„ოქრუაშვილს იმედი აქვს, სახელმწიფო გადატრიალებას მოაწყობენ და კვლავ ჩაიგდებს ხელში ძალაუფლებას“

„ოქრუაშვილს იმედი აქვს, სახელმწიფო გადატრიალებას მოაწყობენ და კვლავ ჩაიგდებს ხელში ძალაუფლებას“

„ტიპური ჯაყო“, - ასე შეაფასა გორის ყოფილმა მერმა პაატა ჩხეიძემ ირაკლი ოქრუაშვილის ძველ მეგობრებთან დაბრუნება. ჩხეიძე ფიქრობს, ოქრუაშვილი იმედს ამყარებს, რომ სახელმწიფო გადატრიალებას მოაწყობენ და კვლავ ჩაიგდებს ხელში ძალაუფლებას, რომელსაც ფული მოჰყვება. გორის ყოფილი მერი დაწვრილებით ყვება ოქრუაშვილის ვნებებზე, რომელსაც „ფეხი მაგრად აქვს მოკიდებული გორში, ტყვიავსა და ატენში, სადაც მამულებს ფლობს“.

for.ge პაატა ჩხეიძეს ესაუბრა.

ბატონო პაატა, ირაკლი ოქრუაშვილის გუბერნატორობის დროს ქალაქ გორის მერი იყავით. მაშინ ოქრუაშვილის მიმართ იყო პროტესტი, პრეტენზიები. რა ხდებოდა მაშინ გორში და რამდენად სამართლიანი იყო ეს პრეტენზიები?

პაატა ჩხეიძე: 2002 წელს, ადგილობრივი არჩევნების შედეგად, პირდაპირი და საყოველთაო კენჭისყრით, ამირჩიეს ქალაქ გორის მერად, ჩემი კანდიდატურა წარადგინა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, „ახალი მემარჯვენები“. არჩევნებში დიდი უპირატესობით გავიმარჯვე. მაშინ ირაკლი ოქრუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ სააჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა და თავი გამოიჩინა პროვოკაციებით, ცილისწამებით, უსაფუძვლო ბრალდებებითა და უტიფრობით.

ამით, ძალზე სწრაფად გააცნო თავი გორელებს, თუმცა მანამდე ქალაქში არავინ იცნობდა. გუბერნატორის თანამდებობაზე „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოვიდა, მანამდე საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა, მაგრამ მაშინ უკვე რევოლუციური ატმოსფერო იდგა და სააკაშვილის მომხრეები ყველგან იგებდნენ. მშვიდ, კანონიერ საარჩევნო ბრძოლაში მას გამარჯვების არვითარი შანსი არ ექნებოდა. სასახლის გადატრიალების შემდეგ – თქვენის ნებართვით, ასეთ შეფასებას მივცემ „ვარდების რევოლუციას“ – დეპუტატის მანდატი დათმო და რამდენიმე თვით შიდა ქართლის გუბერნატორად მოგვევლინა. მაშინვე დაიწყო საყოველთაო „განკულაკება,“ რამაც რამდენიმე წელს გასტანა.

განკულაკებაშირას გულისხმობთ?

