რუსეთი ბორდერიზაციის პროცესს აგრძელებს. ამჯერად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ატოცში ბორდერიზაციის საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზაციას გავაგრძელებთ.
„ჩვენ გვექნება ამაზე საუბარი ეუთო–ს მუდმივი საბჭოს ფორმატში, გვექნება მომავალ კვირას საუბარი ევროპის საბჭოს კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს, ასევე ორმხრივ ფორმატებში ამას ძალიან აქტიურად ვაყენებთ. მკაფიო გზავნილები გაჟღერდა ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების მხრიდან. სახელმწიფო მინისტრმა დანკანმა დაგმო ეს პროცესი, მან მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს ეს უკანონო ქმედება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ატოცში, ქართველ გენერლებთან ერთად ჩავიდა პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ადგილზე გაეცნო ვითარებას. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, მთავარია მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ გაძლიერდეს საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოება, ამავე დროს, ეს არ უნდა გადაიქცეს საზღვრად, რაც არის ყველაზე რთული ბალანსი.
„როგორც მომავალი პრეზიდენტი, იქნება ჩემი მეორე ტურის კამპანია. დანარჩენი ყველაფერი გარკვეულია. ადამიანებმა უნდა გააკეთონ თავიანთი არჩევანი, როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის მომავალი და მე ვაჩვენებ როგორი მომავალი ექნება ამ ქვეყანას, როგორც პრეზიდენტი. აქ ჩამოვედი იმიტომ, რომ მდგომარეობამ მოითხოვა. მე აქ ვარ ჩამოსული, რომ ვილაპარაკო ჩემს გეგმებზე. ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც არ დაუშვებს, რომ ჩვენ ავყვეთ პროვოკაციებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ატოცთან არსებულ ვითარებას დღეს ადგილზე გაეცნო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რომლის განცხადებით ამოქმედებულია ყველა ბერკეტი პროცესის შეჩერებისთვის, რომ საქართველოს შუაგულში მავთულხლართები დაიშალოს.
„პრემიერ–მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ პოზიციას, რომელიც აქვს სახელმწიფოს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ არც ძველ და არც ახალ მავთულხლართებს და ბუნებრივია, ყველა ბერკეტი ამოქმედებულია. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ მომავალშიც, რათა ეს პროცესი შეჩერდეს და საქართველოს შუაგულში მავთულხლართები დაიშალოს.
მავთულხლართების ამ პოლიტიკას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. დღეს, ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც გაკეთდა ძალიან ცალსახა შეფასებები. დღეს საქართველოში სტუმრად მყოფი ბრიტანეთის მინისტრი ევროპულ საკითხებში, ალან დუნკანი ეხმაურება მას და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ უნდა დაიშალოს მავთულხლართები, უნდა მოხდეს მათი დემონტაჟი. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯებით და ქმედებებით ვუპირისპირდებით ამ პოლიტიკას. ჩვენი პასუხია, მეტი განვითარება, მეტი პროგრესი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად სოფელ ატოცში იმყოფებოდა ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოკუპაცია უზნეო პოლიტიკოსების ხელში მუდმივად იყო სპეკულაციის თემა.
„დღეს გვაქვს საქმე ტრაგედიის გამოძახილთან, რომელიც 2008 წელს მოხდა. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, ეს არის ან დანაშაულებრივი შეცდომები, ან არის კონსპირაციული და მოღალატეობრივი საქმიანობა. იმ პერიოდში, როდესც აშშ, ევროკავშირი ჩარეული იყო ამ საქმეში, მაინცდამაინც წავიდნენ იმ დღის წესრიგით, რომელიც რუსეთს ჰქონდა. 2006 წლიდან მოყოლებული ეს განსაკუთრებულად შეიმჩნეოდა და ეს არაერთ საერთაშორისო დოკუმენტშია წარმოდგენილი.
დღეს ამ დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლები ყელყელაობენ და ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა ვაშაძისა და ბაქრაძის მონაწილეობას ამ პროცესში, როდესაც ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ყოფილიყვნენ ადგილზე და არ გამოსულიყვნენ ზონიდან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკას 140–მდე ადამიანი შეეწირა და რომ არა ეკლესია, მათ ცხედრების გამოტანაც ვერ მოხერხდებოდა. დეპუტატის განცხადებით, რაც დღეს ხდება 2007 წლის მაისის ბრძანებულებით, სააკაშვილმა მიაკუთვნა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური რესპუბლიკის ოლქს.
„პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ ეს იყო გარიგება ან სისულელე. ეს იყო სააკაშვილის ყოფილი პრესსამსახურის წარმომადგენელი, რომელიც ისეთ უშვერ სიტყვებს ამბობდა, რომ არ გამიგია მთვრალი კაცისგანაც, მაგრამ ესაა ერთი ეპიზოდი. ტრაგედიაა, რომ იქიდან დარჩენილი მოსახლეობა არის იზოლაციაში, ოსებსაც და ქართველებსაც ეს საზღვარი მძიმე ტვირთად აწევთ. სახელმწიფომ გონიერი პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომ ამ ვითარებაში სტაბილურობა შეინარჩუნოს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.