საკადრო ცვლილებების პირველ მსხვერპლად ლევან იზორია დასახელდა

საკადრო ცვლილებების პირველ მსხვერპლად ლევან იზორია დასახელდა

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საკადრო პოლიტიკა სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, დაეფუძნება გამოცდილ ადამიანებს და მუდმივად მოიზიდავს ახალ კადრებს, განსაკურებით ახალგაზრდებს.

ივანიშვილი აცხადებს, რომ ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ ქვეყნის მართვასა და პოლიტიკის შემუშავებაში. ამასთან, პარტიის თავმჯდომარის განმარტებით, იღებს პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გაასწოროს მართვის ყველა ხარვეზი და მთელი მისი რესურსი გამოიყენოს, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს.

„ახლა მთავარია, ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012–ში სიცოცხლე ჩავდეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არჩევანს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობის, თავისუფლების, ღირსების დასაცავად და ერთად შევძლებთ ადამიანზე ორიენტირებული, თანამედროვე საქართველოს შენებას“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

პარტიის თავმჯდომარე, რომ რადიკალურ საკადრო ცვლილებას გეგმავს, ამას მთავრობასთან დაახლოებული ადამიანები ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განთავისუფლება და ეს ცვლილება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდება. for.ge–ს ინფორმაციით, ივანიშვილი ახალი მთავრობის დაკომპლექტების შესახებ კონსულტაციას ექსპერტებთან გაიგვლის.

არ არის გამორიცხული, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში გამოჩდნენ ძველი სახეები და ამაზე მეტყველებს ივანიშვილის განცხადება „ძველ გვარდიაზე“. არც ის არის გამორცხული, რომ „ძველი გვარდიის“ ნაწილში ივანიშვილი ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს გულისხმობდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი „ძველ გვარდიაზე“ საუბრისას ყოფილ პრემიერებს ირაკლი ღარიბაშვილს და გიორგი კვირიკაშვილსაც გულისხმობდა. რაც შეეხება მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს, როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, მმართველ გუნდში ყველა ის ცვლილება განხორციელდება, რომელიც მმართველობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად იქნება საჭირო.

„დარწმუნებული ვარ, ძველ გვარდიაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილი არ გულისხმობდა ცალკეულ გვარებს, არც ღარიბაშვილს და არც კვირიკაშვილს, მაგრამ მჯერა, მათაც გულისხმობდა. ვგულისხმობ იმას, რომ მისი მიმართვა არ იყო მიმართული კონკრეტული ადამიანის მიმართ, კონკრეტულად ღარიბაშვილის ან კვირიკაშვილის მიმართ, ეს იყო მიმართვა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ქვეყანაზე გული შესტკივა. ვისთვისაც ძვირფასია ის ღირებულებები, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პარლამენტის ვიცე–სპიკერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში გამოჩენას ყველა სიამოვნებით შეხვდება. რაც შეეხება პოლიტიკაში გიორგი კვირიკაშვილის დაბრუნების შესაძლებლობას, ძიძიგურის თქმით, კვირიკაშვილი უცხოეთში მუშაობს და მან არ იცის თუ რა ვითარებაშია ყოფილი პრემიერის პოლიტიკური აქტიურობის თემა.

„ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით მე შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კარგი პრემიერ–მინისტრი იყო და, რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილის გამოეჩენას ყველა სიამოვნებით შეხვდება. ესაა ცალსახა“, – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

მთავრობასთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ახალი სახეებით დაკომპლექტება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტია. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკადრო პოლიტიკის კუთხითაც ბევრი რამ არის დასახვეწი, დაწყებული ცენტრალური ხელისუფლებით, დამთავრებული ადგილობრივი თვითმართველობით. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სწორედ ამას ეხებოდა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გზავნილი.

