გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი არის იმ ადამიანების ჯგუფიდან, რომლებმაც თავისი მეომრები მიატოვეს ბრძოლის ველზე და რომ არა პატრიარქი, არ იქნებოდა შესაძლებლობა, ქვეყანას თავისი გმირები გამოეყვანა ბრძოლის ველიდან. ვიცე–სპიკერი for.ge–სთან საუბრისას ვაშაძეს საყვედურობს, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო მას მერე მიატოვა, რაც საბჭოთა კავშირს გამოეცალა მთავარი აგური – შიში.
for.ge გიორგი ვოლსკის ესაუბრა.
როგორ დაიწყო 2008 წლის ომი და რა იყო ამის წინაპირობა, ეს ის საკითხია, რისიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტად ეშინია. თეა წულუკინის განცხადება მათი მხრიდან შეფასდა ისე, თითქოს ჰააგის სასამართლოზე სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. როგორ ფიქრობთ, რატომ არ უნდა ყოფილ ხელისუფლებას აგვისტოს ომის გამოძიება?
გიორგი ვოლსკი: მძიმე თემაა. 2004 წელს, როდესაც კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დავინიშნე, ჩემი ამოცანა იყო სტრატეგიული დაგეგმარება, რომელიც შევადგინეთ აშშ–ის და ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით. ეს საგზაო რუქა პირველ რიგში გულისხმობდა ნდობის აღდგენას საზოგადეობებს შორის და პროცესის ინტერნაციონალიზაციას რადგან იმ პერიოდში მარტო რუსეთს ჰქონდა უპირატესობა. ეს გეგმა იმდენად სწრფად და ეფექტურად განვითარდა, რომ ყველასთვის გასაკვირი აღმოჩნდა, რატომ ჩაიშალა 2006 წლის ივლისს ეს გეგმა.
როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესში იყო გეგმის ჩაშლა?
– რასაკვირეველია - რუსეთის. ვინ შეასრულა ეს დაკვეთა? – ეს იკვეთება იმ მრავალი დოკუმენტიდან და მიმოწერიდან, თუნდაც კონდოლიზა რაისის მემუარებიდან, თუნდაც ამერიკელი, თუ ევროპელი მაღალჩინოსნების რეკომენდაციებიდან, რომელიც ფურცელზეა გადატანილი. ამ მოლაპარაკებების ჩაშლას შემდეგ მოჰყვა ის დაპირებები, რომ ძალიან მალე ცხინვალს დავამთავრებთ და, რომ სოხუმში თბილ გარემოში შევხვდებით ახალ წელს.
ეს იყო ხმამაღალი განცხადებები და ამას მოჰყვა სხვა განცხადებები, რომ კოდორის ხეობა არის პლატფორმა, საიდანაც სოხუმზე შეგვიძლია 4 წუთში მივიტანოთ დარტყმა, ხოლო ცხივნალის მიმართულებით მოლაპარაკება შეწყდა მას მერე, რაც ოქრუაშვილმა ცოტა ხნით რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატიური წარმომადგენლები დაატყვევა.
რაც მოლაპარაკების ჩაშლის საფუძველი გახდა...
– რუსეთის მიმართ ჩადენილი ეს ვითომ პატრიოტული აქტი, ძალიან მძიმედ იქნა შეფასებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. მათ უნდოდათ რუსეთი ჰყოლოდათ კონტროლის ქვეშ, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში. ამ ფორმატიდან რუსეთის გასვლამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა მსოფლიოს. აი, ეს არის მოცემულობა. აქედან გამომდინარე, შემდეგ სააკაშვილმა შექმნა მტკიცებულება საქართველოს წინააღმდეგ.
მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მათ შორის აშშ–ის პრეზიდენტის მხრიდან იყო მითითება, თხოვნა, რაც გაახმოვანა თბილისში ჩამოსულმა სახელმწიფო მდივანმა, მაგრამ სააკაშვილმა შექმნა მტკიცებულება, ვგულისხმობ ცხინვალის მიმართულებით სარაკეტო შეტევას, რომელიც აბსოლუტურად არავითარ მიზანს არ ემსახურებოდა. შემდეგ ეს გადაიღო ტელევიზიით.
