ამომრჩეველი პრეზიდენტს ბოლოჯერ ირჩევს

ამომრჩეველი პრეზიდენტს ბოლოჯერ ირჩევს

დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არჩეულად პრეზიდენტობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. ამასთან, მეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.

არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი. მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი. არჩევნები ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში 10 საარჩევნო უბანში ჩატარდება. რაც შეეხება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებს, იმუშავებენ დამატებით და ხმის მიცემის პროცედურა გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე.

საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მოსამსახურე ქართველმა სამხედროებმა. ხმები დაითვლება 28 ნოემბერს ცესკო–ში, საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ. 28 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი – „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი N5 გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი, N48 სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი გუნდი უჭერს.

გაყალბების ყველა მექანიზმის აღსაკვეთად, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში ჰყავთ 20 000 დატრენინგებული ადამიანი. როგორც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ამბობს, გაყალბების წინააღმდეგ ოპოზიციაში არის სრული ტექნიკური და ტექნოლოგოური მზაობა, რადგან მისი თქმით, ხელისუფლება არჩევნების მასშტაბური გაყალბებისთვის ემზადება.

„გვაქვს პარალელური ცენტრალური საარჩევნო კომისია აწყობილი, რათა კანტორას, რომელიც მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ემსახურება, გაყალბების შესაძლებლობა არ მივცეთ. ყველა დეტალი ვიცით, ყველა უბანზე, ყველა რაიონში, კონკრეტული პასუხისმგებელი პირები, ვინ არიან მთავარი გამყალბებლები. ყველას დავაფიქსირებთ. ესაა სისხლის სამართლის დანაშაული.

სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა ყველა გამყალბებელი. ჩვენს რუკაზე იქნება ყველა მტკიცებულება თითოეულ ამ ადამიანთან მიმართებაში. ტყუილად ნუ დადგებით საარჩევნო უბნებთან, ჩვენ გავაკონტროლებთ მთელ პერიმეტრს და არ მოგცემთ ხალხის ნებით მანიპულირების შესაძლებლობას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, პირველიდან მეორე ტურამდე დაფიქსირდა ისეთი საშინელი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც საქართველოში არასდროს ყოფილა.

„ესაა ფიზიკური დაპირისპირებები, დაჭრა, ცემა, მოსყიდვა, ვნახეთ ფულით მოსყიდვის მცდელობები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, აუდიო, ვიდეო ჩანაწერების გამოყენება. მაგრამ ასევე ვნახეთ, რომ ქართველი ამომრჩეველი გაიზარდა, ვეუბნები გამოართვით, მაგრამ გააკეთეთ ნამდვილი არჩევანი, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს მომავალს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ოპოზიციის ბრალდებას უარყოფენ მმართველ გუნდში. პარლამენტის ვიცე–სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში წარმატების მინიმალური შანსიც აღარ აქვს, საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რასაც მისი თქმით, მოწმობს უკანასკნელ დღეებში „რუსთავი 2“ – ის ეთერის სიცრუეზე და ყალბ ინფორმაციაზე განსაკუთრებული ორიენტირება.

„მოგიყვანთ რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითს. როგორც „ნაცმოძრაობამ“ საკუთარი ტელევიზიის საშუალებით გვამცნო, „კანონიერი ქურდი“ მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი“ ხელისუფლების დახმარებით თურქეთის ციხიდანაა გათავისუფლებული. თუმცა, სულ მალე, ნათელი გახდა, რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა და მითითებული პიროვნება კვლავ ციხეში იმყოფება. შსს–ს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე მათი მხრიდან შეგნებულად იქნა იგნორირებული.

ანალოგიური ხასიათისაა მოწოდებული ინფორმაცია, ვითომდა ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ბეჭდვის შესახებ. ისევე, როგორც ბიულეტენების ბეჭდვის სრულიად კანონიერი პროცესის, გაყალბებისთვის მზადებად გამოცხადება, ან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სახლებში აფეთქეებების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია. ყველასთვის ცხადია, რომ ანალოგიური აქტი დააზიანებდა ნებისმიერი პარტიის იმიჯს, მით უმეტეს, რომ არ შეესაბამება „ქართული ოცნების“ მიერ დაცულ მორალურ სტანდარტებს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მმართველი გუნდის პოზიციას იზიარებენ ანალიტიკოსები. ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ ვითარება ქუჩის პროცესებისკენ მიჰყავს. ამბობს, რომ დიდ საპროტესტო ტალღას არ ელოდება. თუმცა მისი თქმით, როგორი იქნება საპროტესტო ტალღა, დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ არჩევანს გააკეთებს ამომრჩეველი და არა იმაზე, რას იტყვის „რუსთავი 2“ და ან „იმედი“.