„სწორი საკადრო პოლიტიკა ვერ განხორციელდება კადრების გარეშე. ამიტომ ყოველდღიური მუშაობის საგანი უნდა იყოს საკადრო პოლიტიკის დახვეწა. აქ საუბარია იმაზეც, რომ ახალი სახეებიც უნდა გამოჩდნენ. როდესაც 2020 წლისთვის შედგება საპარლამენტო სია, ძალიან ბევრი ახალი სახე უნდა იყოს წარმოდგენილი.

ეს ყველაფერი უნდა იყოს დაფუძნებული ობიექტურ კრიტერიუმებზე – კვალიფიციურობა, გამოცდილება და წვლილი პოლიტიკურ წარმატებაში. უნდა გადახალისდეს სია. საარჩევნო სიის მუდმივი განახლება არის ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის პრიორიტეტი“, – აღიშნა ირაკლი კობახიძემ.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება. ამ საკითხზე პარტიის თავმჯდომარე კონსულტაციებს იწყებს. ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთვის, მათ შორის, საჭიროა ირაკლი კობახიძის შეცვლა ლევან კობერიძით, იუსტიცის მინისტრად კახი კახიშვილის დანიშვნა, ლარის კურსის შეკავება. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გენერალური ხაზი არის აპოკალიფტური პიარი – მოვა მიშა და დაიწყებს რევანშს. მხოლოდ ამ ლოზუნგით გამარჯვებამდე ვერ მივა.

„ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ შიში ჰქონდა, მათი უმრავლესობა პირველ ტურში უკვე გამოვიდა. ახლა „ქართულ ოცნებას“ სჭირდება დაეწიოს გაერთიანებულ ოპოზიციას, „ევროპულ საქართველოს“ ხმებს და გადაუსწროს. გაცილებით მეტი ხალხის მობილიზება სჭირდება. მხოლოდ ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა და კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა საკმარისი არ არის „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთვის. მათ სრული პაკეტი უნდა შესთავაზონ საზოგადოებას.

პაკეტზე როცა ვსაუბრობ, ასე წარმომიდგენია, მაგალითად – პარლამენტის თავმჯდომარის შეცვლა ლევან კობერიძით, რომელიც კონსენსუსური ფიგურაა და მისაღებია ყველასთვის, იუსტიცის მინისტრად – „ქართულ ოცნებაში“ შემორჩენილი რეიტინგული კახი კახიშვილის დანიშვნა“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ასევე, მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე სამი ისეთი შესაძლო კანდიდატის შეთავაზება, რომლებმაც შეძლეს და ამ წლების განმავლობაში, სამართლიანობისა და პროფესიონალიზმის სიმბოლოდ დარჩნენ.

„აუცილებელია პარლამენტიდან მინუსებში გადასული რეიტინგის მქონე ფიგურების ეკრანებიდან და თანამდებობიდან ჩამოშორება, სასამართლო სისტემაში განგრენად ქცეული პერსონების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, რომელიც საარჩევნო სისტემას შეეხება და ამ ცვლილებების შინაარსი უნდა იყოს ის, რომ მომავალი პარლამენტი აირჩეს მხოლოდ პროპორციული სისტემით“, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

ამ პათოსს იზიარებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის შეფასებით, დეპუტატი ლევან კობერიძე ბევრად ჯობია მაგალითად დავით უსუფაშვილს, რომელიც გაცილებით მყარი ადამიანია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ცვლილებას, როდესაც არსებობს უკამყოფილება, სულ რომ ანგელოზები ისხდნენ მთავრობაში, საკადრო ცვლილება სასურველია.

„შეიძლება თვალით არ ჩანს, მაგრამ არის ხარვეზები. შეიძლება პოლიტიკური მიზეზი არ იყოს იმდენად, რამდენადაც რაღაცა დეტალები. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე – მე თუ მკითხავთ, ირაკლი კობახიძის ერთ–ერთი პრობლემა არის ახალგაზრდობა. ძალიან ხშირად ასეთი ელემენტები ქმნიან ხოლმე უკმაყოფილების კლიმატს. ამიტომ, ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა. შეიძლება ამ დეტალს ვერ აცნობიერებდე, მაგრამ ნახე ვინ არის მისაღები და ვინ არა.

მაგალითად, კახი კახიშვილზე არც შორიდან შემხედვარეს და არც საქმეში ჩახედულს, არც ერთი შენიშვნა არ წამოსცდენია და არც წამოსცდება, ისევე როგორც დავით სერგეენკოზე და გიორგი გახარიაზე. ამიტომ, ვინც მაღალი ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში, მას ხელი არ უნდა ჰკრა და ისეთ მინისტრებს, რომლის მიმართ დამოკიდებულება არის კრიტიკული, დამცინავი, ან საერთოდ არ არის არანაირი დამოკიდებულება, ასეთი მინისტრების შენარჩუნებას, ჯობია, რომ საერთოდ არ იყვნენ“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგი იხსენებს, რომ გიორგი გახარიას წინამორბედთან პრეტენზიები ჰქონდა არასამთავრობო სექტორს, მაგრამ საზოგადოებაში საერთოდ არანიარი დამოკიდებულება არ იყო და შესაბამისად, გახარიას შემთხვევაში ეს პრობლემა არ დგას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„საკმაოდ დამუხტული მინისტრია. ისეთი მკაფიო პიროვნებების გუნდს თუ გააკეთებს ივანიშვილი, რომელთა მიმართ საზოგადოებაში არის მაღალი ნდობა, მერწმუნეთ, რომ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ისევ გახარიას და კახიშვილს დავუბრუნდები, კახიშვილმა დაიწყო თუ არა მოღვაწეობა ერთ–ერთ უმძიმეს სეგმენტში, როგორიც არის ციხე, გადადგა თამამი, ჰუმანური და პოზიტიური ნაბიჯები, რითაც მოიპოვა ის სახელი, რომ დღეს ასე ადვილად ვამბობთ მასზე კარგს. გახარია პოლიციაში არასოდეს ყოფილა, ეკონომიკის სპეციალისტია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას შეუძლია ამ ადგილზე მუშაობა. ვიმეორებ, ორივე ეფექტური ადამიანია“, – ამბობს პოლიტოლოგი.

საყვარლიძე ამბობს, რომ პროფესიონალი კადრების მოკრეფა პრობლემა არ არის, პრობლემა არის ნიჭიერების მოკრება. მისი თქმით, პროფესიონალიზმის პრობლემა აქვს მთავრობას.

„თავის დროზე ივანიშვილი იძახდა მთავარი ნიჭიერება არისო და ამ დროს ივანიშვილის გარემოცვაში ძალიან ბევრი უნიჭო აღმოჩნდა. თუმცა, ნიჭირებიც არიან, რომლებზედაც უკვე მოგახსენეთ. კახიშვილი, გახარია, სერგეენკო, რომლებმაც სისტემა შეცვალეს უმტკივნეულოდ და საგრძნობი ცვლილება გააკეთეს, ამავე დროს თავს არ არიდებენ კითხვებს და კითხვებს ყველა საკითხზე უსვამენ. რაღაცა ასეთი დაბალანსებული, სერიოზული და ნიჭიერი ადამიანებია საჭირო. კახიშვილი ეს არის კადრი, რომელსაც შეუძლია რთულ სიტუაციებში სწორად მოქმედება, რაც გვანახა ციხის შემთხვევაში.

