სალომე ზურაბიშვილი თუ გრიგოლ ვაშაძე? - ამომრჩეველი რიგით მეხუთე პრეზიდენტს 28 ნოემბერს აირჩევს. ირკვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია პროცესების რადიკალიზაცია. მიხეილ სააკაშვილი გუნდისგან პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებას ითხოვს, მაგრამ პარტიას ამის რესურსი არ აქვს. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ დესტაბილიზაცია არის დაკვეთა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთისგან მიიღო.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე და აგრესიული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობის კამპანია. ყველაზე შემაშფოთებლია ის, რომ ოპონენტმა საარჩევნო კამპანიის ნაწილად გამოიყენა ზურაბიშვილის პირადი ცხოვრება. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამ კამპანიის დროს ვრცელდება ის, რაც ტიპურად არის რუსული, ბოლშევიკური მეთოდები – ადამიანის დისკრედიტაცია ყველა კუთხით. თუ გავითვალისწინებთ ვაშაძის რუსი პიარტექნოლოგების მოქმედების სტილს, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის რუსული გეგმის ნაწილი?
რამაზ საყვარელიძე: ზუსტად რა ხდება, ბევრისთვის და ჩემთვისაც ბუნდოვანია. იყო სხვადასხვა არჩევნები და სხვადასხვა შეჯიბრი ამ ორ პარტიას შორის, მაგრამ ასეთი გამწარებული შეჯიბრი არ ყოფილა. მე მაქვს ჩემი მოსაზრება, რომელიც მეტ–ნაკლებად ერთი კონცეფციიდან ამოდის. კერძოდ, ვინ, როგორ და რატომ ირჯება? ამ კითხვის ნიშნებზე ყველაზე მწყობრი პასუხი ჩამოყალიბდება იმ მოსაზრების შემთხვევაში, თუკი დავუშვებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის ინტერესეიდან გამომდინარე მოქმედებს.
ასე იყო 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ დროს, შემდეგ აჭარაში. ანალოგიური მდგომარეობა იყო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. იმისთვის, რომ გაუგებრობა არ შექმნილიყო და მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ეს თემა ბევრი გაუგებრობის წყაროა, 2008 წელს რუსეთს სჭირდებოდა დასავლეთის და არა საქართველოს დასჯა. პუტინმა ხმამაღლა თქვა, რომ თუკი დასავლეთი კოსოვოს აღიარებს, მე ვაღიარებ ცხინვალს და აფხაზეთსო. ამ ფრაზით რუსეთს სურდა დასავლეთისთვის ეჩვენებინა, რომ რუსეთი მორჩილი შემსრულებელი არ არის და მას შეუძლია თავისი ინტერესები ძალის გამოყენებით დაიცვას.
2008 წლის ომის დაწყების მიზეზებზე სხვადასხვა შეფასებები კეთდება რუსეთშიც. ერთ–ერთი ასეთი შეფასება იყო, რომ ამ ომის საშუალებით, რუსეთმა დასავლეთს დაანახა, რომ რუსეთი ისევ დერჟავაა...
– ამ ომში რუსეთს დასავლეთთან მესიჯების გაშვების მიზანი ჰქონდა, ვინაიდან იქამდე იყო ელცნის რუსეთი, რომელიც დასავლეთს ემორჩილებოდა. პუტინმა კი აჩვენა, რომ ასეთია დაუმორჩილებელი პუტინის რუსეთი. დასავლეთის ნაბიჯების საპასუხოდ, როგორიც იყო ჰარსაწინააღმდეგო სისტემების განალაგა აღმოსავლეთ ევროპაში, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება და ა.შ. რუსეთს სჭირდებოდა დასავლეთის დაშინება, რომ რუსეთს შეუძლია ძალისმიერი ნაბიჯების გადადგმა. ასეთი დაშინების მოტივად მან გამოიყენა საქართველო, ქვეყანა, რომელიც დასავლური ორიენტაციის არის. ამ სცენარში მას სჭირდებოდა ომის დაწყება და დაიწყო.
