„ბესელიას სპიკერატში გადანაცვლება, შესაძლოა ძალთა ბალანსში კორექტირების შესატანად ხდებოდეს“

„ბესელიას სპიკერატში გადანაცვლება, შესაძლოა ძალთა ბალანსში კორექტირების შესატანად ხდებოდეს“

ეკა ბესელია უარყოფს ინფორმაციას, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდენობიდან, შესაძლოა პარლამენტის სპიკერატში გადაინაცვლოს. არსებული ინფორმაციით, ასეთი შეთავაზება ეკა ბესელიამ მმართველი გუნდისგან უკვე მიიღო. შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის კვოტით ვიცე–სპიკერის ერთი ადგილი პარლამენტში ვაკანტურია.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბესელიას შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. არესებული ინფორმაციით, ივანიშვილმა გუნდის წევრებს ღიად განუცხადა, რომ გუნდის ის წევრები, რომლებიც საზოგადოებაში ნდობით არ სარგებლობენ, ამ ეტაპზე მეორე პლანზე გადაინაცვლებენ.

უმრავლესობის კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეკა ბესელია კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე შესაძლოა ანრი ოხანაშვილმა შეცვალოს. თავად დეპუტატის განცხადებით, ეს საკითხი გუნდში გადაწყდება.

„ნებისმიერი სახის საკადრო გადაწყვეტილებაზე მსჯელობა ჯერ იქნება გუნდის შიგნით და შემდეგ ოფიციალურად ეცნობება საზოგადოებას. ახლა ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საქმე და ახლა ჩვენთვის პრიორიტეტული არის არჩევნების მეორე ტური. ახლა ერთმანეთის შეფასებებისთვის დრო არ არის, მნიშვნელოვანია, რომ უნდა ვიმოქმედოთ მყისიერად, რათა საზოგადოებამდე მივიტანოთ ყველაფერი, რაც ხდება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ეკა ბესელიას ვიცე–სპიკერად დანიშვნის საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა. შესაბამისად, მისთვის უცნობია რას ეფუძნება აღნიშნული ინფორმაცია.

„ეკა ბესელიასთან დაკავშირებით გუნდში არავითარი კრიტიკა არ ყოფილა. პირიქით, იურიდიული კომიტეტი ძალიან წარმატებულად საქმიანობს და არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის ავტორია. რაც შეეხება ვიცე–სპიკერად დანიშვნას, თავიდანვე გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მმართველ გუნდს სამი კანდიდატურა დაესახელებინა, თუმცა ჩვენ არ ჩავთვალეთ მნიშვნელოვნად და მხოლოდ ორი თანამდებობა ავითვისეთ. ვიცე–სპიკერის თანამდებობა არის ძალიან მაღალი პოლიტიკური თანამდებობა და ასეთი ცვლილება რომც განხორციელდეს, ეს მხოლოდ დაწინაურებას და წინსვლას ნიშნავს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ეკა ბესელიას დაქვეითებას დადებითად აფასებენ ანალიტიკოსები. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ერთ–ერთია, რომელიც დადებიტად აფასებს პარტიის თავმჯდომარის გადაწყვტილებას - საზოგადოებისთვის არაპოპულარული სახეები უკანა პლანზე გადაიყავნოს. „ქართული ოცნება ამ მეორე ტურის წინ გამოსავლის ძიებას იწყებს და რაღაც გადაადგილებებს აკეთებს. ბესელიაზე საკმაოდ მძაფრი შეტევა იყო როგორც საზოგადოების, ისე ოპოზიციის მხრიდან, ამიტომ, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ მისი ავანსცენიდან ცოტა ხნით მოშორება უფრო სიკეთის მომტანი იქნება „ქართული ოცნებისთვის“. რეალურად, მე არ მგონია, რომ ამ გადაადგილებამ რაიმე შეცვალოს.