უზარმაზარი სეგემენტებია, რომლის მართვის პროფესიონალიზმი შეიძლება მხოლოდ პროფესიონალმა შეაფასოს, მაგრამ ერთი რამ ჩანს, ამ ხელისუფლების პირობებში თუ ვინმე არის მზარდი, თუ ვინმეს მიმართ იგრძნობა პროფესიონალიზმი და მიღწეულიც ბევრი აქვს, ეს კახი კალაძეა. ფეხბურთელი, რომელიც ძალიან ნიჭიერი და მუშა ადამიანია, რომელსაც სადაც დააყენებ, შედეგს დებს. ვუბრუნდები ივანიშვილის ადრინდელ შეფასებას, ნიჭიერ ადამიანებზე, ამიტომ, რაც მეტი ნიჭიერი ადამიანი იქნება, მით უკეთესი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

როგორი უნდა დაკომპლექტეს ახალი მთავარობა, ამის შესახებ საუბარი უჭირს კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს, რომლის განცხადებით, მთავრობას აკომპლექტებენ რაღაცა იდეის და მიზნის მისაღწევად, შესაბამისად, ჯერჯერობით მისთვის ცხადი არ არის რა და როგორ უნდა მთავრობას.

„თუ მთავრობის დაკომპლექტებაზეა ლაპარაკი, პირველ რიგში აუცილებელია ივანიშვილი გადმობრძნდეს პარტიის თავმჯდომარის სავარძლიდან და გადაბრძანდეს პრემიერის სავარძელში. შემდეგ გუნდს როგორ დააკომპლექტებს, წარმოიდგინეთ, რომ ეს უკვე მეორეხარისხოვანია. სანამ სახელისუფლებო ვერტიკალი არ იქნება გამართული, არ და ვერ იმუშავებს ეს ხელისუფლება, პირველ რიგში ამის გაცნობიერება სჭირდებათ.

ტყუილად არ წერია კონსტიტუციაში – სამთავრობო პროგრამა. ანუ, რა მინისტრთა კაბინეტი გვინდა– სამეურნეო თუ პოლიტიკური. ამ ორ ცნებას შორის ცა და დედამიწაა განსხვავება. თუ მენეჯმენტს ვაკეთებთ, როგროც ბატონ ივანიშვილს უყავარს საუბარი, მენეჯმენტი სამეურნეოა. ამ ლოგიკით გამოდის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პოლიტიკის განმხორციელებელი არავინ არ არის. თუ მთავრობა სამეურნეოა, მაშინ ვინ უნდა აღასრულოს პოლიტიკა, ეს არავინ იცის. ამიტომ ამაზე უნდა ჩამოყალიდნენ და დალაგდეს პრიორიტეტები“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით, მთელი ეს სისტემა უნდა მოვიდეს მწყობრში და ერთმანეთთან შესაბამისობაში, როდესაც ხელისუფლების ერთი ნაწილი სინქრონულად მუშაობს ხელისუფლების სხვა განშტოებებთან, ეს არის პრობლემა.

„აქ არის ყველაფერი ერთამენთში არეული. მინისტრების ცვლილება აუცილებელია, ცვლილების მიზანიც ის უნდა იყოს, რომ გაჩერებული საქმეები წინ წამოწიონ. მაგრამ ჩვენ არ ვიცით რატომ ანთავისუფლებენ ერთ მინისტრს და რატომ ნიშნავენ მეორეს. ზოგადი ფრაზა, რომ ახალი სისხლი სჭირდებათ, არ არის სერიოზული. გულწრფელად გეუბნებით, არ ვიცი ვინ არის ლევან კობერიძე, შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარე კარგია, მაგრამ პარლამენტი ვარგა? თავის ფუნქციას ასრულებს? პარლამენტი არის წყარო მთავრობის დაკომპლექტების? – არა.

პარლამენტი უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების წყარო. ჩემთან ერთად, ან ჩემზე 5 წუთით ადრე არ უნდა გებულობდეს ვინ იქნება პრემიერი, ან რა გადაადგილება იქნება მთავრობაში. არ ვარგა ეს. სისტემა ასე ვერ იმუშავებს. რამდენიც არ უნდა ცვალოს ივანიშვილმა პრემიერ–მინისტრები, სამწუხაროდ არაფერი გამოვა, ყველაფერს აქვს საზღვარი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.