ღირსება თუ ძალადობა – ამომრჩეველი ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევს

ღირსება თუ ძალადობა – ამომრჩეველი ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევს

საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პოლიტიკური ძალები ამტკიცებენ, რომ არჩევნები დარღვევბის და ამომრჩევლის მოსყიდვის ფონზე მიმდინარეობს. 12:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ 19,6% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 688 551 ამომრჩეველია. ცესკო–ს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურში 25% –ით, ხოლო ყველაზე დაბალი – ისევ წალკაშია 12,2% –ით.

საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება რამდენიმე პროცედურული ხარვეზი. მათ შორის დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც მარკირებულ ამომრჩეველთა ნაწილი ხმის მეორეჯერ მიცემას ცდილობდა. ყველა შემთხვევაში ყველა ეს ამომრჩეველი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტია.

არჩევნებში ჩართულ მხარეებს ცესკო განუმარტავს, რომ აკრძალულია მარკირება გავლილი ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე მეორდ  მისვლა, კომისიის მუშაობაში ჩარევა და მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლა. საერთო ჯამში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და აქტივობა საკამოდ მაღალია. საკუთარი არჩევანი გააკეთა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა. როგორც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ არჩევნებზე, საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა ხმა მისცა საქართველოს მთლიანობას.

„გილოცავთ ისტორიულ დღეს. ჩვენ მივეცით ხმა საქართველოს მთლიანობას. საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და ვიქნებით ბედნიერნი. ღმერთმა დაგლოცოთ“, – ბრძანა ილია მეორემ.

საკუთარი არჩევანი გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, რომლის შეფასებით არჩევანი გააკეთა ღირსების, სამართლიანობის და განვითარებისთვის.

„არჩევანი გავაკეთე ღირსების, სამართლიანობის და განვითარებისთვის, რომ საბოლოოდ უარი ვუთხრათ სიცრუეს, ძალადობას და არ მოვახერხოთ, რომ დავბრუნდეთ უკან. ის წლები კარგად გვახსოვს, როდესაც ძალა, რომელიც წარმოადგენს ოპონენტს ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისას. მათი ხელწერა ჩვენ კარგად ვიცით. კარგად ხედავთ მოსახლეობის მობილიზებას , რომ საბოლოოდ უარი ვუთხრათ ძალადობას და სიცრუეს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ექსცესების მცდელობები იქნება, მისგან, ვისი ხელწერაც ეს არის. თუმცა აცხადებს, რომ მეორე მხრიდან მობილიზება საკმარისზე მეტია.

„მცდელობები იქნება, რა თქმა უნდა, ექსცესების. მისგან, ვისი ხელწერაც არის ეს და ვინც დააფუძნა მსგავსი ექსცესები. კარგად იცით თქვენ“, – ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“– ის ჟურნალისტს და აღნიშნა, რომ ეს ტელევიზია იქნება ძალიან გააქტიურებული ამაში და მონაწილეც იქნება.

ყველაზე ევროპული კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა.

„ჩემი ხმა მივეცი ყველაზე ევროპელ კანდიდატს. ეს არის ჩემი არჩევანი. ჩემი არჩევანი არის მშვიდობიანი საქართველო, ერთიანი საქართველო, დაწყნარებული საქართველო და ღიმილიანი საქართველო“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ქუთაისში გააკეთა არჩევანი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომლიც დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეები, ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ შეინარჩუნონ სახელმწიფოებრიობა, გააკეთებენ სწორ არჩევანს.

„საქართველოს უაზროდ, უვიცად და ფუჭად დასახარჯი დრო მეტი არ აქვს. დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები, ადამიანები, ვინც 1990-იანი წლიდან კბილებით ინარჩუნებენ დემოკრატიას, ადამიანები, ვინც ყველაფერს აკეთებენ, რომ შეინარჩუნონ სახელმწიფოებრიობა, ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში სამ სვეტზე იყოს დაფუძნებული სახელმწიფო – თანასწორობა, სამართლიანობა, განვითარება, მოვლენ არჩევნებზე და გააკეთებენ სწორ არჩევანს, რადგან საქართველოს უაზროდ, უვიცად, ფუჭად დასახარჯი დრო მეტი არ აქვს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საკუთარი არჩევანი გააკეთა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით,ზოგისთვის ეს არის რთული არჩევანი, თუმცა მოუწოდებს ამომრჩევლებს მივიდნენ საარჩევნო უბანზე და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.

„მიხარია და მეამაყება, რომ ქართველი ამომრჩეველი ასე აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას. ზოგისთვის ეს არის რთული არჩევანი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს, აუცილებლად მივიდეს საარჩევნო უბანზე, გამოიყენოს თავისი ბიულეტენი, დააფიქსიროს არჩევანი და ითამაშოს გადამწყვეტი როლი მთავრობის ფორმირებაში.

მადლობთ ასეთი აქტივობისთვის და დარწმუნებული ვარ, ასეთი აქტივობა გაგრძელდება მომავალშიც, დღის განმავლობაში, რაც იმის გარანტიაა, რომ არჩევნები ჩატარდება მაღალ დონეზე და იქნება ნაკლები დარღვევები“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ხელისუფლების წარმომადგენლების პარალელურად, საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს ხელისუფლების ყოფილმა წარმომადგენლებმა. საკუთარი არჩევანი ოჯახთან ერთად გააკეთა ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ შედეგები, რაც პირველ ტურში ვიხილეთ, მოულოდნელი იყო, თუმცა საბოლოოდ უნდა ეთქვას უარი მოძალადე რეჟიმს. ღარიბაშვილი ელოდება, რომ დღეს იქნება დესტრუქციული ქმედების მცდელობები, თუმცა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერს აღკვეთავს.

„მე მივეცი ხმა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და სიმშვიდეს, ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებას. ეს არის მთავარი მონაპოვარი ჩვენი ხალხის და ამ მონაპოვარს სჭირდება დაცვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა მიიღებს სწორ და ბრძნულ გადაწყვეტილებას. ამ დროს, ასეთ ვითარებაში საჭიროა სიბრძნე, რომელიც არის ჩვენს ხალხში. მე მჯერა ჩვენი ხვალინდელი დღის. მე არ მინდა საუბარი იმ დესტრუქციული ძალის მცდელობებზე, რომელიც არაერთგზის გამოვცადეთ მრავალი წლის განმავლობაში, ეს მცდელობები შეიძლება იყოს, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სახელმწიფო მტკიცედ დგას და ყველაფერი ჩაივლის მშვიდ ვითარებაში.

მე დავაფიქსირე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან დღეს არ არის მარტივი ვითარება. ის შედეგები, რაც პირველ ტურში ვიხილეთ, მოულოდნელი იყო, მიზეზებზე საუბარი დღეს არ არის საჭირო, თუმცა ვფიქრობ, რომ დღეს უნდა მოხდეს საბოლოო გადაწყვეტილების დაფიქსირება და უარი უნდა ეთქვას იმ მოძალადე რეჟიმს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სათავეში იყო ბოლო 10 წლის განმავლობაში. შეიძლება პროვოკაციები იყოს ხშირი, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება ამ ყველაფერს აღკვეთავს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.