცმოძრაობამ“ შეუქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია ისევე, როგორც, ზვიად კუპრავა გამოაცხადეს ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლად. არადა, იგი „ნაცმოძრაობის“ ზონდერია. უბრალოდ, პირველი ტურის შემდეგ ხალხი მაინც გონს მოვიდა და 55% ვინც სახლში დარჩა, მათი უმეტესობა წავიდა არჩევნებზე და სწორი არჩევანი გააკეთა. სწორი არჩევანი იქნება, რომ დღევანდელი არჩევნებით საბოლოოდ უარს ვეტყვით „ნაცმოძრაობას“, - აცხადებს გიორგი ოთხმეზური.