გია ხუხაშვილი ახალ პოლიტიკურ ცენტრს აანონსებს, რომლის მიზანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება და შემდეგ უკვე ხელისუფლების ჩანაცვლება იქნება. ექსპერტი ამბობს, რომ ამ დროის პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ქვეყანაში სხვა ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნის აუცილებლობა დგას დღის წესრიგში და ის უახლოეს მომავალში შეიქმნება. ხუხაშვილის განმარტებით, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნაში თავად აქტიურად მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკაში მიდის.
for.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.
ბატონო გია, თქვენ დააანონსეთ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა. ჯერ მხოლოდ იდეაში გაქვთ, თუ უკვე აპირებთ შექმნათ ახალი პოლიტიკური ცენტრი?
გია ხუხაშვილი: გარკვეული მოსაზრებები მაქვს, როგორ შეიძლება. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არსებული პოლიტიკური ელიტა ვერანირ სტანდარტებს ვერ უძლებს, ისეთი გამოწვევის წინაშე დგას ეს ქვეყანა - რბილად რომ ვთქვათ, არც ოპოზიციური და არც სახელისუფლებო ჯგუფი მზად არ არის იმისთვის, რომ არსებული პრობლემები გადაწყვიტოს. უნდა დამთავრდეს ორპოლუსიანი შულერული თამაშები. ამ არჩევნებმა ძალიან კარგად აჩვენა, რომ არსებულ პოლიტიკურ ცენტრებს როგორ ჰყავთ მძევლად აყვანილი ქართველი ამომრჩეველი. ფაქტობრივად, ორივე მხარე ცდილობს რაღაცა მანიპულაციის მეშვეობით მიიღოს შედეგი.
რას გულისხმობთ?
– ვგულისხმობ იმას, რომ ერთი მხარე ატყუებს ხალხს, რომ თუ ვაშაძე გახდა პრეზიდენტი, დაიქცევა ქვეყანა და ასე ვთქვათ, გადატრიალების ტოლფასი იქნება, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი პრაქტიკულად არ მონაწილეობს სახელმწიფოს მართვაში. ამიტომ არ ღირს აპოკალიპტური სურათის დახატვა.
მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ პოლიტიკურ ორგანიზაციაზე, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც მხოლოდ ერთით არ კმაყოფილდება. ანუ, პრეზიდენტის ინსტიტუტი საკმარისი არ იქნება და ამაზე უკვე საუბრობენ თავად...
– დიდი ბოდიში, მაგრამ ვერანაირი „ნაციონალური მოძრაობა“ ვერაფერს ვერ იზამს, თუ ხალხი გყავს კმაყოფილი. ეს არის ძალიან მარტივი და ვერც მოქალაქე მიშა სააკაშვილი, რომელსაც ძალა–უფლება არ აქვს, არ არის ისეთი საშიში, როგორც ამას გვიხატავენ. კი ბატონო, კობახიძეს მაშინაც ეშინოდა და ახლაც ეშინია მიშასი. მე არც მაშინ მეშინოდა და არც ახლა. მით უმეტეს, რომ მაშინ ხელისუფლებაში იყო და რომ ჩამობლაყუნდეს რაა მერე?
პრობლემა მიშა სააკაშვილის ჩამოსვლა, ან გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა არ არის, პრობლემა არის იმაში, რომ ხალხია უკმაყოფილო ხელისუფლებით, დღევანდელი არსებული ვითარებით. ჯობია ხელისუფლებამ ამას მიხედოს და რაღაცა პოლიტიკური დღის წესრიგი გააჩინოს, ვიდრე ჩვენ გვაშინოს, რომ რაღაცა საშინელება მოხდება. პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ არ არის ძალის ცენტრი ქვეყანაში.
მეორე მხარე საერთოდ გვეუბნება, რომ მოვა ხელისუფლებაში და პენსიებს გაზრდის, რისი კომპეტენცია მას არ აქვს. ანუ, ეს არის შულერული თამაში, ისინი ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ. სინამდვილეში ჩანს კიდეც, რომ დღეს ამომრჩეველი ვიღაცის სასარგებლოდ კი არ იღებს გადაწყვეტილებას, იღებს ვიღაცის საწინააღმდეგოდ. ანუ, ვისაც არ უნდა „ნაციონალური მოძრაობა“ ხმას „ქართულ ოცნებას“ აძლევს, ვისაც არ უნდა „ქართული ოცნება“ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ ირჩევს. რეალური და ნატურალური მხარდამჭერი არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰყავს. ეს ხალხი არის მისახედი, ანუ სტრესის ვითარებაში აცხოვრებენ მთელ ქართულ საზოგადოებას და მათით მანიპულირებენ.
აქედან გამომდინარე დადგა ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის აუცილებლობა და რა იქნება მისი დატვირთა?
