ევროპარლამენტარი გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ

ევროპარლამენტარი გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ

„ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია ქართველმა ხალხმა აირჩიოს ადამიანი, რომელიც რუსეთს უკავშირდება და მისი ყოფილი მოქალაქეა“, – ასეთია რუმინელი ევროპარლამენტარის შეფასება „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის წარსულთან დაკავშირებით. როგორც ვიქტორ ბოშტინარომ აღნიშნა, ყოფილი ელჩი პრეზიდენტობის შესაფერისი ვერ იქნება.

„საქართველო ყოველთვის იცავდა თავის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. 2008 წელს თქვენმა დიდმა მეზობელმა გადაწყვიტა ემოგზაურა საქართველოში ტანკებით და თბილისამდე მოვიდა, ამ მოგზაურობის შემდეგ კი თქვენი ორი რეგიონი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მას ოკუპირებული აქვს. ასე რომ, ჩემთვის როგორც საქართველოს მეგობრისთვის რთული წარმოსადგენია, რომ დღეს ქართველმა ხალხმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით აირჩიოს პრეზიდენტად ადამიანი, რომელიც რუსეთს უკავშირდება და მისი ყოფილი მოქალაქეა“, – აღნიშნა ვიქტორ ბოშტინარომ.

რუმინელი დეპუტატის განცხადებაში, რომელიც ცნობილია როგორც პრორუსული განწყობებით, საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ ოპოზიციაში და მიაჩნიათ, რომ თუ ყოფილ კომუნისტს არ მოსწონს რომელიმე კანდიდატი, ეს ნიშნავს, რომ სწორედ ამ კანდიდატს უნდა დაუჭირონ მხარი.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ ბოშტინარო პრორუსული ინტერესებით გამორჩეული პირია, ის ჩაუშესკუს კომუნისტური პარტიის წევრი იყო და ამ განცხადებით პირდაპირ ჩაერია საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში.

„ეს ადამიანი არის ჩაუშესკუს კომუნისტური პარტიის წევრი ისინი გამოირჩევიან თავის პრორუსული ინტერესებით. სამარცხვინოა, როცა „ქართული ოცნება“ ასეთი ადამიანის განცხადებებს იყენებს. „ქართული ოცნების“ ადგილზე შემრცხვებოდა, როცა ასეთი დეპუტატების და ასეთ ევროპარალამენტარების მიერ ხდება მათი სასარგებლო განცხადებების გაკეთება. აქ სერიოზული ეჭვია, რომ სწორედ რუსული სპეცსამსახურები, რუსული ფული ამუშავდა იმისთვის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ სასურველი განცხადებები მიიღონ ევროპარლამენტიდან“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პრემიერ–მინისტრი დარწმუნებულია, რომ გრიგოლ ვაშაძის კანდიდატად წარდგენა სააკაშვილის მხრიდან რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაში გადადგმული ნაბიჯია. როგორც მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რევანშისტების გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ყველა მიღწევას.

„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გასაკეთებელი გვაქვს პრინციპული არჩევანი ტოტალიტარულ წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის და მე, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი აირჩევს პროგრესს და ევროპულ მომავალს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იმ ადამიანის პრეზიდენტად არჩევა, რომელსაც აქვს საბჭოთა დიპლომატიური წარსული, მიუღებელია პარლამენტის თავმჯდომარისთვის. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს მიუღებელია ევროპარლამენტარებისთვის.

