მარნეულში და ბოლნისში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად მობილიზებულია სპეცტექნიკაც, მათ შორის, ორი ე.წ. კობრა. შსს–ში განმარტავენ, რომ საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობს და ხელისუფლება არჩევნების გაყალებით ცდილობს სალომე ზურაბიშვილის გაყვანას. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დღის წესრიგს არ იზიარებენ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს საარჩევნო უბნებიდან გამოტანილი აქვთ ცარიელი ბიულეტენები, რათა შემდგომში გააკეთონ პროვოკაციული განცხადებები ე.წ. კარუსელების შესახებ. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ასეთ რამ სოფელ კუმისის 57–ე უბანზე და ასევე დუშეთში, მჭადიჯვარის უბანზე მოხდა.
გარდა ამისა, საარჩევნო უბნებზე არის მცდელობა, ხელოვნურად შეიქმნას აგრესიული ფონი. ირაკლი კობახიძე მოუწოდებს „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე „რუსთავი 2“–ს თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და აგრესიული ფონის ხელოვნურად შექმნისგან.
„გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ლაგოდეხში, მე-15 უბანში, „ნაცმოძრაობის“ წევრმა საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების მოპარვის თაობაზე მიიღო დავალება. მას მოსთხოვეს ბიულეტენების მოპარვა იმისთვის, რომ ბოლოს, ხმის დათვლის დროს არ გაჩნდეს ბალანსი. როგორც მოგეხსენებათ, ბალანსის უზრუნველყოფა არის საჭირო, როცა ითვლება ხმები და როდესაც ამ მონაცემებს აკლდება ცარიელი ბიულეტენები, ბალანსი არ დგება.
ჩვენ ვნახეთ „ნაცმოძრაობის“ შეშინებული სახეები, როდესაც ისინი ამ გამოვლენილ სქემასთან დაკავშირებით საუბრობდნენ. მე კიდევ ერთხელ შევაშინებ მათ და გავაფრთხილებ, რომ ამ სქემაზე აუცილებლად უმკაცრესი რეაგირება ექნება და გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება, როგორც რიგითი აქტივისტები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ამ სქემის სათავეში დგანან. ეს არის ჩვენი ძალიან მკაცრი გაფრთხილება. ასევე, მოვუწოდებ დამკვირვებლებს, მიიღონ შესაბამისი ზომები იმისთვის, რომ ამ ძალიან მძიმე სამართალდარღვევაზე რეაგირება მოხდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ირკვევა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და „რუსთავი 2“ პროვოკაციულ ფონს ქმნიან იმ უბნებზე, სადაც ტელეკამერები ან უცხოელი დამკვირვებლები გამოჩნდებიან. გარდა ამისა, ბოლნისში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო კომისიის წევრებმა უარი თქვენა საკუთარი უფლება–მოვალეობის შესრულებაზე. კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის ნაწილია, ეს არის მარკირებული ამომრჩევლის სხვადასხვა უბნებზე მისვლა. ასეთი შემთხვევა მასიურად დაფიქსირდა ბოლნისში და მარნეულში, მათ შორის სხვადასხვა რეგიონებში.
თუმცა, ეს ამომრჩევლები აცხადებენ, რომ საარჩევნო უბანში მისვლამდე ციტრუსი მიირთვეს და ხელზე როგორც მარკირება ისე დაფიქსირდა. „ნაციონალური“ ეს ვერსია არადამაჯერებელია მმართველი გუნდისთვის და მიმართავენ შსს–ს გამოძიება ჩაატაროს არა მხოლოდ იმ პირთა მიმართ, ვინც უბნებზე ორმაგი მარკირებით შესვლას ცდილობენ, არამედ, იმ პირთა მიმართაც, რომლებიც დგანან ამ სქემის სათავეში.
პარლამენტის ვიცე–სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მასობრივად ცდილობენ ხელმეორედ ხმის მიცემას, რაც მძიმე კანონდარღვევა არის.
„მინდა, გამოვეხმაურო რუსთავში უკვე მასობრივ ფაქტებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების მიერ ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობებს. ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ინფორმაცია იმ უბნებისა და პირების შესახებ, რომლებსაც ასეთი მცდელობები ჰქონდათ. ამას ემატება რუსთავის 39–ე უბანზე მერი მამალაძის მიერ მცდელობა, ხელმეორედ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ეს არის მძიმე კანონდარღვევა და შესაბამისად, ამაზე იქნება რეაგირება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების პროვოკაციების მიუხედავად, კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, რაც ოპოზიციას პრობლემას უქმნის და ამას ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ საარჩევნო პროცესი მასიური დარღვევის და ძალადობის ფონზე მიმდინარეობს.
„უკვე დავაფიქსირეთ ყალბი პირადობის მოწმობები. წინასწარ გაგაფრთხილეთ, რომ ყველა უბანზე გაფრთხილებულები არიან ჩვენი წარმომადგენლები და დავაფიქსირებთ ყველაფერს ამ გაყალბებებთან დაკავშირებით. ქუთაისში, იმ პლანშეტებში, რომელიც ცესკომ დაარიგა, როცა სიაში ხდება ადამიანის გადამოწმება, სურათი არის წაშლილი მონაცემთა ბაზიდან, რათა იდენტიფიცირება ვერ მოხდეს.