როდესაც ვამბობ, რომ არავითარ მიზანს არ ემსახურებოდა, იქედან გამომდინარე ვამბობ, რომ 4-დან 8 აგვისტოს შუადღემდე, მათ შორის ვაშაძე, სააკაშვილი და ეს გუნდი არ აღიარებდა, რომ რუსეთი ჩართული იყო ამ აგრესიაში. პირიქით ამბობდნენ, რომ მოსკოვი გაკვირვებულია კოკოითის მოქმედებებითო. ამან გამოიწვია ის, რომ საზოგადოება არ გამოიყვანეს შეტაკების ზონიდან და დაახლოებოთ 140–ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. შემდეგ იმ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, რომლის არანაირი საფუძველი არ იყო - ჯერ კიდევ არ იყო ტალიავინის კომისიის დასკვნა - ევროპის საბჭოს რეზოლუციაში სიტყვა–სიტყვით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედება განაპირობა ცხინვალის დაბომბვამ.
შემდეგ სააკაშვილმა უკვე დავარცხნილი ჩვენები წარმოადგინა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში. თითქოს მან იცოდა, რომ 1 აგვისტოს რუსები უკვე შემოჭრილი იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე და დაბომბვაც სწორედ მათმა შემოჭრამ განაპირობა. აქედან ვერ გაექცევიან კითხვას, თუკი იცოდა, რომ 1 აგვისტოს შემოჭრილები იყვნენ, მაშინ საერთაშორისო დონეზე რატომ არ ატეხეს განგაში?!
როგორ ფიქრობთ, რატომ არ იყო მაშინდელი ხელისუფლების მიზანი, რომ საქმის კურსში ჩაეყენებინა საერთაშორისო ორგანიზაციები, თუკი 1 აგვისტოს იყვნენ შემოჭრილი საქართველოს ტერიტორიაზე?
– ვფიქრობ, რომ აქ არის ორი მოტივი. ერთი – დანაშაულებრივი შეცდომები, მეორე – კონსპირაცია. სააკაშვილმა პირადად ამ შთაგონებით, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის, ვაშაძის შთაგონებით გადაწყვიტა, რომ რუსეთი მართლაც არ ერეოდა პროცესში. ყველას გახსოვთ დაღუპული ჯარისკაცები, მაშინ, როდესაც რუსთაველზე ტაშ–ფანდურს მართავდნენ, საპატრიარქო რომ არ ყოფილიყო, ამ ბიჭებს მიწასაც ვერ მივაბარებდით. ასეთი მძიმე მდგომარეობა შექმნეს.
რასაც მოჰყვა სამხედრო მოსამსახურების დევნა-დაკავება დეზერტიორობის ბრალდებით...
– მიატოვეს სამხედროები, სამოქალაქო პირები ხელმძღვანელობდნენ სამხედროებს, შექმნეს სრული ქაოსი, რამაც გამოიწვია მსხვერპლი. არ ვიცი ვის უნდა ვუმადლოდეთ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც უპატრონოდ იყვნენ მიტოვებული, არ დაგვეხოცა გორის მოედანზე. თქვენ ამაზე არა ერთი სტატია დაგიწერიათ და შეგიძლიათ მიუთითოთ რამდენი დაიჭირეს მოღალატეობრივი საქმიანობის გამო და რამდენი დეზერტიორობის გამო. რამდენი აწამეს, რამდენი ჩადეს მიწაში და რამდენი ოჯახი გააუბედურეს. დღეს ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება, რომ თურმე ჰააგის ტრიბუნალზე ჯარისკაცი უნდა გასამართლდეს, თუკი ამის წინაპირობა შეიქმნება.
თითქოს პიარისთვის იყენებენ, მაგრამ ვთანხმდებით, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია...
