„ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ერთი ოჯახი ვართ“, – ასე შეაფასა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანება. ექს–პრეზიდენტმა ჰელსინკში გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოა“.
„გიგი უგულავას მადლობა ვუთხარი მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის, რაც გააკეთეს გიგიმ და სხვა ლიდერებმა. ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში. მათ ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი, მათ ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი. ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ეს ორი პარტია და ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საპირისპირო და განსხვავებული არგუმენტები აქვთ „ევროპულ საქართველოში“. გიგი უგულავა ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძე უნდა გახდეს პრეზიდენტი და უნდა იბრძოლონ იმისთვის, რომ რიგგარეშე პროპორციული არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში, იმიტომ, რომ რეალური ძალა აქვს პარლამენტს.
„დეოლიგარქიზაცია ქვეყნის ახლა უნდა დაიწყოს საპრეზიდენტო არჩევნებით. შემდეგ უკვე რეალური ძალაუფლება უნდა განსაზღვროს ხალხმა, იმას უნდა მიანიჭოს, ,ვისაც ეს ეკუთვნის, ანუ იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ხალხი აირჩევს თავის მთავრობას“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.
ამ გაერთიანებაზე განსხვავებულად ფიქრობს გიგა ბოკერია, რომლის განცხადებით, ივანიშვილის მარცხის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კვლავ ოპონირების რეჟიმში იქნებიან.
„ივანიშვილის მარცხის შემდეგ, ჩვენ და ენმ კვლავ ოპონენტები ვიქნებით. დღეს მთელ ქართულ საზოგადოებას ერთი ამოცანა გვაქვს – სალომე ზურაბიშვილის დამარცხება და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანად და არჩევნების გზით გაშვება. ამას სჭირდება მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება, რასაც საარჩევნო რეფორმა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უნდა მოყვეს, რათა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდეს ისეთი ძალაუფლება როგორიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და დღეს ივანიშვილს.
ამის შემდგომ ევროპული საქართველო და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ოპონენტები იქნებიან. ჩვენ კონკურენტები და ოპონენტები ვართ, მაგრამ ეროვნული ამოცანა გვაქვს, რომ ივანიშვილის რჩეული კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დავამარცხოთ. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ამისთვის ვუჭერთ მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს“, – აცხადებს გიგა ბოკერია.
ვიცე–სპიკერის გია ვოლისკის შეფასებით, ეს ერთი ბნელი ძალის ორი გამოხატულებაა - ერთი მომღიმარი სახით, მეორე ბობოქარი მუქარებით. მისი თქმით, როგორც ჩანს, ამის უკან კიდევ გარკვეული სტრატეგია იდო, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მოეზიდათ „ნაციონალური მოძრაობისკენ“, რომ წარმოექმნათ ილუზია, თითქოს არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, რომელიც გაემიჯნა ყავარჯნებიან კაცს და ცოცხებს, რომლებიც მათ სიმბოლოდ იქცა.
„გარკვეულწილად, წარმატებითაც ჩაატარეს ეს ოპერაცია. მე ვფიქრობ, პირველ ტურში ელოდებოდნენ უფრო კარგ შედეგს, თუმცა მეორე ტურისთვის საზოგადოების დიდი ნაწილი, ვინც იწამა, რომ არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“ კეთილი სახით (მხედველობაში მაქვს დავით ბაქრაძის სახე), საკმაოდ სერიოზულად დაფიქრდება რამდენად უღირთ მხარდაჭერა იმ ძალის, რომელიც ყოველგვარი დაფარვის გარეშე გვეუბნება, რომ არავითარი კონსტიტუცია არ იმუშავებს და იმუშავებს მხოლოდ ძალის მეთოდი, რომელიც ქვეყანას თავდაყირა დააყენებს“, –განაცხადა გია ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან კობერიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობა 2“ ასე დიდ ოჯახად გააგრძელებენ უკუსვლას მოსახლეობის აღქმაში და მათ მხარდაჭერაში. დეპუტატი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არასოდეს გაყოფილა.
„ნაციონალური მოძრაობა“ და იგივე „ნაციონალური მოძრაობა 2“ – ასე დავარქმევდი, არც გაყოფილან არასდროს რეალურად. შესაბამისად, ეს არის ერთი დიდი ოჯახი, როგორც მოიხსენიებენ ერთმანეთს და ვფიქრობ, რომ ასე დიდ ოჯახად გააგრძელებენ უკუსვლას საქართველოს მოსახლეობის აღქმაში და მათ მხარდაჭერაში. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ასევე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი, რომელიც მალე დადგება, ამაში ჩვენ ყველას ერთად დაგვარწმუნებს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გრიგოლ ვაშაძე რევოლუციონერი ლიდერის მანტიის მორგებას აპირებს და არა პრეზიდენტობას. ამის დასტურად უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძეს „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუ მოჰყავს, სადაც ის ამბობს, რომ ისურვებდა, ენახა ნებისმიერი მთავრობა, როდესაც მოუწოდებს 50 ან 100 ათას თანამემამულეს, გამოვიდნენ ქუჩებში და შეუერთდნენ მის პროტესტს – „ვინ შეაკავებს ამას? მხოლოდ წარმოიდგინეთ“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძეს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნები არ არის, შინაარსი შეუცვალა, რის გამოც ის საზოგადოებისგან შესაბამის პასუხს მიიღებს. თალაკვაძე ირწმუნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევაა.
„რაც შეეხება საარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანებას, ისინი პოლიტიკური ტრიუკის ჩატარებას ცდილობენ და გაყოფაც და გაერთიანებაც მოჩვენებითია. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნები არ არის. ამ პოლიტიკურ პარტიას უკვე დაანონსებული აქვს ქუჩის აქციები, მთავრობისა და პარლამენტის შეცვლა, ამ ყველაფერს საზოგადოება არჩევნების მეორე ტურში აუცილებლად გასცემს პასუხს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.