ლაპარაკი იმაზე, პირველად ვინ გაისროლა, ეს არის წმინდა წყლის ზედაპირული მსჯელობა, მაგრამ ის ნაბიჯები, რაც სააკაშვილმა გადადგა მანამდე - კოდორის ხეობიდან შენაერთი „მონადირის“ გამოყვანა, ამ ხეობის ზემო აფხაზეთად გამოცხადება; ახალგორის ოსურ ტერიტორიად გამოცხადება და ა.შ. ბევრი რამე მიანიშნებდა და სავარაუდოს ხდის, რომ სააკაშვილმა იცოდა რა უნდოდა რუსეთს. თუკი აქედან ამოვალთ, ახლა უფრო ლოგიკური ხდება რუსეთის და სააკაშვილის კავშირები.
კერძოდ რა ნაწილში?
– ახლა რუსეთს სჭირდება დესტაბილიზაცია საქართველოში და ზოგადად - კავკასიაში. საქართველოს მიმართულებით საკმაოდ დიდი ინვესტიციებია წამოსული აღმოსავლეთიდან, კერძოდ ჩინეთიდან. ამ ინვესტიცებზე თვალი ეჭირა რუსეთს. ლაპარაკია მილიარდებზე და იმისთვის, რომ ეს მილიარდები ჩინეთმა კავკასიის მაგივრად გაატაროს რუსეთზე, ამისთვის რუსეთს აწყობს დესტაბილიზაცია მათ შორის - საქართველოში, რომ თვითონ ჩინეთმა თქვას უარი ქართულ მარშუტზე, ეს არც ისე შორეული მომავალია.
დღეს უკვე შეჩერებულია ყველა ხელშეკრულება, რომელზეც მუშაობდნენ ქართველი იურისტები. დასვლელი დამკვეთების მხრიდან ნათქვამია, რომ დაველოდოთ არჩევნებსო და თუკი გაიმარჯვა მათთვის არასასურველმა კანდიდატმა და ასეთი არასასურველი არის რუსეთთან დაკვშირებული ფიგურა გრიგოლ ვაშაძე, ასეთ შემთხვევაში, მათი ძალისხმევა კავკასიის მიმართულებით აზრს კარგავს და ალბათ, ეს ინვესტიციები ჩვენთვის დაიკარგება. აი, ამ კუთხით თუ შევხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ასეთი გამწარებული საარჩევნო კამპანიის ერთ–ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ საარჩევნო კამპანიის შემდეგ ნაბიჯად დაგეგმილია დესტაბილიზაცია, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება.
ანუ, დესტაბილიზაციის დამკვეთი არის რუსეთი და ამისთვის ყველა ხერხია გამოყენებული, მათ შორის რუსი პიარტექნოლოგების ჩართვა და აგრესული საარჩევნო კამპანიის დაგეგმვა?
– ჩვენ, ზოგადად, ვამბობთ ხოლმე, რომ რუსეთს უნდა საქართველოში ვითარების არევა - არა, მას დღეს სჭირდება ეს არევა იმისთვის, რომ ის ინვესტიციები, რომელზედაც არის ლაპარაკი კონტინენტის მასშტაბით, ამ არევის ხარჯზე უნდა დაიკარგოს. ქაოსით დასავლური კაპიტალის შეჩერება, ახალი არ არის რუსულ პოლიტიკაში. 90–იან წლებში იგივე გააკეთა რუსეთმა და ამას დაარქვეს კიდევაც „ცეცხლოვანი რკალი რუსეთის გარეშემო“. იმისთვის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში არ შესულიყო დასავლური კაპიტალი, რომელიც რუსეთის გავლენას შეაჩერებდა, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში დაიწყო კონფლიქტები, ერთ–ერთი იყო საქართველო. ასე რომ, რუსეთის პოლიტიკურ აზროვნებაში დესვს ეს ელემენტი – სხვების შემოსვლას ხელი შეუშალოს ადგილზე სიტუაციის არევით და დესტაბილიზაციით.