– ეს არის სახელმწიფოებრივი აუცილებლობა, რომ ადამიანებში ჩაბუდებული ნიჰილიზმი და მომავლის არარსებობის განცდა გადაილახოს და გაჩნდეს ნაციონალური განვითარების ენერგია. ამას სჭირდება ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების გაჩენა ამ ქვეყანაში. ერთი იქნება, ხუთი, თუ ათი, ეს ცალკე საკითხია. ფაქტია, რომ არსებული პოლიტიკური ელიტა, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური ვერ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. ძირითადად დისკრედიტირებული, კომპრომიტირებული და მუდმივი მარცხით დაღდასმულია. ახალი ფურცლიდან, ახალი პოლიტიკური პროცესია წამოსაწყები. იმდენად მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეს ყველაფერი, რომ რაღაცა ფორმით აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. ის, რომ ასეთი ცენტრი უნდა შეიქმნას, ამაში დარწმუნებული ვარ.
არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, როგორ წარმოგიდგენიათ ახალი პოლიტიკური ცენტრი და ვის გარშემო?
– სიმართლე გითხრათ წარმომიდგენია, მაგრამ არავის გარშემო. მე ასეთი პოლიტიკურ ელიტაში ვერ ვხედავ ვერავის, ვის გარშემო შესაძლებელია ამ ტიპის კონსოლიდაცია. ამით სარგებლობენ ეს პოლიტიკური სტრუქტურები. დანარჩენი პოლიტიკური სტრუქტურაც აბსოლუტურად გაკოტრებულია, ამიტომ ამაზე აგებენ თამაშს. ეს უნდა დასრულდეს და ამას სჭირდება სრულიად ახალი ტიპის სუფთა ფურცლიდან პოლიტიკური ცენტრების გაჩენა. არ არის აუცილებელი, რომ ეს ერთი ლიდერის ირგვლივ იყოს ორიენტირებული. ეს შეიძლება იყოს ლიდერთა თანავარსკვლავედი.
გვყავს კი ქართულ პოლიტიკურ ველზე ლიდერთა თანავარსკვლავედი?
– დრო არის წინ წამოვწიოთ ახალგაზრდები და მათ გადავუფორმოთ. მე ნაფიქრალი მაქვს ამ ყველაფერზე და ვხედავ ამ რესურსს. ღმერთმა არ ჰქნას, რომ ასეთ რესურსს ვერ ვხედავდეთ. მე ვხედავ ასეთ რესურსს და ყველანაირად მივეხმარები. ვფიქრობ, რომ ჩემი და ძალიან ბევრი ადამიანის ამოცანა დღეს უნდა იყოს ის, რომ ჩვენ, რომლებიც თუნდაც ჩვენი პოლიტიკური ცოდვებით და შეცდომებით ვართ დატვირთულები, რაღაცნაირად მოვახერხოთ და უკვე ახალგაზრდებს გადავცეთ ესტაფეტა. ეს დრო დადგა. ჩვენი ბოლო ვალი უნდა მოვიხადოთ კეთილსინდისიერად.
ეს ნიშნავს თუ არა, რომ გია ხუხაშვილი მიდის პოლიტიკაში ახალ პოლიტიკური ცენტრის სახელით, რომლის ძირითადი ბირთვი იქნება ახალგაზრდები?
– ამა თუ იმ ფორმით ყოველთვის პოლიტიკაში ვარ. დღესაც პოლიტიკაში ვარ. თუ თქვენ პოლიტიკაში წასვლაში იმას გულისხმობთ, რომ წარმატების შემთხვევაში რაღაცა ამბიცია მექნება, ანუ სტატუსური, ეს არ იქნება. ეს არც არასოდეს გამიკეთებია და არც სამომავლოდ გავაკეთებ. რა ფორმით და რა სტატუსით მივიღებ მონაწილეობას, ამას უკვე პროცესი აჩვენებს. ეს ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. ჩემთვის მნიშვნელოვანია საკუთრივ ამოცანა და ამ ამოცანის გადაწყვეტას რა ფორმითაც დასჭირდება ჩემი მონაწილეობა, იმ ფორმით მივიღებ მონაწილეობას.
როგორც ჩანს, კარგად ნაფიქრი გაქვთ ამ საკითხზე, მაგრამ შეგიძლიათ იმ ახალგაზრდების ჯგუფი დაასახელოთ, რომლებიც წარმოგიდგენიათ ამ ცენტრში და რომლებსაც თქვენი განცხადებით უნდა გადაეცეთ ესტაფეტა?
– არა. კონკრეტულად ვერავის დავასახელებ.
ესენი არიან ყოფილი „ნაციონალები“, თუ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები?
– არა. მე ვამბობ, რომ ეს არ არის ის ხალხი, რომლებიც პარტიული ცოდვებით არიან დატვირთული. რაც შეეხება პარტიულ პოლიტიკას, ჩვენთან ერთად ისწავლიან საკმაოდ სწრაფად.
საინტერესოა, ამ ინიციატივის უკან რა ჯგუფი დგას, ეს არის მხოლოდ გია ხუხაშვილის ინიციატივა, თუ არის კონკრეტული ინტერესთან ჯგუფები? რამდენადაც ვიცი, თქვენ კომუნიკაცია გქონდათ ბიძინა ივანიშვილთან...
– ბევრი თეორია არსებობს ჩემს გარშემო, ბიძინა ივანიშვილზე აღარ ვსაუბრობ საერთოდ, მაგრამ რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მე ყოველთვის ვიყავი გულწრფელი და პირდაპირი. არანაირ ინტერესებზე აქ საუბარი არ უნდა იყოს. ასეთი გვერდზე თამაშები არ არის ჩემი სტილი და პრინციპში, არც ბიძინა ივანიშვილის სტილია. მას არ უყვარს ამ ტიპის თამაშები.
„ქართული ოცნება“ არის მისი პირმშო, მისი შვილი და ახალი ალტერნატივების შექმნაში არ მიიღებს მონაწილეობას და არც მე არ ვიკადრებს ასეთ თამაშებს. მაშინ აზრს კრაგავს ეს ყველაფერი, რადგან ესეც მორიგი შულერული თამაშები გამოდის. ჩვენ დასაბრუნებელი გაქვს ინსტიტუციური წესრიგი ამ ქვეყანაში. ინსტიტუციურ წესრიგს არც ერთი ეს პოლიტიკური ძალა არ დააბრუნებს, ეს სრულიად აშკარაა.
დროის რა მონაკვეთში უნდა ველოდოთ ახალ ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრს?
– ჩემი აზრით, ახალი პოლიტიკური ცენტრი 2020 წლისთვის კონკურენტუნარიანი უნდა იყოს, რომელიც 2020 წელს უკვე მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში.
შეიძლება ეს იყოს ჯგუფი, რომელმაც თეორიულად შეიძლება შეცვალოს არსებული პოლიტიკური ელიტა, ხელისუფლება და რაც ყველაზე მთავარია მიიღოს ამომრჩეველმა?
– მოდით, ასე ვილაპარაკოთ – მე არ ვიცი რა შედეგზე შეიძლება გასვლა. ყოველ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ შედეგი უნდა იყოს ის, რომ ამ ჯგუფის გარეშე ხელისუფლების ფორმირება ვერავინ ვერ მოახერხოს. საერთოდ ვისურვებდი და დადგა დრო, რომ ჩვენ ერთ მულტიპარტიული დემოკრატია დავამკვიდროთ ქვეყანაში და ეს ორპოლუსიანი მანკიერი სისტემა დავასრულოთ. ეს არ არის ექსკლუზიურად საკონსტიტუციო უმრავლესობა. ასეთი ამოცანა მხოლოდ მანიაკალური აზროვნების შედეგია.
ამოცანა დგას ასე, რომ შეიქმნას სერიოზული პოლიტიკური ცენტრი, რომელიც ასეთი ტიპის ტენდენციებს, რაც დღეს ვითარდება, მინიმუმ გადააზღევს, მაქსიმალური ამოცანა კი, ყველა პოლიტიკური ძალის უნდა იყოს ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ რა ფორმით და რა დოზით, ამას უკვე პროცესი აჩვენებს.
კონსულტაციები მიმდინარეობს ამ ახალგაზრდებთან, რომლებიც წარმოგიდგენიათ ახალ პოლიტიკურ ცენტრში?
– მოდით, ასე ვთქვათ, რომ, რა თქმა უნდა, მე მაქვს გარკვეული მოსაზრებები გარკვეულ კონფიგურაციაზე. როდესაც ახალგაზრდებზე არის ლაპარაკი, არ არის მხოლოდ სტერილურად ახალგაზრდებზე ლაპარაკი. იმიტომ, რომ პოლიტიკაში გარდა წესიერებისა, კომპეტენციისა, პროფესიონალიზმისა და განათლებისა, კიდევ საჭიროა გამოცდილება. ასე, რომ ვნახოთ. მაქვს მოსაზრებები, მაგრამ ეს მოსაზრებები ამ სახით განხორციელდება, თუ სხვა სახით, ამას უკვე დრო გვაჩვენებს.
ლევან ვასაძე საუბრობდა ასევე ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის აუცილებლობაზე, არის საერთო ამ იდეებს შორის?
– არა, ლევან ვასაძეს საერთოდ არ ვიცნობ. ახლო პერიოდში არ მქონია ისეთი გეგმა, რომ გამეცნო. ნამდვილად მოულოდნელი კითხვა იყო ჩემთვის.