მარნეულის 21-ე უბანზე ბიულეტენებია გარეთ გამოტანილი, პირდაპირ გარეთ, ყველას თვალწინ ახაზინებენ მათთვის სასურველ კანდიდატს, იქვე დებენ კონვერტში და გამზადებული კონვერტით შედის თითოეული ამომრჩეველი. ეს არჩევნებია? რა ფარულობა, რა კანონი, არაფერს ემორჩილებიან ეს ადამიანები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საარჩევნო პროცესში „შავი სამყაროს“ წარმომადგენლების – ძმები გულორდავების ჩართულობაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი, რომლის განცხადებით, გულორდავები ზუგდიდში, ფაიფურის უბანში გადაადგილდებიან და ახდენენ ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლას. მისი თქმით, იგივე ხდება წყნეთის საარჩევნო უბნებზე.
„დაირღვა ფარულობის პროცედურა. „ქართული ოცნების“ მხრიდან ხდება ამომრჩევლებზე ზეწოლა, რომ ისინი გაშლილი ბიულეტენებით გამოვიდნენ საარჩევნო კაბინებიდან, რომ მათი გაკეთებული არჩევანის თაობაზე ინფორმირებული იყოს კომისიის წევრი „ქართული ოცნებიდან“. ეს არის კანონის დარღვევა.
მეორე ფუნდამენტური პრობლემა ეს არის კრიმინალური სამყაროს მაღალი ჩართულობა. ზუგდიდში „შავი სამყაროს“ წარმომადგენლები – ძმები გულორდავები ფაიფურის უბანში გადაადგილდებიან და ახდენენ ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლას. იგივე ხდება წყნეთის საარჩევნო უბნებზე, სადაც მანქანებით არიან მობილიზებული „შავი სამყაროს“ წარმომადგენლები და ცდილობენ ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის მოხდენას“, – აცხადებს ირმა ნადირაშვილი.
არჩევნებთან დაკავშირებით უკვე აღძრულია 6 სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის აბაშის ეპიზოდზე, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება. შს მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები სჩადიან დანაშაულს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს გამოძიებას და მიიყვანს მას ლოგიკურ დასასრულამდე.
„რაც შეეხება პოლიციის გადაადგილებას, წინა არჩევნებზეც, პირველ ტურშიც და ახლაც განვაცხადეთ, რომ ჩვენი მანდატი არის მშვიდ გარემოში გაკეთდეს არჩევანი, რომლის ფარგლებშიც საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან იმ საჭიროების მიხედვით, როგორც განვსაზღვრავთ. მთავარია, რომ ამ დღემ, ისევე, როგორც წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდმაც ჩაიაროს მშვიდ გარემოში, რის გარანტიასაც იძლევა პოლიცია.
ჩვენ ველოდებით იმას, რომ შსს და პოლიცია იქნება კონსტრუქციული და იზრუნებს თავის მოქალაქეებზე და თავს გაართმევს ყველა გამოწვევას, რომელიც შეიძლება იყოს. რაც შეეხება მარნეულს, ეს არის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი, რომელიც იღებს მონაწილეობას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – აცხადებს გიორგი გახარია.
პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს ოპონენტებს ნუ შეეცდებიან ხელოვნურად შექმნან აგრესიული ფონი, რადგან არ შეინიშნება არსებითი ხარვეზები საარჩევნო პროცესში, რამაც შეიძლება ასახვა ჰპოვოს იმ სურათზე, რაც არის ჩამოყალიბებული ქვეყანაში.
„მთლიანობაში არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში. თითოეულ თქვენგანს აქვს საშუალება მივიდეს უბნებზე და ნახავთ, რომ არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში. უზრუნველყოფლია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობით გაგრძელდება.
გრძელდება აგრესიის იმიტაცია „რუსთავი 2“–ის ეთერში, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, ნუ შეეცდებიან ხელოვნურად შექმნან აგრესიული ფონი. ყველაფერი წარიმართება მშვიდად. ჩვენი პასუხისმგებლობაა სამართლიანი, მშვიდი გარემოს უზრუნველყოფა არჩევნებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „რუსთვი 2“–ის მიერ მიზანმიმართულად დეზინაფორმაციის გავრცელებაზე საუბრობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომლის შეფასებით, ექსცესების მცდელობები იქნება, თუმცა მეორე მხრიდანაც მობილიზება არის საკმარისზე მეტი.
„მცდელობები იქნება, რა თქმა უნდა, ექსცესების, მისგან, ვისი ხელწერაც არის ეს და ვინც დააფუძნა მსგავსი ექსცესები - კარგად იცით თქვენ. თუმცა მობილიზება მეორე მხრიდანაც არის ძალიან კარგი და ნახეთ თქვენ, რომ პიარსა და სიცრუეს მეორე ტურში ღირსეულად უპასუხა „ქართულმა ოცნებამ“. ისევე მოხდება დღესაც, მცდელობები იქნება ძალიან დიდი.
უამრავი სიცრუე იყრება „რუსთავი 2“–ის მხრიდან, სირცხვილია, უცხოელები არიან გაოგნებული. უამრავი სიცრუე მოდის ტელევიზიებიდან. 10–დან 9 შემთხვევაში გაჟღერებული ინფორმაცია „რუსთავი 2“–ზე არის სიცრუე. ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ და უნდა ვამხილოთ ის უკულტურობა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები სჩადიან“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.