ამ აგრესიული კამპანიის ნაწილია პირადი ცხოვრებით მანიპულირება, რაც ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთრეში გააკეთა? შემდეგ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ როცა პრეზიდენტად იყრი კენჭს, კამპანიაში ტაბუდადებული თემები თითქმის არ არსებობს და, რომ იგივე მასშტაბის ამბავი ტრამპს რომ ქონოდა, სიენენი ჩვეულებრივად ჩატკეპნიდა მიწაში. როდესაც პირად ცხოვრებას იყენებს ოპონენტის წინააღმდეგ, ეს უკვე ნიშნავს, რომ პოლიტიკური ძალა ყველანაირი ხერხით ცდილობს აგრესული ფონის შემქნას, რადგან ასეთ აგრესიაზე, პასუხიც აგრესიულია. გვარმიას და იგივე „ნაციონალურ მოძრაობას“ მიზანმიმართულად მიჰყავთ პროცესი ქუჩისკენ?
– ის, რაზედაც გვარამია ლაპარაკობს ტრამპთან დაკავშირებით, არც ისეა საქმე. ტრამპის პირად ცხოვრებასაც მოუღიტინეს. ამერიკის პრეზიდენტის პირადი ცხოვრება არ ტოვებს ისეთი ანგელოზის შთაბეჭდილებას. ისეთი ვერსიაც კი იყო, რომ ტრამპზე რუსული გავლენის ერთ–ერთი მექანიზმი სწორედ პირადი ცხოვრება იყო. მეეჭვება, რომ თუნდაც საქართველოში შემთხვევაში შედეგიანი იყოს ეს პროცესი.
თუ გახსოვთ, სააკაშვილს პირადი ცხოვრება უხსენა კობა დავითაშვილმა, მან არა ფრაგმენტზე უსაუბრა, არამედ მისი ცხოვრების წესი გაასაჯაროვა და თქვა, რომ ცხოვრების წესი აქვს ასეთი, რომ მისი ცოლის ერთგული არ არის და აბა ქვეყნის ერთგული როგორ იქნებაო. მაშინაც საარჩევნო პერიოდი იყო, მაგრამ ამ ნაბიჯმა მომგებიანი სურათი არ შეუქმნა კრიტიკის ავტორს, რადგან ყველა ქვეყანას აქვს თავისი ტრადიციები. საქართველოს არ უყვარს ფიგურები, რომლებიც სხვის საძინებელ ოთახში ძვრებიან.
საერთოდ, ეს თემა ფართო განხილვის საგანი იშვიათად არის ხოლმე. თუ ვინმე იწყებს ამ თემის განხილვას, მაშინვე დგება არამომგებიან მგდომარეობაში. რაც შეეხება რეალობას, მე პირადად ძალიან კარგად ვიცნობდი ჯანრი კაშიას, ორივე ერთადაც მყავს ნანახი ბევრჯერ. ასეთი შეყვარებული ცოლ–ქმარი საკამოდ იშვიათობაა.
როგორც ჩანს, ეს არ არის მხოლოდ გვარამიას ინიციატივით ნათქვამი, არამედ ეს არის აგრესიული პიარის მთავარი ნაწილი, იმიტომ, რომ ერთი-ერთზე იმეორებს „ნაციონალური მოძრაობა“ გვარმიას ფრაზას, იგივე სევდია უგრეხელიძე წერს – „ნიკას დიდი სიახლე არ უთქვამს, მცხეთის სოფლებშიც კი იციან სალომე ზურაბიშვილის პირადი ცხოვრება, უბრალოდ ახლა ვერაფერს იტყვიან. ვერც მრევლი და ვერც საპატრიარქო იტყვის, რომ უი, ეს ამბავი არ ვიცოდიო“. როგორ ფიქრობთ, „ნაციონალების“ მიზანი არის ამ პროცესში საპატრიარქოს ჩარევა?
