„სწორედ მოსკოვიდან იგეგმება ის, რა სურვილიც ამოძრავებს „ნაციონალურ მოძრაობას“

„სწორედ მოსკოვიდან იგეგმება ის, რა სურვილიც ამოძრავებს „ნაციონალურ მოძრაობას“

ვიტალი შკლიაროვი დეკემბერში საქართველოში რევოლუციას აანონსებს. „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის რუსი პიარტექნოლოგი ამტკიცებს, რომ არის შანსი დეკემბერში საქართველოში ვითარება რადიკალურად შეიცვალოს. გრიგოლ ვაშაძის პიარტექნოლოგის ინტერვიუს - „სამი დასკვნა საქართველოს სამპეზიდენტო არჩევნებიდან“ - რადიო „ეხო მოსკვი“ აქვეყნებს, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია „გაზპრომთან.

ვაშაძის რუსი პიარტექნოლოგი დარწმუნებულია, რომ საქართველო გახდება ახალი ტიპის და ახალი თაობის უფრო ძლიერი დემოკრატიული „სტარტაპ–სახელმწიფო“, თანამედროვე სამყაროში კი, მისი აზრით, ეს ერთადერთი გზაა განვითარების და მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესების.

„არის შანსი, რომ დეკემბერში საქართველოში ვითარება რადიკალურად შეიცვლება. არის შანსი, რომ მოხდება არა მორიგი „ვარდების რევოლუცია“, ან ხელისუფლების შეცვლა, არამედ ცვლილებების მშვიდობიანი და ნამდვილად დემოკრატიული „რევოლუცია“. რევოლუცია, სადაც არც ქვემოთ და არც ზემოთ არ სურთ ძველებურად ცხოვრება, რევოლუცია, რომელსაც არ ეყოლება წაგებული“, – წერს ვიტალი შკლიაროვი რადიო „ეხო მოსკვიზე“ გამოქვეყნებულ ბლოგში.

შკლიაროვის დასკვნაში სკანდალურს ვერაფერს ხედავენ „ნაციონალურ მიძრაობაში“. მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე ქართულ მედიას მოგვიწოდებს კარგად წავიკითხოთ ვიტალი შკლიაროვის განცხადება, რომელიც, მისი თქმით, ნამდვილად ოპოზიციის განწყობა არის. მისივე თქმით, შკლიაროვი დემოკრატიულ პროცესებზე საუბრობს.

„ისე, როგორც მან დაწერა, რაც არ უნდა სპეკულაცია მოახდინოს გარკვეულმა მედიასაშუალებებმა, თუ ჩვენმა ოპონენტებმა, ის საუბრობს დემოკრატიულ პროცესებზე. ძალიან გთხოვთ, კარგად წაიკითხეთ. ძალიან გთხოვთ, კარგად შეაფასეთ. ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია. ეს ნამდვილად ჩვენი განწყობაა.

დაიწყება პროცესი, სადაც ყველა ადამიანი იპოვის საკუთარ ადგილს. გავერთიანდებით და ქვეყანას დავაყენებთ ფეხზე. აი, ეს არის ის შინაარსი, რაც ამ განცხადებაში არის. ჭრა-კერვას ძალიან გთხოვთ შეეშვით და ბრჭყალებს ნუ მოხსნით ხოლმე, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მმართველ გუნდში კი დარწმუნებული არიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება მოვლენების ესკალაციისთვის. თუმცა როგორც მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს, არაფერი გამოუვათ.

„ეს არის პირდაპირი დასტური იმისა, რასაც ამბობდა და ხაზს უსვამდა მმართველი გუნდი. დიახ, სწორედ მოსკოვიდან იგეგმება ის საფრთხეები, რის პრევენციასაც ჩვენი ხელისუფლება ახდენს. ეს არის რევოლუციის სურვილი, რა სურვილიც ამოძრავებს „ნაციონალურ მოძრაობას“. მისთვის მისაღებია ნებისმიერი სახის ძალადობა.

აქ საუბრები რაიმე სახის უსისხლო და დემოკრატიულ რევოლუციაზე არის ინსინუაცია და ტყუილი. „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება მოვლენების ესკალაციისთვის, თუმცა მათ არაფერი გამოუვათ, სახელმწიფო არ დაუშვებს იმას, რომ ქვეყანაში მოვლენების ესკალაცია მოხდეს. აუცილებლად ჩატარდება მეორე ტური და ქვეყანას აუცილებლად ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ანალიტიკოსების შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმაში შედის პროცესების ესლკალაცია. შესაბამისად, თვლიან, რომ ხელისუფლებას საკამოდ დიდი სიფრთხილე მართებს, რადგან ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველაფერზეა წამსვლელი. სოციოლოგი ვალერიან გოგრილაძე თვლის, რომ სწორედ პროვოკაციისთვის და პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება შვილმკვდარი მამების გამოყენება, ისევე როგორც კარვების გაშლა და „ქართული ოცნების“ შტაბთან შეკრების მოწყობა.

„ეს ყველაფერი შეიცავს პროვოკაციას. პროვოკაციას არა შვილმკვდარი მამების მხრიდან, არამედ იმის მხრიდან, ვინც ცდილობს ამ გაუბედურებული მამების გამოყენებას. ის, რომ რადიკალიზაცია ხდება, ეს ფაქტია. პირდაპირი ეთერიდან შეურაცხყოფა, გინება, ასეთი რამე არ მომხდარა და ამას აკეთებს მედიასაშუალების ხელმძღვანელი, რაც, რა თქმა უნდა, ემსახურება აგრესიას - ვერბალური აგრესია მერე გადადის ფიზიკურ აგრესიაში.

ესკალაცია, დაძაბულობა, ყველაფერი ეს აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“. მათი მთავარი იდეოლოგი და კურატორი ვიტალი შკლიაროვი ამას ადასტურებს თავის ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნებულია „გაზპრომის“ მედია საშუალებაში. ის პირდაპირ ამბობს, რომ დეკემბერში საქართველოში უნდა მოხდეს დემოკრატიული რევოლუცია“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვალერიან გორგილაძე.

სოციოლოგი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება მართებს ძალოვან სტრუქტურას და შემთხვევითი არ არის, რომ მთელი დარტყმები მიდის პოლიციაზე.

„ეს არ არის შემთხვევითი შეტევები. გვარამიას მისვლა მიკროფონით, ცინიკური, აგდებული და პროვოკაციული ტონით მათი ინტერვიურება, ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური ზეწოლა. კუდიანებზე ნადირობა და მაგალითად, იური მეჩითოვისგან მტრის ხატის შექმნა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის გეგმის შემადგენელი ნაწილი“, – აღნიშნა ვალერიან გორგილაძემ.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი მამების პროტესტმა თავის დროზე ბიძგი მისცა ანტისახელისუფლებო პროცესს, ვერ მოხდა მისი რადიკალიზაცია, რადგან პროცესი შეწყდა, საზოგადოებისთვის არ გახდა პროტესტის ისეთი მუხტი, რომ მასობრივ პროტესტში გადასულიყო. თუმცა, ახლა ვითარება გაცილებით რთულია.

„რთულია იმიტომ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ არჩევნებში რაოდენობრივად მიიღო იმდენივე ხმა – 800 ათასი, რაც ჰქონდა 2012 წელს. ახლაც დაახლოებით ამდენივე მხარდამჭერი ჰყავს ჯამურად – „ნაციონალები“ და პლუს „ევროპული საქართველო“. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი არის 600 ათასი. ამიტომ სულ ვამბობ, ეს არჩევნები როგორც არ უნდა დასრულდეს, გაიმარჯვებს ზურაბიშვილი თუ ვაშაძე, პროცესი არ დასრულდება, პროცესი მაინც გაგრძელდება“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

რამდენად სწრაფად წავა პროცესი და რამდენად რადიკალურ ფორმებს მიიღებს, ძაბირაძეს განცხადებით, დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ ჩატარდება არჩევნები.

„შემდეგ ამ პროცესის დარეგულირება უკვე ხელისუფლების მოვალეობაა, მაგრამ დღესვე უნდა იფიქროს იმაზე, რა იქნება არჩევნების შემდეგ, რომ მშვიდობიანი და სტაბილური გარემო მიიღოს. თუ პროტესტი იმდენად რადიკალური იქნება, რომ შეუძლებელი იქნება ქვეყნის მართვა, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, სხვაგვარი სცენარი არ იკვეთება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

თუკი კონსტიტუციის ფარგლებში და მშვიდობიანი გზით ხდება ყველაფერი, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან მსგავსი კომენტარები ექსპერტ გია ხუხაშვილისთვის სისუსტის გამოვლინება იქნება. ექსპერტი ურჩევს ხელისუფლებას მშვიდად მიხედოს საქმეს. თუმცა დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგემაში არის პროცესების რადიკალიზაციის გეგემა.

„ჩვენ ხომ არ დაგვიწყებია ესენი რა ხალხია. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ მისცა იმის შანსი, რომ რეაბილიტაცია მომხდარიყო და ფაქტობრივად, დათმო უპირატესობა. რა თქმა უნდა, ისინი არ გაჩერდებიან. თუ მათ მიიღეს თავისი პრეზიდენტი, ამით არ დაკმაყოფილდებიან და გააგრძელებენ ვითარების მორყევას.

ხელისუფლებას ვერ გაუშვებს დისკრედიტირებული და დამნაშავე ოპოზიცია, ხელისუფლებას უშვებს საკუთარი პრობლემები და უხარისხო მუშაობა. თავის თავში მოძებნონ პრობლემა. თავის თავში დაამარცხონ ურჩხული, მურუსიძეს მიხედონ. მურისიძეზე და კიდევ ვიღაცეებზე გვეუბნებიან კარგი ბიჭები არიანო. შევარდნაძიდან დაწყებული ცნობილ მაფიოზებზე და გარყვნილებზე გვეუბნებიან კარგი ხალხიაო და კიდევ სხვას აბრალებენ? თავის თავში ჩაიხედონ რა სიბინძურე დაგროვდა“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.