ფასეულობების გადასარჩენად – ექსპრემიერი მხარს ზურაბიშვილს უჭერს

ფასეულობების გადასარჩენად – ექსპრემიერი მხარს ზურაბიშვილს უჭერს

„ყველაფრის მიუხედავად, ყველაფრის გათვალისწინებითაც გადასარჩენია ფასეულობები ახლა, ამ მომენტში და გადასარჩენია მუდმივად“, – აღნიშნულია ყოფილი პრემიერ–მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში. ექსპრემიერი აღნიშნავს, რომ არსებობს ფასეულობები, რომლებიც ძვირფასი იყო ყოველთვის.

„მხარს ვუჭერ იმ ფასეულობებს, რომლისაც მწამდა და მჯეროდა მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, რომლის სიმაღლეც ჩვენი ქვეყნის ისტორიამ გვასწავლა, რომლის მაგალითიც ჩემმა მშობლებმა და წინაპრებმა მომცეს, მასწავლეს ჩემმა მეგობრებმა, ასევე – ჩვენი ერის გამორჩეულმა მოღვაწეებმა, მათ შორის, თანამედროვეობის ღირსეულმა წარმომადგენლებმა, ხანდახან კი, ყველასთვის უცნობმა ადამიანებმაც ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთში. ფასეულობებს, რომლებიც ძვირფასი იყო ყოველთვის, მათ შორის 2007 წლის შემოდგომაზე, 2011 წლის შემოდგომაზე და რომელსაც ქართველი ხალხის უდიდესმა ნაწილმა დაუჭირა მხარი 2012-ში და შემდგომ 2016-ში“, – აღნიშნავს გიორგი კვირიკაშვილი.

როგორც ექსპრემიერი წერს, მთელი ეს პერიოდი სიჩუმე არჩია. შესაბამისად, არც ახლა აპირებს პოლიტიკურ აქტივობას. თუმცა, მხარს უჭერს ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.

„და არა იმიტომ, რომ არაფერი მაქვს სათქმელი. ჩემს სათქმელში ბევრია საამაყოც და, რა თქმა უნდა, – სასინანულოც. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ყველაფრის მიუხედავად, ყველაფრის გათვალისწინებითაც, ფასეულობები გადასარჩენია, გადასარჩენია ახლა, ამ მომენტში და გადასარჩენია მუდმივად. ეს დაუსრულებელი ძალისხმევა არ დაიღლება ჩვენს ერში და არ დაიღლება ჩემშიც, ვიდრე სული მიდგას“, – აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ძველ სახეებს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ დაჭირდა მათი ერთგულება და გამოცდილება. ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ აქტიური გახდა ინფორმაცია ყოფილი პრემიერების – ირაკლი ღარიბაშვილის და გიორგი კვირიკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ორი ექსპრემიერის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს აძლიერებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილი „ძველ გვარდიაზე“ საუბრისას ყოფილ პრემიერებს ირაკლი ღარიბაშვილს და გიორგი კვირიკაშვილსაც გულისხმობდა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ კვირიკაშვილმა კარგი სადღეგრძელო წარმოთქვა, რომელსაც გასდევს საყვედური, რომ მას დაუმსახურებლად და ცუდად მოექცნენ. თუმცა, ხუხაშვილისთვის ექსპრემიერის განცხადების შინაარსი გაუგებარია.

„ცუდი ადამიანი არასდროს ყოფილა, კარგი ადამიანია. თუ რატომ გახდა სადღეგრძელოს განცხადებად გამოქვეყნება საჭირო, არ ვიცი. მიზეზი და მიზანი მაინცდამაინც გასაგები ამ განცხადებაში არ არის, თუმცა ცუდსაც ვერაფერს ვხედავ. კარგია თუ ფასეულობები ჰქონდა ყოველთვის, თუმცა მისი აქტიური პროტესტი არ შემხვედრია, სანამ ხელისუფლებაში არ მოვედით და ფაქტობრივად, სახლიდან არ გამოვიყვანეთ.

კვირიკაშვილის განცხადებას ლაიტმოტივად გასდევს საყვედური, რომ მას დაუმსახურებლად და ცუდად მოექცნენ. ჩემთვის მოტივი ამ განცხადების გაუგებარია. შესაძლოა, ეს განცხადება უცხოელებისთვის გაკეთდა საკუთარი მნიშვნელოვნების ხაზგასასმელად. მე არ მგონია, რომ მისი განცხადების განხილვა ამ ეტაპზე საინტერესო იყოს“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.