– დააპატიმრეს მრავალი ადამიანი, გაუფორმეს საპოცესო გარიგება და გამოუშვეს. ზოგი არ დანებდა, გაუძალიანდა და მკაცრად დაისაჯა. მრავალის ჯანმრთელობა შეირყა, ზოგი გადაყვა კიდეც ნერვიულობას! დათრგუნეს და დააპატიმრეს სამოქალაქო აქტივისტები, ვინც მორჩილება არ გამოუცხადა. ჩვენი პირველი შეხვედრა მისი გაგუბერნატორების შემდეგ მისსავე კაბინეტში შედგა. ახლა რომ ვიხსენებ, სიმწრით მეცინება, მოულოდნელად კინოფილმ „მონანიებაში“ ამოვყავი თავი. ქალაქის მერი ვიყავი, გუბერნატორთან უნდა მეთანამშრომლა და ამაზე სასაუბროდ მივედი. ჩემდა გასაოცრად, საუბარი არც კი დაგვეწყო, რომ მითხრა, ნათესავები ვართო! გამიკვირდა და თვითონ ამიხსნა, რომ დედაჩემის მხრიდან, შორეული ნათესავების ნათესავი ყოფილა. ისღა ვუთხარი, თუ ნათესავები ვიყავთ, გეთქვა, ამდენი ლანძღვა–გინება და ცილისწამება რაში დაგჭირდა–მეთქი. არაფერი უპასუხია, სახე ჰქონდა შეუვალი, ქუში და უტიფრად იყურებოდა. თანამშრომლობის არავითარი სურვილი არც ჰქონია და არც გამოუთქვამს, მე მალე გადავალ აქედან და მიშა ქარელი იქნება გუბერნტორიო, მითხრა. წამოვედი და მეორე დღიდან დაიწყო ჩემი ფსიქოლოგიური დამუშავება.

რატომ?

– ადგილობრივი ძალოვნები მიბღვერდნენ, აღარ მესალმებოდნენ. ყოველ დილით ვინმე შემოვიდოდა ჩემთან და მეტყოდა, უნდა დაგაპატიმრონ, გაიქეციო. ყოველ საღამოს ვინმე დამირეკავდა და მეტყოდა, შენ ძმებს იჭერენ, დაიმალონო და ასე, გაუთავებლად. ჩემი ვაჟი მაშინ პატარა იყო, ერთხელ ეზოდან ამოვიდა და გვკითხა – ჩხეიძე რომ ვარ, ცუდიაო? ასე გავიდა ორი თვე. ახალი გუბერნატორი არ შემხვედრია, რომ დამინახავდა გზას ამიქცევდა ხოლმე და ნაბიჯს აუჩქარებდა.

მერე კი, 2004–ის თებერვალში, მიშა სააკაშვილმა საქვეყნოდ განაცხადა, არჩეულმა ქალაქის მერებმა ვერ გაამართლეს, მათ აღარფერი ეკითხებათ, ყველაფერს გუბერნატორები მიხედავენო. ახლა ჩვენ ადგილობრივი მმართველობის ცენტრალიზაციას მოვახდენთ და მერე კი დეცენტრალიზაციას დავიწყებთო. მოვიწვიე პრესკონფერენცია, ვთქვი ყველაფერი რაც სათქმელი იყო, ისიც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გაუქმება არადემოკრატიული ნაბიჯი იყო და, რომ ეს უნდა სცოდნოდა ამერიკაში განათლებამიღებულ სააკაშვილს. თანამდებობიდან გადადგომა გამოვაცხადე და უნივერსიტეტში დავბრუნდი.

ოქრუაშვილის პერიოდში განკულაკება, ანუ ქონების ჩამორთმევა ახსენეთ, კონკრეტული ფაქტები გაქვთ?

– ქონების უკანონო ჩამორთვა–გადაფორმება და თავნება ქმედება უკვე კორუფციაა, უფრო მეტიც, დანაშაულია. მანამდე, შევარდნაძის ჩინოვნიკები ქრთამს ითხოვდნენ და იღებდნენ, ადგილობრივ ბიუჯეტში ხელს აფათურებდნენ. ოქრუაშვილსა და მის რაზმს არაფერი მოუთხოვიათ, მიდიოდნენ და ართმევდნენ, ინაწილებდნენ, ოჯახებში უვარდებოდნენ ... მითხრეს – კითხულობს, ჩხეიძეს სადა აქვს წილებიო და რომ ვეუბნებით, რომ არა გაქვს, ბრაზობსო.

