დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველო ომს ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაიწყებდა, მაგრამ იყო პროვოკაციაზე აყოლა, მცდარი ნაბიჯი, მცდარი გადაწყვეტილება. დეპუტატის განცხადებით, პასუხისმგებლობა იმ მხარეს დაეკისრება, ვინც გენოციდი განახორციელა და პასუხისმგებლობის საკითხი დადგება იმ მხარის, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
for.ge დავით მათიკაშვილს ესაუბრა.
თეა წულუკიანის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა, აგვისტოს ომის ზოგიერთი მონაწილის დაკავების მოთხოვნით, ჰააგის სასამართლოს მიმართოს. რამდენად მყარი არგუმენტები აქვს წარდგენილი ქართულ მხარეს, რომელიც ადასტურებს, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია?
დავით მათიკაშვილი: პროცესზე არის წარდგენილი სამართლებრივად ძალიან მყარი არგუმენტაცია იმის, რომ ქართული მხარე არის ამ კონფლიქტში დაჩაგრული მხარე. ეს არის მხარე, რომლის მიმართაც განხორციელდა გენოციდი, რომლის მიმართაც განხორციელდა ეთნიკური წმენდა, ამიტომ, პასუხისმგებლობა დაეკისრება, რა თქმა უნდა, იმ მხარეს, რომელმაც განახორციელა ეთნიკური წმენდა, რომელმაც განახორციელა აგრესია.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას გყავთ გაბრაზებული ამომრჩეველი, რომელმაც ამ ნიშნით გააკეთა არჩევანი გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ არა იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველია. როგორი მოლოდინი გაქვთ, როგორი იქნება გაბრაზებული ამომრჩევლის არჩევანი 28 ნოემბერს?
– ვეთანხმები ბატონ რამაზს, რადგანაც პირველი ტურის შედეგებმა ცხადყო, რომ ჩვენმა საზოგადოებამ სწორი და ჩვენთვის კარგად აღსაქმელი მესიჯი გამოგვიგზავნა და გვითხა, რომ მეტი ტემპი და მოქმედებაა საჭირო, შეიძლება მეტი სამართლიანობაც იყოს საჭირო და ა.შ.
ეს პრობლემები გაქვთ გაანალიზებული?
– რა თქმა უნდა. თუმცა, აქ არის მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ჩვენი საზოგადოებისთვისაც კარგად რომ იყოს გასაგები, რას ვგულისხმობ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა პარტიულმა ტელევიზიამ, რომელიც ძალიან შორს დგას მედიისთვის დამახასიათებელი აუცილებელი შემადგენელისგან, რასაც ობიექტურობა ჰქვია, გარკვეულ ეტაპზე საზოგადოებას თავს მოახვიეს აბსოლუტური სიცრუე და ტყული სალომე ზურაბიშვილის თაობაზე.ეს ტყუილი არის ღალატი და მოღალატეობა. კრემლის პიარტექნოლოგების მიერ პიარულად კარგად დამუშავებული, რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული.
საერთოდ რუსებს სჩვევიათ და არა მარტო მათ, არამედ ტოტალიტარული აზროვნების მქონე ქვეყნებს – შენს მოწინააღმდეგეს უნდა დააბრალო ის, რაც შენ თვითონ ხარ. ასევე, უნდა დააბრალო წარმოუდგენელი ტყუილი, თუ გინდა მისი დისკრედიტაცია. ამას აკეთებდნენ გებელსკის ხელმძღვანელობით ფაშისტურ გერმანიაში, ამას აკეთებს პუტინი. იგივე ხერხით ხდება საქართველოში რუსი პიარქტექნოლოგების მიერ ვაშაძის ინტერესების დაცვა.
ნახეთ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის ნიკო ნიკოლაძის წიაღიდან მოსული, ქართული ემიგრაციის წიაღიდან მოსული, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება საქართველოსთვის იბრძოდა, არ არსებობს არც ერთი არგუმენტი, რომელიც ამ კუთხით რამე კითხვის ნიშანს დასვამს. დიახ, ზუსტად „რუსთავი 2“–მა მიჭრა–მოჭრით, მიკერება–მოკერებით და თავისი დაუფლებული შავი პარტექნოლოგიის გამოყენებით, ასეთი შავი პიარი ააგორა.
რუსი პარტექნოლოგები ახსენეთ, „რუსთავი 2“–ის არქივში არსებობს ჩანაწერი, სადაც ჟურნალისტი სიამაყით ამბობს, რომ ზურაბიშვილმა არც ერთი ნაბიჯით არ დაუთმო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, როდესაც საქმე ეხებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას საქართველოდან...
– ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ „რუსთავი 2“ ძალიან შორს დგას არა თუ ობიექტური მედიისგან, არამედ მედიისგან. 90–იანი წლებიდან დღემდე ჩვენი საზოგადოება ძალიან გაიზარდა იმ კუთხით, რომ მათ კარგად შეუძლიათ მოვლენების შეფასება, ანალიზი და საბოლოო ჯამში, მე მჯერა, რომ სწორი ვერდიქტის გამოტანით დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნები - სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით, რომლის წინააღმდეგ ამხელა სიბინძურეს ეწევა „ნაციონალური მოძრაობა“ და კრემლი. მჯერა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც საბოლოოდ დადგება საარჩევნო ურნასთან და დაფიქრდება გადაწყვეტილების მიღებაზე, ცხადი იქნება მისთვის, რომ რა გადაწყვეტილებას ის ერთი კონკრეტული ადამიანი მიიღებს, ისე განვითარდება ჩვენი ქვეყნის ბედი.
ამომრჩეველი მიიღებს ვაშაძის, სააკაშვილის და პუტინის სასიკეთო გადაწყვეტილებას, ასეთ შემთხვევაში საქართველო წავა სიბნელისკენ, კორუფციისკენ, ტერიტორიული მთლიანობის საბოლოოდ ჩამოშლისკენ და საერთოდ სახელმწიფოებრიობის ჩამოშლისკენ. დიახ, ეს არის რუსეთის მიზანი, რაც ამდენი ხანი ვერ განახორციელა. 2008 წელს, როდესაც კარგად წამოაგო პროვოკაციაზე და თავის საქმე გააკეთებინა სააკაშვილს, ახლაც იგივე საქმეს აკეთებინებს ვაშაძის ხელით.
როდესაც პირადპირი მნიშვნელობით ჯარს უპირისპირებენ ზურაბიშვილს, ამის უკან დგას რუსული ინტერესები?
– რუსული ინტერესები დგას ყველა იმ პოლიტიკური ძალის უკან, ვინც ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებს საქართველოში და სურვილი აქვს საფრთხე შეუქმნას ქვეყნის პოლიტიკურ მდგრადობას, რასაც აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი პრობლემა მისი ვექტორის კუთხითაც. დღეს, ამის სურვილი ნამდვილად გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას“. მიხეილ სააკაშვილმა ოღონ ხელისუფლება უკან დაიბრუნოს და რუსეთს კი არა, ვისაც დასჭირდება იმას გაურიგდება. იმიტომ, რომ ეს არის მისი არსი. საბოლოო ჯამში რა მიზნები ამოძრავებს სააკაშვილს, ეს კარგად ჩანს 150–ზე მეტი დაკარგული ქართული სოფლებით, მიყიდული და ჩაბარებული კოდორიდან, დაკარგული ტერიტორიებით და ამ ყველაფრის გაფორმებით. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილის დადანაშაულება, არის კრემლის სტილში დამუშავებული პროპაგანდა, რომელსაც „რუსთავი 2“ კარგ პროპაგანდას უკეთებს.
როგორ ფიქრობთ, მიიღებს ამ პროპაგანდას ქართველი ამომრჩეველი?
– როდესაც საარჩევნო ურნასთან დადგება ამომრჩეველი და სანამ შემოხაზავს, უნდა დაფიქრდეს, უნდა ქვეყანაში ძალადობის დაბრუნება და სააკაშვილის, მერაბიშვილის, ახალაიების, ქარდავების გამოშვება? თავისუფლად შეიძლება ამ ხალხის დადნაშაულება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში. ამიტომ, კარგად დაფიქრდნენ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მიიღებენ ვაშაძის სასარგებლო გადაწყვეტილებას, დაბრუნდება ის, რაც არ შეიძლება ნორმალურ ადამიანს მოსწონდეს - გაუპატიურება, ბიზნესის მიტაცება, ლანძღვა–გინება, ყველა დონეზე ჩარეცხილები და დესტაბილიზაციის უდიდესი საფრთხე.
ვიტალი შკლიაროვი დეკემბერში საქართველოში რევოლუციას აანონსებს. როგორ ფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება მოვლენების ესკალაციისთვის და რამდენად შეძლებენ მის განხორციელებას?
– ეს არის პირდაპირი დასტური იმისა, სწორედ მოსკოვიდან იგეგმება ის საფრთხეები, რის პრევენციასაც ჩვენი ხელისუფლება ახდენს. ეს არის რევოლუციის სურვილი, რა სურვილიც ამოძრავებს „ნაციონალურ მოძრაობას“. მისთვის მისაღებია ნებისმიერი სახის ძალადობა. „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება მოვლენების ესკალაციისთვის. პიარტექნოლოგებმა დააანონსეს და საზოგადოებას უთხრეს, რომ ასეთი გეგმები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ეს საზოგადოებამ და ჩვენ ისედაც ვიცოდით, მაგრამ ახლა ამის დადასტურება მოხდა.
რაც შეეხება იმას, ვინ რას შეძლებს, ვერაფერს ვერ შეძლებენ. ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფო არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს მოვლენების ესკალაციას. რაც არ უნდა მოინდომოს რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, არჩევნები ჩატარდება მშვიდ ვითარებაში. სახელმწიფო, შს სამინისტრო და ყველა ის სტრუქტურა, რომელიც ამისთვის არის მოწოდებული, უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას. საქართველოს მტრებს არ გავახარებთ, ქვეყანას ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი.