ჰელსინკში სააკაშვილ-უგულავას შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაცები“ ყოველთვის იპოვნიან საერთო ენას და მითი მათი დაშლის შესახებ გადაჭარბებულია.
თავის დროზე „ნაცმოძრაობისგან“ გამოყოფილი „ევროპული საქართველოს“ მიმართ გარკვეული სენტიმენტები „ქართულ ოცნებასაც“ ჰქონდა. იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებაში“ ფუნქციური ადამიანების დეფიციტი იყო, „ოცნება“ სულ უფრო მეტად ინტერესდებოდა „ევროპული საქართველოთი“. ზოგიერთები უფრო შორსაც მიოდიოდნენ და „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ ნეოლიბერტარიანული ფრთის გაერთიანებასაც არ გამორიცხავდნენ.
არც კახა კალაძე იყო გულგრილი „ევროპული საქართველოს“ მიმართ. ის ამბობდა, ჩვენ უნდა გავყოთ ოპოზიცია, ერთია „ნაცმოძრაობა“, ხოლო მეორეა „ევროპული საქართველო“ რომელთანაც ვთანამშრომლობთ იმიტომ, რომ ისინი არიან კონსტრუქციულები.
დღეს კი კახა კალაძის შეფასება განსხვავებულია. მისი აზრით, „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი.
რა საფრთხე შეიძლება შექმნას ერთი გამხმარი ხის ორი ტოტის კვლავაც გაერთიანებამ?! ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ესაუბრა.
გიგა ბოკერია ირწმუნება, რომ ივანიშვილის მარცხის შემდეგ „ევროპული საქართველო“ და „ნაცმოძრაობა“ ოპონენტები გახდებიან და მათი ეროვნული ამოცანაა დროებითი გაერთიანება. რა საფრთხეს შექმნის „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მორიგი დაზავება? ეს არის დაბრუნება იმ წიაღში, საიდანაც „ევროპული საქართველო“ არც არასდროს გამოსულა?
- მე მაინც ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს არის მაინც დროებითი კავშირი საარჩევნოდ, რათა საერთო მეტოქეობა გაუწიონ ქალბატონ სალომეს და შემდგომ, სავარაუდოდ, ისინი ერთმენეთთან ურთიერთობის ძველ რეჟიმში გადავლენ. მათ ერთმანეთი მაინცდამაინც გულზე არ ეხატებათ, თუმცა ეს ჩვენთვის რა ბედენაა, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ეს არის ერთი მოძრაობის ორი სხვადასხვა ფრთა. თუ შევადარებთ, ეს დაახლოებით იგივეა, რაც „სოციალ-დემოკრატია“ იყო რუსეთისთვის. მათი რადიკალური ფრთაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო შედარებით რბილი ფრთა არის ბოკერიას ფრთა, მაგრამ, როცა საჭირო ხდება, ორივე მათგანი მკვეთრ პოზიციას იჭერს ხოლმე. აშკარაა, მათ აქვთ მკვეთრი პოზიცია ქალბატონ სალომესთან დამოკიდებულებაში. ერთნიც და მეორენიც სიმართლის თქმისთვის სალომე ზურაბიშვილს მოღალატეს ეძახიან. სინამდვილეში, სალომე კი არ ამხელს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, არამედ სიმართლე ამხელს ამ დანაშაულს. მათ კი ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ ამ სიმართლის მიმართ. თუნდაც იმავე 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით რომან გოცირიძის გამოსვლა იყო ხისტი, სრულიად შეუსაბამო, „ევროპულმა საქართველომ“ კი აღიარა, რომ 7 ნოემბერი შეცდომა იყო. მართალია, ეს თვალთმაქცური, ფარისევლური აღიარება იყო, მაგრამ მაინც შეცდომას უწოდებენ. სინამდვილეში, 7 ნოემბერი შეცდომა კი არა, მძიმე დანაშაული იყო. რაც შეეხება აგვისტოს ომს, 7 ნოემბრის დანაშაული და ყველაფერი, ამასთან შედარებით ფერმკრთალდება.
თავის დროზე მსჯელობდნენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა „იყიდა“ „ევროპული საქართველო“. სააკაშვილიც ირწმუნებოდა, ვიდრე უგულავამ არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვესო. როგორც ჩანს, „ევროპულ საქართველოზე“ დაიმედება მხოლოდ გულუბრყვილოთა ოცნება იყო.