ჩემს მშობლიურ სოფელში ჩასულა მიშა ქარელი და უკითხავს, პაატა ჩხეიძის სახლი რომელიაო. უჩვენებიათ – ეს ნახევრად დანგრეული შენობა მის წინაპრებს ჩამოართვეს კომუნისტებმა, მამამისმა დაიბრუნა და ახლა პაატას ეკუთვნის, თუმცა კი ვერ არემონტებს, ენგრევაო. – ჰოდა, ხელახლა ჩამოვართვათო, გახარებია მიშა ქარელს... მოკლედ, არარსებულ კატას ეძებდნენ ბნელ ოთახში და, როცა ვერაფერი გააწყვეს, ტაქტიკა შეცვალეს და ჩემს მეუღლეს დაესხნენ თავს.

ჩემი მეუღლე, ნონა გიგაია, ქალაქის ბავშვთა პოლიკლინიკის მთავარი ექიმი გახლდათ. ეს პატარა პოლიკლინიკა 1999 წელს პრივატიზაციის ნუსხაში შეიტანეს, კოლექტივისა და მთავარი ექიმის თხოვნით რამდენჯერმე გადაიდო პრივატიზაცია, მაგრამ ბოლოს, კატეგორიულად მოითხოვეს, რომ აუქციონზე გატანილიყო და მანაც ფული ისესხა და შეისყიდა. ეს ყველაფერი 2002 წლამდე ხდებოდა, სანამ მერად ამირჩევდნენ, ამიტომ თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ბრალს ვერ დამდებდნენ და დაიწყეს პოლიკლინიკის უკმაყოფილო თანამშრომლების ძებნა, წაქეზება, ჩივილი, რევიზიები, პროკურატურა, კონტროლის პალატა, სასამართლო და ამ გაუსაძლისმა დევნა–შევიწროვებამ 2006 წლის ბოლომდე გასტანა, სანამ არ დააკავეს ქონების მართვის გორის განყოფილების ყოფილი უფროსი, არ დაემუქრნენ და არ დააწერინეს ვითომდა ჩემი მეუღლის მამხილებელი ჩვენება, ფაქტიურად დასმენა.

ჩემი მეუღლე პროკურატურაში დაიბარეს, უკანონო ბრალდება წაუყენეს და უბრძანეს, ქონება სახელმწიფოს აჩუქე, თორემ, ახლავე ბორკილებს დაგადებთო.

რა ქონებაზე იყო საუბარი?

– ერთ პატარა, ორასი კვადრატული მეტრის შენობაზე, გორში. საქმეში ჩაერთო ჩვენი ადვოკატი, ვიდავეთ, მაგრამ არაფერმა გასჭრა, ქონების ჩუქებას ითხოვდნენ. სწორედ იმ ხანებში, ჩემს მეუღლეს ერთმა ახლობელმა დაურეკა და საიდუმლოდ აცნობა, – გუშინ ჩვენთან ოჯახში ირაკლი ოქრუაშვილი იყო სტუმრად, სუფრაზე მის გვერდით სამხარეო პროკურორი იჯდა, ლაპარაკობდნენ და შემთხვევით გავიგონე, შენ და პაატას გახსენებდნენო, პროკურორი ეუბნებოდა, მაგ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ ჩანსო, მაგრამ ოქრუაშვილმა უბრძანა – არ დაინდო, ბოლომდე მიაწექიო!

ორიოდე კვირაში ნოტარიუსთან მივედით ღამის თერთმეტ საათზე, იქ ქონების მართვის სამსახურის უფროსი და პროკურორი დაგვხვდნენ და ჩემმა მეუღლემ ქონება „აჩუქა“. მერე სასამართლო პროცესიც გაიმართა, რომელსაც ჩემი მეუღლე არ ესწრებოდა, მძიმე სტრესმა ჯანმრთელობა შეურყია და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, მაგრამ არ დაელოდნენ, სასამართლო არ გადაიდო, არ ვიცი სად ეჩქარებოდათ, დაუსწრებლად მიუსაჯეს პირობითი სასჯელი. ეს მოხდა იმ ქალაქში, სადაც ჩვენი მშობლები და ჩვენც სანიმუშო მოქალაქეები ვიყავით და ეს გააკეთა ქალაქისათვის უცხო, რევოლუციის ლექს მოყოლილმა ხალხმა.