– გეთანხმებით, რომ მათთვის პიარია, მაგრამ ეს უკვე პიარის ფორმას სცილდება და ამის ერთადერთი მიზანია თავისი დანაშაულებრივი ქმედებები გადაფარონ და ოპონენტებს, ანუ ჩვენ მოგვაყენონ შეურაცხყოფა და დაგვაბრალონ, რომ თითქოს ჩვენ ჩვენი ჯარისკაცების და ჯარის წინააღმდეგ ვმოქმედებთ. ამის მიზანია ჯარში გამოიწვიონ დაბნეულობა, მიაწოდონ არასწორი ინფორმაცია და ამის სანაცვლოდ თავიანთი მოღალატეობრივი ქმედებებით მიიღონ ხმები, რომ მათი კანდიდატი იყოს არჩეული პრეზიდენტად.
მაგრამ არა მარტო 2008 წელს, არამედ 2009 წელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებდა, რომ რუსეთს კავშირი არ ჰქონდა აგვისტოს ომთან, როგორ ხსნით მის ასეთ პოზიციას?
– მისი განცხადება ომთან დაკავშირებით მეტყველებს იმაზე, რომ ის არ აპირებდა ამ თანამდებობაზე კენჭისყრას და არ აპირებდა პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფნას, ვინაიდან ძალიან მძიმე წარსული შეიძლება შევახსენოთ მას. მათ შორის 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდი, როცა მთელი მსოფლიო თავისი პოზიციიდან შეყავდა შეცდომაში და ეუბნებოდა, რომ რუსეთს არ აინტერესებს ცხინვალის რეგიონი და ხალხი, რომელიც დაიღუპა, სახელმწიფომ მიატოვა იმ მძიმე პერიოდში.
გამონათქვამი იმის თაობაზე, რომ იგი არის რუსი და არ აპირებს რუსეთის მიმართ პოზიციის შეცვლას, მას ჰქონდა ეს მოსაზრება არა მარტო ომის შემდეგ, არამედ ომის წინ, ძალიან დრამატულ პერიოდში, როცა სასწორზე იდო ადამიანების სიცოცხლე. ეს არის ადამიანი იმ ადამიანების ჯგუფიდან, რომლებმაც თავისი მეომრები მიატოვეს ბრძოლის ველზე და რომ არა პატრიარქი, არ გვექნებოდა საშუალება, რომ გამოგვეყვანა ჩვენი გმირები ბრძოლის ველიდან. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ყველამ უნდა გაუსწოროს თვალი. იმისათვის, რათა არ მოხდეს ამის სწორი შეფასება, ხდება ყველანაირი დეზინფორმაციის მიწოდება, განსაკუთრებით ჯარისა და პოლიციისადმი, რომ თითქოს ვიღაც აპირებს ბრალი წაუყენოს ჩვენს მებრძოლებს და განსაკუთრებით საქართველოს. ეს არანაირად, არც ერთ კონტექსტში არ არის სიმართლე.
რასაც ამბობს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და მათ შორის ტალიავინის დასკვნა...
– რა თქმა უნდა. მეორე რამეს მიაქციეთ ყურადღება, როცა სერგი კაპანაძეს ჟურნალისტი ეკითხება – ვაშაძემ 2009 წელს თქვა ომი რუსეთი ბრალი არ არისო, საპასუხოდ კაპანაძე ეუბნება – მერე რა მოხდა, ეს ხომ არ არის რუსეთის მიერ ჰააგაში გამოყენებულიო? ანუ, საქართველოს შეიძლება პრეზიდენტად ჰყავდეს ადამიანი, რომელიც აგრესორს ამართლებს, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსები მის ჩვენებას ჰააგაში არ იყენებსო?!
რაც შეეხება სამხედროების საკითხს, სახეზეა უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც გიპირისპირებენ ჯარს, რამდენად რთულად შეიძლება განვითარდეს პროცესები? ალბათ, აუცილებელია ყველა სამხედრომ იცოდეს, რომ მას არ ეხება ჰააგის სასამართლო და იგივე გენერალ მამუკა ყურაშვილს, რომელიც ასევე ჩართულია ამ კამპანიაში?