„თუ ხელისუფლებამ ნორმალურად ჩაატარა არჩევნები, არაფერიც არ იქნება. საპროტესტო აქცია რომც დაიწყოს, არაფერიც არ იქნება. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები გაყალბდა და პოლიტიკური პროცესი აგორდა, მაშინ ქუჩის აქციებს როგორ არ ექნება მნიშვნელობა, მაგრამ პრობლემაც სწორედ ის არის, აგორდება კი საპროტესტო ტალღა? ძალიან რთული ვითარებაა.

მეორე ტურში „ქართული ოცნება“ საგრძნობლად გააქტიურდა, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტიურად გადაფარა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია. ვაშაძის ამომრჩევლის ნაწილიც გააქტიურდა, მაგრამ „ქართულ ოცენებას“ რომ უპირატესობა აქვს, ესეც ბუნებრივია. ახლა მნიშვნელოვანია რამდენი პროცენტიანი იქნება სხვაობა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. არა მგონია უცხოელმა დამკვირვებლებმა თქვან, რომ არჩევნები გაყალბდა. ვფიქრობ ისინი იტყვიან, რომ დარღვევები იყო, მაგრამ არა ისეთი, რომ გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. ასე რომ, საპროტესტო ტალღას უფრო გაზაფხულზე ველოდები, არა იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბდა“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციისთვის ემზადება და ამის დასტურია უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ჩანაწერი – „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“, რაც მისი თქმით, კიდევ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაა, რათა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მოქმედი სისხლის სამართლის 315–ე მუხლის 1–ელი ნაწილით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს შეთქმულებას, ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლას, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას, ან ხელში ჩაგდებას.

„შეთქმულება, მიუხედავად იმისა, შედგება თუ არა ამბოხი ან ადგილი ექნება თუ არა ხელისუფლების დამხობისა ან უკანონოდ ხელში ჩაგდების თუნდაც მცდელობას, უკვე შემდგარი, დასრულებული დანაშაულია. ახლა ხელისუფლებას ორი გზა აქვს –ან სააკაშვილი, ვაშაძე და კომპანია მიჰყავს პროკურორთან, ან პირიქით, ნაციონალებს მიჰყავთ ხელისუფლება რევოლუციის სარეცელზე.

მაგრამ არსებობს მესამე უსუფაშვილისეური გზაც, რომელმაც ხელისუფლებას ურჩია, სანამ რევოლუციით ჩამოგაგდებენ, მანამ თავად დანიშნეთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებიო. ეს გზაც იგივეა, ოღონდ რევოლუციის სარეცელზე ნაცებისთვის ნებაყოფლობით წაყოლას, ანუ – „კდემამოსილად დანებებას“ ნიშნავს. რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ იოტისოდენა საფუძველიც კი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად, მიუხედავად საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისა, არ არსებობს. პარლამენტში მყარი, მეტიც, საკონსტიტუციო უმრავლესობაა და არც მთავრობას არანაირი საფრთხე, ნდობა დაკარგოს, არ ემუქრება“, – აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მუშავდება ხელისუფლების ვადაზე ადრე აღების გეგმა. მისი თქმით, ამ ვითარებაში აუცილებლია ითქვას, რომ „ნაცონალური მოძრაობა“ არის ოპონენტი, რომელიც ყველაფერზე მიდის იმისთვის, რომ აიღოს ხელისუფლება.

„სწორედ ეს არის რევოლუციური სცენარი. ამიტომ ხელისუფლებამ ბევრი რამე უნდა გაითვალისწინოს. აუცილებელია, ხელისუფლებამ საქმის კურსში ჩააყენოს პარტნიორი ქვეყნები და მიაწოდოს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება ქუჩის პროცესებისთვის და ყველაფერზე მიდიან ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ასაღებად“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.