– ძირითადად საპატრიარქოზეა გათვლა, ვინაიდან საპატრიაქოდან ელოდებიან ზურაბიშვილზე შეტევას. ჰყავთ მათ საპატრიარქოში თავისი ხალხი. ჩვენ საპატრიარქოს ვუყურებთ როგორც დეპოლიტიზირებულ დასეწებულებას, მაგრამ ასე არაა. ამდენად, ძალიან ნუ გაგვიკვირდება თუ საპატრიარქოში აღმოჩნდნენ პოლიტიკურად ანგაჟირებულები.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ურჩევს სალომე ზურაბიშვილს მოხსნას კანდიდატურა და ამას საკმაოდ უხეში ფორმით ამბობს. ფაქტიურად საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში?
– თუ გავიხსენებთ მეუფე პეტრეს როლს ციანიდის საქმეში და მის აქტიურ კრიტიკას, აშკარა ხდება მეუფე პეტრეს ორიენტაცია.
ზურაბიშვილის წინანადადება იყო ევროპული სტილის საარჩევნო კამპანიის წარმოება. უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუხედავად, იგი აგრძელებს ევროპული სტილის საარჩევნო კამპანიას, რასაც ვერ ვიტყვით კონკურენტი კანდიდატის შემთხვევაში...
– მე არ მეჩვენება, რომ პრეზიდენტის არჩევამ გასაგები გახადოს, რატომ არის ეს საარჩევნო კამპანია ასეთი აგრესიული. მე მგონია, რომ საარჩევნო კამპანია ზღვარს გადასული არის იმიტომ, რომ ასეთია რუსული დაკვეთა. დიახ, დესტაბილიზაცია არის დაკვეთა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთისგან მიიღო.
როგორ ფიქრობთ, ამ საარჩევნო კამპანიამ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი არ არის შეცვლილი? როგორც კი ამის საშუალება მიცემათ, მათ ხელწერაში ჩნდება აგრესია, ძალადობა, პირადი ცხოვრებით შანტაჟი და ა.შ. თუკი მივიღეთ ისეთი რეალობა, რომ ვაშაძე გახდა პრეზიდენტი, ჩვენ მივიღებთ გაცილებით მძიმე ვითარებას, ვიდრე იყო?
– აგრესიას ვერ დამალავენ. მათი ამომრჩეველი აგრესიაზეა ორიენტირებული. მათ რომ სტილი შეცვალონ, ამომრჩეველს დაკარგავენ. იმ ამომრჩეველს, რომელსაც მათთგან აგრესია უნდა, შენარჩუნება სჭირდება. თუკი დესტაბილიზაცია არის მიზანი და არა ხელისუფლებაში მოსვლა, მაშინ, ამ დესტაბილიზაციის მოწყობისთვის სჭირდებათ ის ერთგული გვარდია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისთავად წარმოადგენს.
მათი ამომრჩეველი არის რევოლუციის, შეტევის, დანგრევის, განადგურების, ცემის მომხრე. რა თქმა უნდა, ვერ გაწირავენ თავიანთ მომხრეებს, რადგან ასეთ შემთხვევაში დარჩებათ მცირე ამომრჩეველი, როგორც „ევროპული საქართველოს“ შემთხვევაში მოხდა, როდესას მისმა ამომრჩევლებმა დაიწყეს პარტიიდან წასვლა. ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენი გეგმა არ არისო. მართალია, მათ ზომიერი, ცვილიზებული პოლიტიკა სურდათ. ასეთი ცივილიზებული პოლიტიკა მიშას ფრთაში არ შედის, ამიტომ მათ სჭირდებათ ამომრჩეველი, რომელიც აგრესიას ითხოვს. ასე რომ, ეს აგრესიულობა ამომრჩევლის შენარჩუნების სურვილით არის ნაკარნახევი.