„გაერთიანებული ოპიზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, საბჭოური მენტალიტეტის მქონე კანდიდატია. მთავარი ისიც არ არის, რომ ეს ადამიანი იყო პოსტსაბჭოთა დიპლომატი, მთავარი არის ის, რომ მას აქვს საბჭოური მენტალიტეტი და ზუსტად ამ საბჭოური მენტალიტეტიდან არის ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

ჩვენ ვსაუბრობთ ევროპარლამენტის რეზოლუციასა და ევროპარლამენტარების განცხადებაზე. ჩვენთვის მიუღებელია იმ ადამიანის პრეზიდენტად არჩევა, რომელსაც აქვს საბჭოთა დიპლომატიური წარსული. ეს მიუღებელია ევროპარლამენტარებისთვის და ასევე ჩვენთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტარის განცხადებას გამოეხმაურება მოჰყვა საქართველოს პარლამენტში. მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ არა მხოლოდ გრიგოლ ვაშაძეს, არამედ ექს–პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანიას ბიოგრაფიები დაკავშირებულია „კა–გე–ბე“–სთან, მათ შეუძლიათ, საკუთარ CV–ში ჩაიხედონ.

„ეს პოზიცია ევროპარლამენტიდან რომ არ მითხრან, იგივე პოზიცია ისედაც მაქვს. ქალი კანდიდატის მიმართ, ვისი კანდიდატიც არ უნდა ყოფილიყო, შეურაცხყოფასა და ცილისწამებაზე აგებული კამპანია არასწორი იყო და ასეთი რამ არ უნდა გავაკეთოთ. ეს ღირებულებების დონეზე არასწორი ქცევაა.

ჩვენი ოპონენტების შემთხვევაში, მიზანი ნებისმიერ საშუალებას ამართლებს და ეს მათი მხრიდან გასაკვირი არ არის. ვაშაძის, ალასანიასა და სააკაშვილის ბიოგრაფიები „კა–გე–ბე“–სთან დაკავშირებულია და შეუძლიათ, CV–ში ჩაიხედონ. ეს მათ მიმართ ბრალდებაც არ არის, მათი ბიოგრაფიის შეხსენებაა საზოგადოებისთვის“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მმართველი გუნდის პრეტენზიები მიუღებელია ოპოზიციისთვის. „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია მმართველ გუნდს მიმართავს, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი ებრძვის, მაშინ რატომ ხდება, რომ ყველა პრორუსი მმართველ გუნდს უჭერს მხარს.

„თქვენ გგონიათ არ ვიცით, რატომ არ დააყენა საკუთარი კანდიდატურა ირმა ინაშვილმა? იმიტომ, რომ ის 3–4% სალომე ზურაბიშვილისთვის არ წაერთმია და ახლა მხარს უჭერს. გამოდით და თქვით, რომ არც ერთი იმ პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა არ გინდათ, ვინც პროპუტინულია და სიძულვილს ქადაგებს, მაგრამ თქვენ გინდათ მათი მხარდაჭერა, ფულს აძლევთ მათ და პარლამენტშიც თქვენი დახმარებით შემოვიდნენ – ვის ატყუებთ თქვენ?!“, – მიმართა გიგა ბოკერიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში პრორუსულად განწყობილი დეპუტატები დავალებებს პირდაპირ რუსეთის საელჩოდან იღებენ. სამადაშვილი ირწმუნება, რომ ბოშტინარომ სწორედ რუსეთის საგარეო უწყებიდან მიიღო მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთების დავალება.

„ახლა გინდა მოისმინეთ, გინდა ჩვენს პოლიტიკურ ძალას ფაშისტობა დააბრალეთ და თუ გინდათ, თქვენი სატელიტი პარტიის ლიდერის, ქალბატონ ირმა ინაშვილის მსგავსად, ქუჩა–ქუჩა გვდიეთ, რომ გაგვანადგუროთ. ვერ გაანადგურებთ ქართველ ხალხს, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რას აკეთებთ როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ.

ახლა ვიღაც ყოფილი კომუნისტი რუმინელი დეპუტატები, რომლებიც ყველანაირი საერთაშორისო ეტიკეტის, ევროპარლამენტის ყველანაირი რეგლამენტის დარღვევით, უცხო ქვეყანაში კონკრეტულ კანდიდატებზე შეფასებებს აკეთებენ, მათი სიტყვების დამოწმებით ქართველ ხალხს ნუ მოატყუებთ, იმიტომ, რომ მსგავსი პრეცედენტი ევროპარლამენტში მე არ მახსოვს“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.