– მამუკა ყურაშვილსაც არ ეხება ეს თემა. არ ეხება იმდენად, რამდენადაც მამუკა ყურაშვილმა ის ცნობილი განცხადება გააკეთა მას მერე, რაც სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი არ ერევაო. შემდეგ უკვე პაატა დავითაიას კომისიაზე თქვა, რომ რუსეთი შემოჭრილი იყო, აღებული ჰქონდა სტრატეგიული სიმაღლეები და იმიტომ ვისროლეო. იქამდე ამბობდა, რომ წესრიგი უნდა აღვადგინოთ ცხინვალის რეგიონშიო, ამას იძახდა ომის წინ და ყურაშვილმა მხოლოდ მისი ნათქვამი გაიმეორა. ყურაშვილსაც არანაირი პასუხისხსმგებლობა არ ეკისრება.
მტკიცებულებები, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა, გროვდებოდა ძალიან დიდი ხნის მანძილზე, იმიტომ, რომ ან გაბნეული იყო, ან გადამალული. მაგალითად, მთავარი მტკიცებულებაა გორისკენ ნასროლი ჭურვი, „ისკანდერი“. მისი ნამსხვრევები დამალული იყო, შემთხვევით აღმოაჩინეს სადღაც მიგდებული, ისეთ ადგილას, რომელსაც ეგონათ, რომ თვითონ აკონტროლებდნენ.
ჰააგაში არის გაეროს მართლმსაჯულების სასამართლო, სადაც ქართულმა მხარემ, მართალია, შეიტანა სარჩელი, მაგრამ შეიტანა იმდენად უსუსური საპროცედურო დარღვევით, რომ სასამართლომ უკან დაუბრუნა. ანუ, ეს ვალდებულება, რომ როგორმე დაბრუნდეს სასამართლოში ეს საქმე, ისევ ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა. ამ რაოდენობის მტკიცებულებების, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, რასაკვირველია, ჰააგაში, სტრასბურგში და შემდეგ უკვე გაეროში დაბრუნება არის რეალობა.
რა მტკიცებულება გააჩნდა „ნაციონალურ მოძრაობას“?
– ეს იყო ორი სეპარატისტის ერთმანეთში საუბარი და კიდევ სხვა აბსოლუტურად არამნიშვნელოვანი. რადარის მონაცემები, როგორ შემოვიდნენ თვითმფრინავები, ყველა ტექნიკური პროფესიონალური მახასიათებლები, რომელიც ამ დროს მნიშვნელოვანია, იმ საქმეებში არ მოიპოვება, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა. უცხოელ ექსპერტებს მოვუყევი ეს ვითარება, მითხრეს, რომ ეს ყველაფერი რაც აღწერეთ თუ რეალურია, ეს არის ან გარიგება, ან ისეთი შეცდომა, რომელიც არც ერთმა ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას, ან უნდა გადადგეს და წავიდეს.
რაც ჯარის მიმართ ხდება, ეს არის შეურაცხყოფა, რომელსაც ჯარისკაცებს, ოფიცრების შემადგენლობას და სამშობლოსთვის თავგადადებულ ადამიანებს აყენებენ. ეს არის სახელმწიფოებრივი დანაშაული იმ თვალსაზრისით, რომ ჯარი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა დეპოლიტიზირებული და არასდროს არ გაუწევია არც პროპაგანდა და არც ზედამხედველობა, თუ ვის აძლევენ ხმას,
აი, ამ ხალხს წამლავენ, რომელიც სიმართლესთან ძალიან დიდი მანძილით არის დაშორებული. არც ჰააგის და არც სტრასბურგის სასამართლო არასოდეს გამოიტანს გადაწყვეტილებას ქართველი სამხედრო ოფიცრის, ან გენერალიტეტის მიმართ. განა იმიტომ, რომ ემოციური დამოკიდებულება აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით, არამედ იმიტომ, რომ არანაირი ბრალი თავისი სამშობლოს დამცველებს არ მიუძღვით.