იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მტკიცებულებებით უნდა დადგინდეს და განსასჯელის სკამზე დაჯდეს, ვინც რუსეთის მითითებით ჩვენი ტყვეების წამება და მკვლელობა ჩაიდინა, რაც ქართული მხარის მიზანია. წულუკიანის განცხადებამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ პანიკა გამოიწვია, რაც ლოგიკურია. ყოფილი ხელისუფლების წევრები ქართველ სამხედრობს საკუთარი პოლიტიკური ინიტერესებისთვის იყენებენ და ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქართველი სამხედროების ჰააგაში გასამართლებას გეგმავს.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, შესაძლო პასუხისმგებლობებზე საუბრის დროს, ფატუ ბენსუდა და მისი გამომძიებლები აცხადებენ, რომ გამოძიება საიდუმლოებით არის მოცული.
„ვიცით მხოლოდ ერთი, რომ საქართველოსა და მისი ხელისუფლების, იუსტიციის სამინისტროს გუნდის მიზანი იყო, არის და იქნება, რომ რუსი გენერლებისა და კიდევ უფრო მაღალი თანამდებობის პირთა გვარები და სახელები დადგინდეს მტკიცებულებებით და არა მხოლოდ ის, რა ვიცით ჩვენ. სისხლის სამართლებრივი მტკიცებულებებით უნდა დადგინდეს, რომ ვიცოდეთ და დაჯდეს განსასჯელის სკამზე ის, ვინც რუსეთიდან, რუსის მითითებით ცხინვალის რეგიონში ჩვენი ტყვეების წამება და მკვლელობა ჩაიდინა. აი, ეს არის რაც ვიცით და რაც არის ჩვენი მიზანი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“–ს წევრი გიორგი ვაშაძე ირწმუნება, თითქოს თეა წულუკიანს მითითება მიეცა, რომ წერილი მიეწერა ჰააგის სასამართლოსთვის, გმირი სამხედროების წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად და ხელისუფლებას მიმართავს, რომ წულუკიანი თანამდებობიდან გაათავისუფლოს.
„გიჟივით მუშაობს რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ. ისტერიკაში არიან და დელეგაციას დელეგაციაზე აგზავნიან. თქვენ რას შვრებით ამ დროს?! ამ ქალს, თეა წულუკიანს პირდაპირი მითითება მიეცით, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ დანაშაული ჩაედინა და წერილი მიეწერა ჰააგის სიხლის სამართლის სასამართლოსთვის, რომ მათ ჩვენი გმირი სამხედროების წინააღმდეგ დაიწყონ გამოძიება?! არ გრცხვენიათ?!
საზოგადოება ყველაფერს ხედავს. არჩევნები ჭირსაც წაუღია, გვაქვს ქვეყანა, სამშობლო, ხომ არ შეიძლება ყველაფერს ხაზი გადაუსვა და შენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდე. ეს არის ის გამოუწორებელი შედეგები, რაც საქართველომ დეოკუპაციასთან მიმართებაში შესაძლოა იწვნიოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, გაათავისუფლეთ თქვენი იუსტიცის მინისტრი თანამდებობიდან, ჩააბარეთ ვინმე ნორმალურს ეს საქმე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია ვერ ეღირსება, ბინძური ტყუილებით შეიარაღებული ძალების ერთიანობასა და სიმტკიცეში ბზარის გაჩენას. კალაძის განცხადებით, პოლიტიკური ძალა, რომელმაც საკუთარი სიმხდალის და ღალატის გადასაფარად, ჯოხი ისევ გმირ სამხედროებზე გადატეხა და მათი თანაგუნდელი სადისტების ხელით არნახული რეპრესიები მოუწყო შეაიარაღებულ ძალებს.
„მივმართავ მათ, ვინც ამ დანაშაულების დასაფარად გადალახა პოლიტიკური ოპონირების დასაშვები ზღვარი: ვერ ეღირსებით, ბინძური ტყუილებით ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთიანობასა და სიმტკიცეში ბზარის გაჩენას! ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ ხალხთან ერთად ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი – დეპოლიტიზებული ჯარი ისევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაითრიოთ! სწორედ ხალხთან ერთად დავიცავთ ჩვენს სამხედროებს თქვენი შანტაჟისგან, ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში მოვიგებთ თქვენ მიერ წაგებულ საქმეებს, თქვენი ღალატით გახლეჩილ ქვეყანას გავამთლიანებთ და წინ წავიყვანთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, დარტყმა მიაყენოს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მის ერთიანობას, „რადგან ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ემუქრებათ ჰააგაში გასამართლების საფრთხე.
„მსგავსი აბსურდული განცხადებებისთვის არანაირი თეორიული საფუძველიც კი არ არსებობს და „ნაციონალური მოძრაობა“ უტიფრად ცდილობს საზოგადოების და ჩვენი გმირების შეცდომაში შეყვანას, მათი სახელის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას. მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიტოვებულ ჩვენს გმირ ოფიცრებს, სერჟანტებსა და რიგითებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ – დიდება და პატივი მადლიერი ქართველი ხალხისგან.
