„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა, აგვისტოს ომის ზოგიერთი მონაწილის დაკავების მოთხოვნით, ჰააგის სასამართლოს მიმართოს“, – აცხადებს იუსტიციის მინისტრი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეების პასუხისგებაში მიცემის მოლოდინშია. თეა წულუკიანის მტკიცებით, პროკურორი მიიღებს ინდივიდუალურ პირებზე გადაწყვეტილებას და საქართველოს ხელისუფლება არ იქნება წარმოდგენილი როგორც მხარე. მინისტრის განცხადებით, ეს არის ის სასამართლო, სადაც პროკურორი არის ფატუ ბენსუდა. შესაბამისად, აქ საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ არის და ვერასოდეს ვერ იქნება მხარე.
„ქალბატონ ფატუ ბენსუდას მიჰყავს გამოძიება დანაშაულებზე, რომელიც მოხდა აგვისტოს ომის დროს და თუკი ის მივა დასკვნამდე, რომ გარკვეულ ეპიზოდებში მართლაც არის დანაშაული მომხდარი, მან შეიძლება დაკავების მოთხოვნით, კონკრეტული ადამიანების, მიმართოს იმავე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს“, – აცხადებს თეა წულუკიანი.
თეა წულუკიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი და 2011 წლის 1 აპრილს ეს დავა წააგო. როგორც მინისტრი განმარტავს აღნიშნული გადაწყვეტილება არის საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილების „შებრუნების“ ერთადერთი მექანიზმი არის ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც შეეცდება, საქმე საქართველოს სასარგებლოდ შეატრიალოს.
„დღეს ხშირად ისმის – არ ავირჩევთ ჩვენ მოღალატე პრეზიდენტს – მე ვეთანხმები, „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ჩვენ არ ავირჩევთ მოღალატე პრეზიდენტს, ოღონდ ეს მოღალატე პრეზიდენტი და ძალა ჩვენთვის არის საბჭოთა დიპლომატი, ბატონი ვაშაძე და ეს 2011 წლის ჰააგის გადაწყვეტილება, რომლითაც მათ წააგეს დავა. ეს უფრო არის მოღალატეობრივი და კითხვები არის პასუხგასაცემი. მილიონობით დოლარი რომ დაიხარჯა ამის ადვოკატირებაში, რატომ დადგა ეს მარცხი?
დღეს ეს ჩემი ტვირთია, რომ საქმე შევაბრუნო, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან დიდი მუშაობა და ამისთვის ველოდებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას. სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე აგვისტოს ომის დავაზე დიდი იმედი მაქვს, გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული, მაგრამ მინდა ყველას ესმოდეს, რომ რუსეთთან ბრძოლა არ არის მარტივი, მას ბევრ რამეზე მიუწვდება ხელი, მათ შორის არაკანონიერი რესურსიც გააჩნია და წესების დარღვევით ბრძოლაც შეუძლია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველო მყარი მტკიცებულებებით წარსდგება ჰააგის სასამართლოში, რათა დაცული იყოს ქვეყნისა და თითოეული სამხედროს ინტერესები. ლევან იზორიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველაფერი კეთდება, რომ ჰააგის სასამართლოს ფარგლებში დადგინდეს ეთნიკური წმენდა, რომელიც ქართველების წინააღმდეგ განხორციელდა, ასევე წამებისა და მკვლელობის ფაქტები.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყველაფერს ვაკეთებთ, რომ განსაკუთრებით ჰააგის სასამართლოს ფარგლებში, წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით დადგინდეს ის ეთნიკური წმენდა, რომელიც განხორციელდა ქართველების წინააღმდეგ.
ასევე მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს წამებისა და მკვლელობის ფაქტებს. განსხვავებით იმ პროცესებისა, რომელიც ახსენეთ, ჩვენ მყარი, მომზადებული მტკიცებულებებით წარვდგებით ჰააგის სასამართლოს წინაშე, რათა ქვეყნისა და თითოეული სამხედრო მოსამსახურის ინტერესები დაცული იყოს“, – აცხადებს ლევან იზორია.
იუსტიციის მინისტრის სკანდალურ განცხადებიაზე დეტალურ განმარტებას არ აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა თეა წულუკიანის და დავით ზალკანიანის გადადგომა მოითხოვა. გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ საქართველოს სახელმწიფო მისი იუსტიციის მინისტრის სახით, ხელებს იბანს 2008 წლის ვეტერანებთან დაკავშირებით და აცხადებს მათ კერძო პირებად.
„თუ ამ საქმის მსვლელობისას ე.წ. „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, მოხდება ჩვენი ჯარისკაცების საქმეების განზოგადება საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ და შედეგად უმძიმესი საფრთხის წინაშე დავდგებით. ე.წ. ოცნებამ და მინისტრმა წულუკიანმა წარმოუდგენელი შეძლეს, წინა ხელისუფლების დროს ოკუპანტი ქვეყნის პასუხისმგებლობის თემა შემოატრიალეს ოკუპანტ სახელმწიფოს აგრესიის მსხვერპლის – საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
რატომ წააგო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ 2011 წელს ჰააგაში დავა, ამაზე დეტალურ განმარტებას არც „ევროპულ საქართველოში“ აკეთებენ. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მთელი 6 წლის განმავლობაში ამაზე დიდი საშინელება ამ მთავრობას ჯერ არ გაუკეთებია. სააკაშვილის ხელისუფლების სახე ამბობს, რომ თეა წულუკიანი და მთლიანად ხელისუფლება სამხედროებს კი არ იცავენ, არამედ მათ წინააღმდეგ გამოდიან.
„ჩვენი იუსტიციის მინისტრი, ჩვენი სახელმწიფო, რომელიც უნდა იცავდეს ჩვენს სამხედროებს, ვინც დაიცვა ჩვენი ქვეყანა მაშინ რუსეთის საშინელი აგრესიისგან, ის მათზე საუბრობს როგორც ვიღაცა უცხო ადამიანებზე. კი არ იცავს, არამედ საუბრობს, რომ იქ ვიღაცას დაკითხავენ. პირადად თეა წულუკიანმა და ამ ხელისუფლებამ, წლების გამავლობაში ჩვენი ხელისუფლების ჯინაზე მთლიანად ისე წარმართა პროცესები, რომ დარტყმის ქვეშ დააყენოს სამხედროები, რომლებსაც მადლობა უნდათ ვუთხრა ყოველ დღე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.