მესმის, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და ძირითად კომიტეტია, მაგრამ მთელი ის პრობლემები, რაც საქართველოს პარლამენტს და ხელისუფლებას აქვს, ასეთი გადაადგილებით ვერ მოგვარდება. არ მგონია, რომ პიარის თვალსაზრისითაც ამან რაიმე სიკეთე მოუტანოს „ქართულ ოცნებას“.

პრობლემა გაცილებით ღრმაა, ვიდრე რომელიმე პერსონის გადაადგილება ერთი თანამდებობიდან მეორეზე. როდესაც ამგვარი გადაადგილება ახლა ხდება, ეს ყველას მიერ აღქმული იქნება, როგორც საარჩევნო პროცესთან მიბმული. ბესელიამ პარლამენტი საერთოდ რომც დატოვოს, ეს დადებით შედეგს მმართველ გუნდს კი არა, ოპოზიციას მოუტანს“, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ეკა ბესელიას, როგორც „ძველების“ წარმომადგენლის სპიკერატში გადანაცვლება შეიძლება საპარლამენტო ძალთა ბალანსში კორექტირების შესატანად ხდებოდეს. ხუხაშვილის შეფასებით, ე.წ. ძველი გვარდია ხშირ შემთხევაში უკმაყოფილო იყო იმ სისტემით, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ატარებდა და შესაბამისად, საჭირო გახდა სპიკერატში ე.წ. ძველი გვარდიის წარმომადგენლის შესვლა.

„ვფიქრობ, აქ საუბარია უფრო სპიკერატის გაძლიერებაზე. არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცამ შეიძლება ჩათვალა, პარლამენტში ძალთა თანაფარდობა შეიცვალოს. იქ არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებსაც მთლიანად ჰქონდათ საპარლამენტო ძალაუფლება ხელში მოგდებული, აბსოლუტურად დაუმსახურებლად და შესაძლოა, ცდილობენ ეს ძალთა თანაფარდობა შეცვალონ.

სხვა საკითხია, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სახელმწიფოებრივად. არ მგონია, მნიშვნელოვანი იყოს, უბრალოდ, გარკვეულწილად, პარლამენტის უმრავლესობაში ძალთა ბალანსის შეცვლაზეა საუბარი. ე.წ. ძველები უკმაყოფილოები იყვნენ კობახიძის მიერ დამკვიდრებული აბსოლუტურად გაუგებარი სისტემით და ხშირ შემთხვევაში შეურაცხყოფილადაც კი გრძნობდნენ თავს“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

კითხვაზე, რამდენად სისტემური იქნება ეს ყველაფერი, ექსპერტი ამბობს, რომ ამას მომავალი აჩვენებს.

„ბოლო მოვლენების ფონზე გამოჩნდა, რომ ის ახალგაზრდების ჯგუფი აბსოლუტურად უსუსურად გამოიყურება, ისინი იმდენს იღებდნენ თავის თავზე, რისი მეათედი კომპეტენციაც და დამსახურებაც არ ჰქონდათ. ეს იწვევდა სერიოზულ უკმაყოფილებას ე.წ. ძველ გვარდიაში“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ბესელიას ვიცე–სპიკერად დანიშვნა ნიშნავს, რომ მისი მოქმედების არეალი ფართოვდება. მისი თქმით, ვერსიებზე ლაპარაკი ძნელია, რადგან შეიძლება ხანდახან ვერსია სპეციალურად იყოს გაშვებული, რომ რეაქციები შემოწმდეს.

„პარლამენტარის მოქმედების არეალი არის პოლიტიკური განცხადებების კეთება. ეკა ბესელიას შემთხვევაში ხშირად ყოფილა, რომ მას გამოუთქვამს პოზიცია ისეთ საკითხებზე, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა იურიდიულ სფეროსთან. გამორიცხული არ არის, რომ პოლიტიკური ბრძოლის გამწვავების ფონზე, შესაძლოა, მომწიფდეს აზრი, რომ ბესელიას, როგორც პარლამენტის პოლიტიკურად ერთ–ერთი ყველაზე აქტიურ წევრს, მოქმედების არეალი გაუფართოვდეს“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.