სასამართლო ემუქრება ოკუპანტებს და ბანდფორმირებებს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა ჩაატარეს ქართულ მიწაზე. ეს სიცრუე მოიგონეს მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ისტორიისა და მისი მომავლის წინაშე და ახლა, მათთვის უკვე ჩვეული ტვინის გამორეცხვის მეთოდით, რუსი პოლიტტექნოლოგების რჩევით და რეკომენდაციით, გმირი სამხედროების ზურგს ამოფარებულები, ცდილობენ, სხვას დააბრალონ ის, რაც თავად დაუშავეს ხალხს და ქვეყანას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
საერთაშორისო სამართლის ექსპერტის, ანა დოლიძის თქმით, ყველანაირი მცდელობა, რომ ფორმიანი ადამიანი ჩაერთოს პოლიტიკაში, არასწორია და აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს. მისივე თქმით, ადამიანი, რომელსაც აცვია პოლიციისა თუ ჯარისკაცის ფორმა, სახელმწიფოს სიმბოლოა, ამიტომ ეს ხალხი უნდა მოვარიდოთ პოლიტიკას. რაც შეეხება ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს, დოლიძე მიიჩნევს, რომ სცდება სიმართლეს. ექსპერტის შეფასებით, არ ახსენდება ჰააგის სასამართლოში ჯარისკაცის პასუხისმგებლობა დაეყენებინოთ.
„ერთადერთი პოზიცია, რომელსაც ჰააგისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე უნდა ვიცავდეთ, არის ის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში ყველა ტიპის დანაშაული ჩაიდინა რუსეთის მხარემ. ერთადერთი, რაც შეიძლება, დაადგინოს ჰააგამ, არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რაც ძირითადად ხდება არა რომელიღაც ჯარისკაცის, არამედ ლიდერობის დონეზე, იმ ადამიანების დონეზე, ვისაც შეეძლო, გაეცა განკარგულება. ყოფილა შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტიც მიუციათ პასუხისგებაში.
ჩვენი ინტერესი, რასაც ყოველთვის ვიცავდი, როდესაც კასეტურ ჭურვებს სურათები გადავუღე და ახლაც დავიცავ, არის ის, რომ ამ დანაშაულებში გასამართლდეს რუსეთი. გასამართლდეს აგრესიისთვის, არაადამიანური დანაშაულებისა და ინდივიდუალურად ომის დანაშაულების ჩადენისათვის. შეიძლება, გასამართლდეს გენერალიტეტი, შეიძლება, გასამართლდეს პრეზიდენტი.
ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესია, ამტკიცოს, რომ ყველაფერ ამაში პასუხისმგებელია რუსეთი. ამ საკითხის ჩამოტანა შიდასახელმწიფოებრივ დებატებში და ამით ანგარიშის გასწორება პოლიტიკურად, საერთოდ სახელმწიფოებრივ ინტერესებს აზიანებს და არა რომელიღაც მოძრაობასა და პარტიას“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას არ იზიარებს, ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, რომლის განცხადებით, განსხვავებით სტრასბურგის სასამართლოსგან, სადაც საქართველო რუსეთის წინააღმდეგ იყო, ჰააგის სასამართლოზე სახელმწიფო სახელმწიფოს წინააღმდეგ ვერ წარდგება.
„უმჯობესია განცხადების ავტორი კარგად გაერკვეს საკითხში. როგორც ჩანს, ამ სფეროში არ არიან კარგად ჩახედულები და უმჯობესია გაეცნონ საკითხს. 2008 წლის ომის შემდეგ ჯერ რუსეთმა შეატანინა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს საჩივრები ჰააგის სასამართლოში, შემდეგ შეიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ, თუ სწორად მახსოვს 2009 წელს. თუმცა, მანამდე დაიწყო ჰააგის პროკურორმა აგვისტოდან საქმის გამოძიება დამოუკიდებლად.
ამ სასამართლოზე და ამ გამოძიებაზე, განსხვავებით სტრასბურგისგან, სადაც იყო საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევები განიხილეს, ჰააგის სასამართლო განიხილავს ომის დანაშაულებს. აქ სახელმწიფო სახელმწიფოს წინააღმდეგ ვერ წარსდგება.
ჩვენ ვართ ხელმომწერი და გვინდა თუ არა, ვალდებული ვართ ამ ხელმოწერით ნაკისრი ვალდებულებები შევასრულოთ და ვითანამშრომლოთ ჰააგის სასამართლოსთან. განსხვავებით რუსეთის ფედერაციისგან, რომელიც არ თანამშრომლობს ჰააგის სასამართლოსთან. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებს და სამხედროებს მოუწევთ სასამართლოში ჩასვლა და პასუხის გაცემა. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა სამხედროების უფლებები დაცული იყოს, რადგანაც ჩვენ იქ გენოციდი არ მოგვიწყია, არავინ გვიწამებია და ა.შ. ჩვენ ომის კანონები არ დაგვირღვევია“, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.