- როდესაც „ნაცმოძრაობა“ გაიყო შედარებით უფრო ზომიერ და უფრო რადიკალურ ფრთად, თითქოს გამოჩნდა პერსპექტივა, რომ დანაშაულებრივი ორგანიზაციის მოდიფიცირება შეიძლებოდა. ასეა თუ ისეა, პარლამენტში წარმოდგენილი „ევროპული საქართველო“ მეტ-ნაკლებად ჯდება იმ სტანდარტში, რასაც ოპოზიცია უნდა აკმაყოფილებდეს და თითქოს იმდენად დიდი საფრთხე არ არის, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“. მაგრამ არჩევნებში გამოჩნდა, რომ საქმე-საქმეზე როცა მიდგება, „ევროპული საქართველო“ უფრო „ნაცმოძრაობის“ მხარესაა და, საბოლოო ჯამში, ქვეყანას ცუდ საქმეს უკეთებს.
მეორე ტურისთვის რამდენად შეუქმნის საფრთხეს აწ უკვე ერთ სხეულად ქცეული „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ სალომე ზურაბიშვილს?
- იცით, ახლა როგორი ვითარებაა? ზუსტი სოციოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა და ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ „ევროპული საქართველოს“ მომხრეთა საგრძნობი ნაწილი გრიგოლ ვაშაძეს ხმას არ მისცემს იქიდან გამომდინარე, რომ მათთვის შეიძლება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა უფრო მისაღები იყოს, ვიდრე რადიკალური პოზიცია და ის მუქარა, რაც ისმის „რუსთავი 2“-დან, რაც გვარამიას განცხადება იყო, რაც იყო სააკაშვილის განცხადებები. მკვეთრად დაპირისპირებული პოზიციის გამო „ევროპული საქართველოს“ მომხრეებმა შეიძლება უარი თქვან გრიგოლ ვაშაძეზე. ასეთი არითმეტიკული ჯამი ნამდვილად არ იქნება, რომ 40%- ვაშაძეს, 10%-„ევროპულ საქართველოს“ და, ჯამში, „ნაციონალების“ მომხრეები ვიგებთ. სინამდვილეში, აქ არითმეტიკული გათვლები კი არ წყვეტს საქმეს, არამედ უფრო ალგებრასთან გვაქვს საქმე. ამიტომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი, ვინც მისცა ხმა „ევროპულ საქართველოს“, უნდა გამოფხიზლდეს და დაინახოს ის საფრთხე, რაც არის. მე არაფერს ვამბობ მათ პარტიულ აქტივზე, პარტიული აქტივი, რა თქმა უნდა, ცალსახად ვაშაძეს მისცემს ხმას.
ხომ არ ფიქრობთ, რომ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის შეცდომა იყო, როცა მან თქვა, რომ ის მომხრეა, „ნაცმოძრაობა“ შენარჩუნდეს და არ ღირს მისი გაქრობა. ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია, ასევე, რომ საქართველოში ნიურნბერგის პროცესი არ უნდა შედგეს.
- „ნაცმოძრაობა“ უნდა გადარჩეს, თუ არ გადარჩეს?! „ნაცმოძრაობის“ ერთი ნაწილი ბოლომდე საშიშია. ეს არის რადიკალური ფრთა, რასაც ვაშაძე, სააკაშვილი, გვარამია წარმოადგენს. ისინი პირდაპირ იმუქრებიან, მათ არაფერი დავიწყებიათ, ბურბონებისა არ იყოს და არც არაფერი უსწავლიათ. ისინი დაახლოებით იმავეს აკეთებენ, რაც 7 ნოემბერს გააკეთეს.
ისე, დიდი მონანიება არც „ევროპულ საქართველოს“ ეტყობა.
- კი ბატონო, მაგრამ შესაძლებლობა რომ მიეცეთ, „ნაციონალები“ 7 ნოემბერს გაიმეორებდნენ. თვითონ პოლიტიკურმა პროცესმა უნდა გარიყოს ეს ადამიანები, როგორც სააკაშვილი გაირიყა, უსამშობლოდ დარჩა და ეს მისი არჩევანი იყო. თვითონვე აირჩია ეს გზა, ვინმეს ხომ არ წაურთმევია მისთვის მოქალაქეობა? ეს შეუძლებელიცაა, საქართველოს კონსტიტუციით, მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია, სააკაშვილმა კი გააკეთა ეს არჩევანი, მიიღო უცხო ქვეყნის მოქალაქეობა და წავიდა აქედან. ასე მოხდება „ნაციონალების“ მიმართაც და პოლიტიკური პროცესი მათ გარიყავს. აღარ დარჩება მათი ადგილი. თუმცა, საუბედუროდ, დღეს ეს არ ხდება, დღეს პირიქითაა საფრთხე, რომ ისინი მობრუნდნენ. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, მათ გადარჩენის შანსი კიდევ აქვთ.