ზემოთ ვთქვი, ქონების უკანონოდ ჩამორთმევა დანაშაულია–მეთქი, ჰოდა, ასეც შეაფასა ახალმა ხელისუფლებამ. ახალი დეპარტამენტიც შეიქმნა პროკურატურაში, ამ საქმეებს რომ შეისწავლიდა და სამართლიანობას აღადგენდა. იმედი მოგვეცა, განცხადება შევიტანეთ და წლებია ველით, პასუხი არ ისმის, არც ჰო და არც უარი. უნდა გითხრათ, რომ ეს არანაკლებ და მძიმე და დამთრგუნველი მდგომარეობაა. მსმენია, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დროს ჩამორთმეული, საცურაო აუზის შენობა, მანვე დააბრუნებინა და ყოფილ მფლობელთან ერთად გაყიდა.

წლების შემდეგ ოქრუაშვილი პირველი დაუპირისპირდა სააკაშვილს, იყო ხმაურიანი განცხადებები მისი მხრიდან, რაც მისი დაკავების მიზეზი გახდა. თუმცა, მან დაკავებიდან რამდენიმე დღეში უარყო განცხადებები და წავიდა საფრანგეთში, სადაც ოქრუაშვილის ფინანსური კაპიტალი უფრო გაიზარდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, როდის იყო ოქრუაშვილი გულწრფელი და რატომ დაუპირისპირდა მაშინდელ ხელისუფლებას?

– მან ჩათვალა, რომ ძველმა მეგობრებმა უღალატეს, გაწირეს ანუ აჯობეს პარტიულ ბრძოლაში. მას, ისევე როგორც მის ძველ მეგობრებს, არც მსოფლმხედველობრივი პრინციპები აქვს და არც მოქალაქეობრივი ღირებულებები, მას ძალაუფლება სურს. ეკონომიკის მინისტრის ძალაუფლება ეცოტავა, ამიტომაც იუკადრისა, პარტიულ ინტრიგებსა და ბრძოლაში კი დამარცხდა, მაგრამ როგორც ამპარტავანმა ავანტურისტმა, იფიქრა, ჩემი ავტორიტეტი იმდენად დიდია, რომ ჩემს დაძახილზე მთელი შიდა ქართლი და საქართველო ფეხზე დადგებაო.

გარკვეული გამოხმაურება მართლაც იყო, მაშინ, 2007 წელს, თბილისში აქციები მიმდინარეობდა და მისმა შეერთებამ გააძლიერა მუხტი, მაგრამ მალევე მიინავლა, რაკი მცირე შეტევასაც კი ვერ გაუძლო და დაგროვილი ქონების გადასარჩენად, სამარცხვინო დანებება და გაქცევა არჩია. საფრანგეთში წავიდა და წლების მანძილზე იქ ცხოვრობდა ოჯახით. რაც შეეხება მის ქონებას, დარწმუნებული ვარ საფრანგეთში არაფერი უშოვია, აქედან გაიტანა.

არ ვიცი რამდენი მიიტაცა და წაგლიჯა, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ არ შეიძლება დიდ თანამდებობაზე მყოფი პირების ქონება იზრდებოდეს! მგონია, რომ პირიქით უნდა ხდებოდეს. საქართველოში, მოსახლეობის უმრავლესობა ღარიბია, ამიტომ მაღალი თანამდებობის პირი არ უნდა ცხოვრობდეს საშუალო მოქალაქეზე უკეთ, არ უნდა დადიოდეს ძვირფასი მანქანით და ძვირფასი სამოსით.

რას გულისხმობთ?

