შეიძლება თუ არა იმის პატიება, რაც 11 წლის წინ ამ დღეს მოხდა? ან არსებობს ისეთი რამ, რის პატიება შეუძლებელია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უპატიებლობისკენ მოგვიწოდებენ ისინი, ვისაც ეშინია არჩევნების წაგება? იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს დღესდღეობით და, კერძოდ, მეორე ტურის წინ, საქართველოსთვის 2007 წლის 7 ნოემბერი, „ეხოკავკაზა“ სოციოლოგ ვალერიან გორგილაძესთან საუბრობს.
ვადიმ დუბნოვი: ბატონო ვალერიან, როგორც სოციოლოგს, თქვენ, ალბათ, გაქვთ რაღაც ციფრები, რაღაც მონაცემები, ან შეიძლება სოციოლოგის წინათგრძნობა, რას იტყოდით, როგორც იცვლება საზოგადოების დამოკიდებულება 11 წლის წინ მომხდარი ამ მოვლენის მიმართ?
ვალერიან გორგილაძე: სამწუხაროდ, მე არ მაქვს რაიმე კონკრეტული ემპირიული მონაცემები დამოკიდებულებების ან მათი ცვლილებების დინამიკის შესახებ, მაგრამ მგონია, რომ აქ ყველა მოქალაქეს შეუძლია ინტუიციას დაეყრდნოს. მიმაჩნია, რომ პირველი ტურის შემდეგ ხდება ახალი გადააზრება ყველაფრის, რაც 2007 წელს ხდებოდა, და ვფიქრობ, რომ ახლა არსებობს დაბრუნების გარკვეული დინამიკა. ეს ხანმოკლე დინამიკა, როდესაც შენ უბრუნდები წარსულს და თავის თავს აიძულებ გაიაზრო და გაიხსენო ის ძალადობა, - ჩემი აზრით, ეს პროცესი ახლა დაწყებულია. ვგულისხმობ, რომ მას შემდეგ, რაც გაჟღერდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები, როგორც მე მიმაჩნია, რაღაც ძველმა არქეტიპებმა და რეფლექსებმა განაახლეს თავისი მოქმედება, ანუ გაგვახსენდა იმ უპრეცენდენტო ძალადობის შესახებ - ის იყო სავსებით არაადამიანური და ამის დავიწყება შეუძლებელია. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, აღდგა ადამიანების ცნობიერებაში. იმ რისკის გათვალისწინებით, რომ ეს კოშმარი შეიძლება განმეორდეს, რომ ძალას, რომელიც წარმოადგენს ამ ძალადობის სახეს, აქვს ხელისუფლებაში დაბრუნების რეალური შანსი, ჩემი აზრით, ეს არის გააზრება და აქ შფოთვას აქვს ადგილი.
ვადიმ დუბნოვი: ბატონო ვალერიან, რამდენად შეგვიძლია იმის შესახებ საუბარი, რომ პოლიტიკური სიტუაცია კარნახობს საზოგადოების დამოკიდებულებას ამ მოვლენის მიმართ, რატომ არის იგი ამდენად მეორეხარისხოვანი პოლიტიკურ სიტუაციასთან მიმართებაში?
ვალერიან გორგილაძე: პირველ რიგში, არ ვეთანხმები ამ პოსტულატს მეორეხარისხოვნობის შესახებ. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ 7 ნოემბრის შემდეგ იყო უპრეცენდენტო დარბევა 26 მაისს. მე არ მიმიღია მონაწილეობა ნინო ბურჯანაძის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში და, შესაძლოა, გარკვეული კითხვებიც გამაჩნია ამ აქციის ორგანიზების, მისი გამართვის მიზანშეწონილობის შესახებ. მაგრამ, ეს იყო უბრალოდ უპატიებელი დაშლა, რომელსაც ძალიან ბევრი 9 აპრილის დარბევას ადარებდა... ჩვენ ვსაუბრობთ არა ერთჯერად შემთხვევაზე, ჩვენ ვსაუბრობთ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უწყვეტი, ტოტალური რეპრესიის შესახებ. მე მძულს ოპონენტთან პოლემიკაში შესვლა. უკანასკნელ მომენტამდე მე გამაჩნდა გარკვეული პიეტეტი ლევან ბერძენიშვილის, როგორც ინტელექტუალის, ძალიან ჭკვიანი ადამიანის მიმართ, და იცით, მე მას მოვუსმინე და ეს ყველაფერი იმდენად თავისმართლება იყო, ანუ მან თვითონ თქვა, რომ რაღაცის პატიება შეუძლებელია, მაგრამ მგონია, რომ არსებობს რაღაცა, რის პატიება უბრალოდ დაუშვებელია.
გერმანელებს შეეძლოთ საკუთარი თავისთვის ნაციზმის პატიება. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს ჰიპერბოლაა - გენოციდი, ხოლოკოსტი და ა.შ. მაგრამ ეს თემა ყოველთვის აქტუალურია საქართველოში. გასაგებია, რომ ასეთი მასშტაბები არ იყო. ყოველთვის საუბრობენ მოდერნიზაციის, საქართველოს ფორსირებული განვითარების, გზების ინფრასტრუქტურის განვითარების და სხვათა შესახებ, მაგრამ, ღმერთო ჩემო, ხომ არავინ ამბობს იმას, რომ ჰიტლერის მიერ აშენებული ავტობანები დღემდე საუკეთესოა ევროპაში... არავის მოსდის აზრად ამ რეჟიმის გამართლება, არავინ იხსენებს უნიკალურ სოციალურ პროგრამებს, რომლებიც რეიხის დროს არსებობდა. და როდესაც ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება პატიება და ა.შ. ხოლო ამის შემდეგ ფრანკფურტის ბაზრობაზე ხვდება ექს-პრეზიდენტს, ის ბოდიშს უხდის და გამოდის, რომ საქართველოს ოპოზიციური მოძრაობის კვინტესენცია, ქუჩებში ასობით მოკლული ახალგაზრდის, ათიათასობით პატიმრის, დანგრეული ოჯახების და ა.შ. ტრაგედიები, ყველაფერი ეს, გამოდის, გადაწყვეტილია სააკაშვილის ბოდიშის მოხდის წყალობით, რომელიც მან ბატონ ბერძენიშვილს გადასცა, მიმაჩნია, რომ ეს უბრალოდ დაუშვებელია.
გესმით, არსებობს რაღაცა, რის გაგება უბრალოდ შეუძლებელია. დაუშვებელია მუდმივად მოსახლეობის ემოციებით თამაში, ანუ საუბარი იმის შესახებ, რომ შენ უკეთესი ხარ, ვიდრე რომელიღაც სადისტი ან ფაშისტი, - ეს სპეკულაცია დაუშვებელია. ის, რომ „ოცნების“ პროპაგანდაში ძალიან ხშირად თავს იჩენს ეს სპეკულაცია, უდავოა, მაგრამ ის, რომ ხალხი ნათლად ხედავს ამ აბსოლუტურად ბნელი ძალის მოახლოვების საფრთხეს, მგონი, ძალიან დიდ როლს ითამაშებს, და ვფიქრობ, რომ აქტიურობა უფრო დიდი იქნება, ვიდრე პირველი ტურის შემდეგ, და ბუნებრივია, მეტწილად ეს განსაზღვრავს არჩევნების შედეგებს.