წინასაარჩევნო დაპირებები ყოველთვის მრავალფეროვანია, განსაკუთრებით, საქართველოში სადაც პოლიტიკოსებს საკუთარი დაპირებების შესრულების პასუხისმგებლობა არც ძალაუფლების მოპოვების შემთხვევაში აქვთ და მით უმეტეს, ოპოზიციაში დარჩენილს დაპირების შესრულებას ვინ მოსთხოვს. დაპირებებისა და სლოგანების ფორმირებაზე ძირითადად, „პიარშიკების“ გუნდი მუშაობს, შესაბამისად, ყოველი არჩევნების წინ დიდი რესურსი იხარჯება, რომ რაც შეიძლება დამაჯერებლად „წამოიკიდონ“ ამომრჩეველი.
ამომრჩეველის დიდი ნაწილი საარჩევნო პროგრამებს ყურადრებას არ აქცევს და ძირითადად, სლოგანების მიხედვით ექმნება კანდიდატზე შთაბეჭდილება.
განსაკუთრებით პოპულარულია სოციალური ტიპის დაპირებები, როგორიცაა სიღარიბის დამარცხების სხვადასხვა ვარიაციები, სამუშაო ადგილების შექმნა და ა.შ. რასაც შევარდნაძის ხელისუფლებიდან მოყოლებული, ყველა საარჩევნო პროცესის დროს წარმატებით იყენებს, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. აქვე ეროვნული მუხტის გასაღვივებლად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც არ ივიწყებენ, თუმცა ამომრჩევბელზე განსაკუთრებით ეფექტურად მაინც სოციალური ტიპის დაპირებები მოქმედებს, მაგრამ ამასაც თავისი სამიზნე აუდიტორია ჰყავს - განსაკუთრებით სენსიტიური ჯგუფი პენსიონრები არიან და ამას არა მხოლოდ საქართველოში ყოველთვის მომგებიანად იყენებენ პოლიტიკოსები.
2012 წლის საპარლამერნტო არჩევნების წინ, როდესაც გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა კოალიცია „ქართული ოცნება“ საკუთარ დაპირებებს, რადგან არ სურდა საზოგადოების მაქსიმალური ნდობა გაეფანტა, საკმაოდ დიოდი აჟიოტაჟი გამოიწვია ირაკლი ალასანიას მიერ ამომრჩეველთან შეხვედრისას წამოცდენილმა ფრაზამ, რომ პენსია 250 ლარამდე გაიზრდებოდა და მაშინვე, ანუ არჩევნებამდე „გაასწორეს შეცდომა“, თუმცა მეორე მხრივ, დასაფასებელია, რომ პენსიონრების მოტყუება არ მოინდომეს...
პენსიონერების ემოციებზე თამაშით განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილი გამოირჩეოდა, თუმცა პენსიონერებთან სტუმრობას, მათთან ჩახუტებას და ცრემლების ტელეკამერებთან დაფიქსირებას ჩვენი მეზობელი ქვეყნის ზოგიერთი ლიდერიც იყენებს ხოლმე წინასაარჩევნოდ და ერთი პერიოდი იმაზეც კამათობდნენ, სააკაშვილმა გადაიღო ეს სცენები პუტინისგან თუ - პირიქით.
რაც მთავარია, სააკაშვილის კარნახით თუ საკუთარი ანალიზით, დღევანდელი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერიც ამ სამიზნე ჯგუფს იყენებს - მართალია, სააკაშვილივით პენსიონრებთან ერთად არ სადილობს და არ ტირის, სამაგიეროდ ისეთ პენსიას პირდება, რომელსაც საქართველოს მსგავსი ნებისმიერი ქვეყნის ბიუჯეტსაც დაანგრევს და ქვეყნის ფულად-საკრედიტო სისტემასაც მოშლის.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მიერ წინასაარჩევნო დაპირებას - პენსიების 400 ლარამდე გაზრდას პენსიონერების შეურაცხყოფად მიიჩნევს.
„მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს არაერთხელ ვთხოვეთ დაეკონკრეტებინათ, თუ როგორ აპირებენ 400 ლარამდე პენსიების ზრდას, ისინი ამ კითხვას პასუხს არ სცემენ. ბუნებრივია მათი რეაქცია, რადგან თავადაც კარგად იციან, რომ ეს დიდი ტყუილია და სხვა არაფერი. თავი გავანებოთ იმას, რომ პრეზიდენტის პრეროგატივაში არ შედის პენსიების მატება, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა ისიც კარგად იციან, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამომდინარე, ეს დღეს შეუძლებელია“, - აცხადებს ხუნდაზე და 2012 წლის „ღიმილიან საქართველოს“ იხსენებს, როდესაც ხანდაზმულები მოატყუეს.
„ეს ყველაზე უღირსი საქციელია. ხელისუფლებაში დაბრუნების გაშმაგებული სურვილით ყველაფერზე არ უნდა წავიდნენ“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
რაც შეეხება პენსიების ზრდას, ხელისუფლება აცხადებს, რომ რამდენჯერმე გაზარდა პენსია, მართალია, ეს ცოტაა და პენსიონერების ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად 400 ლარიც არ არის საკმარისი, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, არ იტყუებიან.
გრიგოლ ვაშაძის მიერ 400-ლარიანი პენსიის გაცემის დაპირებას არარეალურად მიიჩნევს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, რომელიც ამბობს, რომ ამ დაპირების შესრულებას სჭირდება 2 მილიარდი ლარი, რაც დაანგრევს მთლიან ბიუჯეტს.
„პენსიონერებისთვის უნდა ჩვენ გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, რომელიც პირველ რიგში ეხება პენსიის ინდექსაციას ანუ პენსიის ზრდის მიბმას ეკონომიკურ პარამეტრებზე ისე, რომ არ იყოს დამოკიდებული ეს პოლიტიკოსების დაპირებებზე ... ამ რეფორმით, რომელიც ჩვენ გვაქვს შემოთავაზებული აუცილებლად იქნება 400 ლარიანიც, 500 და 600 ლარიანი პენსიები, საბოლოო ჯამში, რომ უნდა იყოს დაახლოებით 50-60% საშუალო ხელფასისა. დაახლოებით დღევანდელი ფულიდან რომ გადავიანგარიშოთ, 500-600 ლარი უნდა იყოს პენსია, რომ ვილაპარაკოთ, რომ ეს რაღაც ელემენტარულ საჭიროებებს აკმაყოფილებს, მაგრამ ამის მიღწევის გზა ის რეფორმაა, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ და არა ცრუ დაპირებები და არარეალისტური დაპირებები, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იძლევიან“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
სამწუხაროდ, რეალობა არც ხელისუფლების სასარეგებლოდ მეტყველებს - ამ ხელისუფლების მიმართ საზოგადოების პრეტენზია სწორედ ის არის, რომ საქმის კეთების ნაცვლად მთელი ბიუროკრატია ხელფასების, პრემიებისა და სახელფასო დანამატების ათვისებით არის დაკავებული და პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში 400 ლარამდე არა, მაგრამ პენსიის გაზრდის რესურსი ქვეყნის ბიუჯეტში აქამდეც მოიძებნებოდა.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ერთ-ერთ თემად „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის ტყუილი დაპირებები განიხილეს.
სხვათა შორის, გრიგოლ ვაშაძის თანაგუნდელმა, რომან გოცირიძემ აღიარა, რომ პენსიის 400 ლარამდე გაზრდა სიცრუეა.
თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მიხეილ სააკაშვილის პარტია იტყუება - მაგალითად, გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში ამომრჩეველს მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებულთა ამნისტიას დაპირდა. თუმცა, ამნისტია პრეზიდენტის პრეროგატივა არ არის და რაც მთავარია, მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის დღეს სასჯელს ქვეყანაში არავინ იხდის.
ვაშაძე წინასაარჩევნო პერიოდში ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალების პირობასაც დებდა, თუმცა ამჯერად ფოკუსირებას ძირითადად, პენსიონრებზე ახდენს.