– იმას ვგულისხმობ, რომ თუნდაც მდიდარი იყოს, თანამდებობაზე ყოფნისას, უნდა მოიკლოს ფუფუნება და, რასაც მოიკლებს, ქველმოქმედებას მოახმაროს. ჩვენი ყოფილი ჩინოვნიკები კი, თანამდებობის დატოვების შემდეგ, ბიზნესში „გადადიან“ და მალევე მილიონერებად გვევლინებიან. ასეა ირაკლი ოქრუაშვილის საქმეც.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, თუმცა, მცდელობის მოუხედავად, პოლიტიკური აქტივობა ვერ შეძლო, გორის მოსახლეობამ მას არ მისცა მანდატი, თქვენ როგორ ახსნით ამომრჩევლის ამ გადაწყვეტილებას?

– საქართველოში „ქართული ოცნების“ ნებართვით დაბრუნდა და მაშინვე მოითხოვა თავისი წილი ძალაუფლება. პატიება კი მიიღო, მაგრამ მეტი არაფერი მისცეს და გააფთრდა. ყველას ახსოვს რა ბატონკაცურად ირჯებოდა და რა პროვოკაციებს აწყობდა თბილისში და გორის საკრებულოში. მისი ამბიცია მცირეს არ სჯერდება. ბუნებით ამპარტავანია და ავანტურისტი.

არეულობისა და რევოლუციების დროს მას შეუძლია ბრბოს აყოლიება, მტაცებელია და ბრბოს მდაბალ გრძნობებს აღვივებს, დატაცებულიდან წილს ჰპირდება, მომხრეებს იჩენს. როცა ქვეყანაში რევოლუციური აურზაური არაა და მშვიდი ვითარებაა, ამომრჩევლის მოტყუება ძნელია. ეცადა ძალაუფლების კანონიერი გზით მოპოვებას, მაგრამ ვერ შეძლო. როცა ქვეყანაში სიმშვიდეა, მისნაირი ავანტურისტები სულს ღაფავენ, უწესრიგობა ენატრებათ, მღვრიე წყალი, რომ თევზი იოლად დაიჭირონ.

ივანიშვილზე გაბრაზებული, ისევნაციონალური მოძრაობისბანაკში აღმოჩნდა, პრეზიდენტის ინსტიტუტი სხვა სეგმენტია, მაგრამ ნაციონალებთან დაბრუნება, ანუ ძველ ბანაკში გადასვლა რას შეიძლება უკავშირდებოდეს ოქრუაშვილის მხრიდან? ცნობილია, რომ იგი ძალაუფლებასა და ფინანსების მოყვარული ჩინოვნიკია.

– სწორედ ამას ვამბობ, რომ არეულობის, მოვლენათა რადიკალიზაციის სუნი იგრძნო და ძველ მეგობრებს დაუბრუნდა. იმედი აქვს, რომ რევოლუციას, ანუ სახელმწიფო გადატრიალებას მოაწყობენ და კვლავ ჩაიგდებს ხელში ძალაუფლებას, ძალაუფლებას კი ფული მოჰყვება. დარწმუნებულია, რომ შიდა ქართლის, კერძოდ, გორის ადგილობრივი ხელისუფლება ვერ გაუმაგრდება და იოლად დაამარცხებს. მომხრეები ჯერ კიდევ შერჩა და მათი დარაზმვა სურს. ფეხი მაგრად აქვს მოკიდებული - გორში, ტყვიავსა და ატენში მამულებს ფლობს, ალბათ სხვაგანაც, რა ვიცი, არ მიკვლევია და არც ვაპირებ, ჩემთვის ცხადია არსი – ტიპური ჯაყოა.

ჩემი წინაპრები 1924 წლის ამბოხების გამო დახვრიტეს ბოლშევიკებმა, მე კი მშობლიური ქალაქიდან გადამთიელმა ნეობოლშევიკებმა გამომაძევეს და ჯერაც ამაოდ ველი სამართლიანობის აღდგენას, რაც სრულებითაც არაა ძნელი თუ კანონი ამუშავდება და მიზანშეწონილობით არ გადაწყდება სახელმწიფოებრივი საქმეები. წინ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია, მალევე საპრალამენტო არჩევნების დროც მოვა. აქტიური მოქმედებაა საჭირო, რომ ოქრუაშვილისნაირმა მტაცებლებმა კვლავ არ ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება.