დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის ანა მიქელაძეს ინფორმაციით არჩევნების ჩასატარებლად ყველა საარჩევნო უბანი სრულ მზადყოფნაშია და ამომრჩეველს ელოდება. თავის მხრივ, არჩევნებში წარმოდენილ ორივე პრეზიდენტობის კანდიდატს გამარჯვების იმედი და დიდი სურვილი აქვს, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ექსპერტთა დიდი ნაწილი სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას ვარაუდობს.
პოლიტანალიტიკოსი, ვაკა გორგილაძე For.ge -სთან საუბრისას ამბობს, რომ ზურაბიშვილის გამარჯვების მოლოდინი „ქართული ოცნების“ მიერ, მეორე ტურში, გააქტიურებულმა, უფრო ეფექტურმა პიარ კამპანიამ გამოიწვია, რაც პირველ ტურს აკლდა და შედეგიც შესაბამისი იყო.
„მაქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, რადგან „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებუი მობილიზაცია და პიარკამპანია ბევრად უფრო ეფექტიანი და ინტენსიური მეჩვენება ახლა, ვიდრე ეს ხდებოდა პირველ ტურამდე.
ეს ჩანს იმაში, რომ ჩვენ ვხედავთ ბილბორდებს, სადაც გამოსახულია, ვაშაძე-სააკაშვილი. ვხედავთ კლიპებს, სადაც მოსახლეობას, ამომრჩეველს ახსენებენ იმ ავადსახსენებელ დროს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა ქვეყანას. ამასთან ერთად, აქცენტები კეთდება გრიგოლ ვაშაძის წარსულზე და კავშირები რუსეთის დიპლომატიასთან. შკლიაროვის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ დეკემბერში რევოლუცია მოხდებოდა, ასევე ონკოლოგიურ პაციენტებთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებები და ა.შ. ცუდად აისახება არჩევნებზე გრიგოლ ვაშაძესთვის.
თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ მეორე ტურში ამომრჩევლისთვის, იმდენად მნიშვნელოვანი არ იქნება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა, რამდენადაც მნიშვნელოვანი იქნება, რომ გრიგოლ ვაშაძე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, კვლავ არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ვფიქრობ, ამ მიზეზით მეტი ხმა ექნება ზურაბიშვილს.
რაც შეეხება ოპოზიციის პროვოკაციებს და განცხადებებს, თითქოს ხელისუფლება ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება, ეს ნიშნავს, რომ მარცხდები და მეორე მხრივ ეს არის მცდელობა, ან წინაპირობა იმისა, რომ ისინი გააპროტესტებენ შედეგებს“,-აცხადებს გორგილაძე.
პოლიტოლოგ, ვახტანგ ძაბირაძის შეხედულებით კი, გამოკვეთილად არ ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს, თუმცა ფიქრობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ელექტორალური რესური ამოწურა და ამის ფონზე „ქართული ოცნების“ გააქტიურებული პიარკამპანია უფრო ეფექტური გამოჩდა, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს არჩევნებზე.
„საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ასე გამოკვეთილად ნამდვილად არ ჩანს ვინ შეიძლება გაიმარჯვოს, მაგრამ მგონია, რომ მეორე ტურის წინ „ქართულმა ოცნებამ“ გაცილებით უკეთ წარმართა საარჩევნო კამპანია და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მაინც ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით, მას მეტი შანსი აქვს, ვიდრე ვაშაძეს, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ნაციონალებს, რა რესურსიც ჰქონდათ, ვგულისხმობ ელექტორალურ რესურს, ამოწურეს. პირველ ტურშივე მათ მაქსიმალურის მიღწევა შეძლეს და ახლა უკვე ამ ფონზე აქტიური გამოჩდა „ოცნება“.
ხმები რომელსაც მიიღებს სალომე ზურაბიშვილი, არ იქნება მისი მხარდამჭერი ხმები, ეს ხმები არის ძირითადად ის ხმები, რომელსაც არ უნდა „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს ხელისუფლებაში და ვაშაძემ გაიმარჯვოს. ანუ ვაშაძის საწინააღმდეგო ხმებია და არა ზურაბიშვილის მხარდამჭერი ხმები.
ახლა მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გათვლილი იქნება არა იმაზე ხვალ ვინ გაიმარჯვებს, არამედ რა მოხდება ზეგ. აქედან უნდა განვსაზღვროთ ვის დავუჭიროთ მხარი და ვის არა, მაგრამ რომ ვამბობ ზეგ, არ ვგულისხმობ 29 ან 30 ნოემბერს, ვგულისხმობ არჩევნების შემდეგ პერიოდს საპარლამენტო არჩევნებამდე.
ვფიქრობ, საპროტესტო აქცია, ალბათ, ერთი-ორი გაიმართება, თუ ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. ხვალ და ზეგ თუ არა, გაზაფხულზე მაინც პროტესტის ტალღას უნდა ველოდოთ, ამიტომ ამაზე უნდა ფიქრობდეს ხელისუფლება. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, ვინ მოიგებს და ვინ წააგებს არჩევნებში.
ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, მნიშვნელოვანია, როგორ წარმართავს ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებამდე თავის საქმიანობას, რადგან პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ ფაქტობრივად თანაბარი მხარდამჭერები ჰყავს ელექტორატში და ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ პროცესი შესაძლოა გადავიდეს ქუჩაში. როდესაც ასე დგას საკითხი, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის წინაშე, მაშინ ხელისუფლებას აქვს 2 არჩევანი - ან უნდა დაეყრდნოს ძალოვან სტრუქტურებს, ან უნდა ეცადოს, რომ ელექტორატი თავისკენ წაიყვანოს.
ანალოგიური პრობლემის წინაშე იდგა 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, რომ წასულიყვნენ რეპრესიების გზით და დაყრდნობოდნენ ძალოვან სტრუქტურებს და კულმინაცია იყო 2011 წლის 26 მაისის დარბევა რუსთაველზე. მიუხედავად ამისა, მათ ამან არ უშველა და 1 წლის შემდეგ მაინც იძულებული გახდნენ დაეთმოთ ხელისუფლება. სწორედ იმიტომ, რომ 2011 წელს „ნაციონალური მორაობის“ რეპრესიულ სისტემაში ეს მოხდა, ამიტომაც ვეღარ გაბედეს 2012 წელს უფრო აქტიურად გამოეყენებინათ ეს რეპრესიული სისტემა.
„ქართულმა ოცნებამ“, რომ რეპრესიული სისტემის გამოყენება შეძლოს, ჯერ სისტემა უნდა მოიყვანოს მოქმედებაში და სათანადო კონტიგენტით შეავსოს, რაც აქამდე არ გაუკეთებია და დღეს რომც უნდოდეს, ამას ვეღარ მოახრხებს, რადგან რესურსი არ აქვს.
თუ ხელისუფლებას არ უნდა ძალაუფლება არჩევნების შემდეგ დაკარგოს, რჩება ერთადერთი გზა, რომ თავისი ელექტორალური ბაზა უნდა გააფართოვოს და ამისთვის საჭიროა მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ არა იმ დონის, მაგალითად, ვალები რომ ჩამოაწერა ხალხს და ა.შ. ერთჯერადზე არ არის ლაპარაკი.
მოსახლეობას დიდი პობლემები აქვს და ამაზე უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ. არ ვიცი ეყოფა თუ არა ამისთვსი რესურსი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ მიმართულებით უნდა წავიდეს, სხვა გზა მას არა აქვს. სხვა შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, უბრალოდ დაკარგავს ძალაუფლებას და ეგ იქნება“, - განაცხადა For.ge- სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.